დასაქმებულ ქალთა შევიწროების ფაქტები ყველაზე ხშირი ტექსტილის წარმოების სფეროშია - პროფკავშირები

ნანახია: 148
სრული ინფორმაცია

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, „პროფკავშირები“ სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს.

„საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამას არაერთი, მათ შორის, პროფკავშირების გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს. გაერთიანება სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს. ამასთან, აქტიურად არის ჩართული ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებსა და ღონისძიებებში. წელსაც, გაერთიანება 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს და თავადაც განახორციელებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ძალადობის აღმოსაფხვრელად ძალთა გაერთიანებაა აუცილებელი.

პრობლემა არის ისიც, რომ ბევრი ქალი ღიად არ ან ვერ საუბრობს საზოგადოების აღქმებისა და შეფასებების შიშით. თუმცა, ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მზარდია ქალთა მომართვიანობა პროფკავშირებისადმი. ორგანიზაცია აწარმოებს შესაბამის სასამართლო საქმეებსაც.

პროფკავშირების ინიციატივით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმის დღის წესრიგში შეტანილია შსო-ს მიერ მიღებული #190-ე კონვენციის რატიფიცირების საკითხიც. კონვენცია ადასტურებს, რომ ყველას აქვს უფლება ჩაერთოს შრომით საქმიანობაში ყოველგვარი ძალადობისა და შევიწროების გარეშე და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძალადობა და შევიწროება შრომის სამყაროში არის „ადამიანის უფლებების დარღვევა ან ბოროტად გამოყენება, ის საფრთხეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, მიუღებელი და შეუთავსებელია ღირსეულ სამუშაოსთან“.

კონვენცია ეხება ყველა დასაქმებულს, მათ შორის არაფორმალურ შრომაში ჩართულებს და იცავს დასაქმებულს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციაში, სადაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იმყოფება. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს დასაქმებულების დაცვას ასევე, მესამე პირებისგან (მომხმარებელი, კლიენტი, პაციენტი, ბენეფიციარი და ა.შ) მომდინარე ძალადობისა და შევიწროებისგან.

კონვენცია ”ძალადობას და შევიწროებას” განმარტავს, როგორც - „ქცევას, პრაქტიკებს ან მუქარებს, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ზიანის მიყენებას.

პროფკავშირების მიერ ტექსტილის წარმოების სფეროში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში, დასაქმებულ ქალთა 32,5% შევიწროების მსხვერპლია. ეს არის სექტორი, სადაც ასეთი ფაქტები ყველაზე ხშირია. თუმცა, სხვა სფეროებშიც მრავალი შევიწროების ფაქტი ფიქსირდება.

ამიტომ, შეგახსენებთ და მოგიწოდებთ, რომ დააჩქაროთ და დროულად დაუჭიროთ მხარი შსო-ს 190-ე კონვენციის რატიფიცირების პროცესს. ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ქალები, სამუშაო ადგილებზე, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცულნი იქნენ“,-აღნიშნულია „პროფკავშირების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."