„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად

ნანახია: 784
სრული ინფორმაცია

კრიტიკული მედიის საქმიანობა საქართველოში ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აღნიშნავენ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შესაძლო ცილისმწამებლური განცხადების გამო სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა.

„კრიტიკული მედიის საქმიანობა საქართველოში ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ბოლო წლებში არაერთი ნეგატიური მოვლენა თუ ტენდენცია ვიხილეთ: სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით კრიტიკული ტელევიზიების მფლობელობის ცვლილება, ჟურნალისტებზე ზეწოლის და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, მედიის მფლობელების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული ორკესტრირებული კამპანიები, რომელშიც პოლიტიკური ლიდერებიც აქტიურად არიან ჩართულები. ამჯერად კი გვინდა შევეხოთ მედიის საქმიანობის შეზღუდვის ახალ ტენდენციას, რომელიც კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოში სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადების გამო შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მაღალ რაოდენობას ეხება. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან.

დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, სადაც კანონში არსებული ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ასევე, საშიშია შემთხვევები, როდესაც მომჩივანი უშუალოდ ჟურნალისტს უჩივის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი პირადი ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვის კუთხით მედიის საქმიანობის შეფასება თვითრეგულირების ფარგლებშიცაა შესაძლებელი. მათივე შეფასებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები თვითრეგულირების მექანიზმის ნაცვლად, სასამართლოს გზას მიმართავენ აქტიურად.

„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შესაძლო ცილისმწამებლური განცხადების გამო სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობა.

ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია საუბრობენ არსებულ მედია კანონმდებლობაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე. უფრო მეტიც, ხელისუფლება მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება - მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ან მათთან აფილირებულმა პირებმა ამ კუთხით არაერთი საკანონმდებლო პაკეტი თუ ინიციატივა მოამზადეს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მაგალითად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საფარქვეშ ხელისუფლება კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიაზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტის შემოღებას ცდილობდა.

გამოხატვის და მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური და კონვენციური უფლებაა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით ფართოდ არის დაცული. ცილისწამების დეკრიმინალიზება საქართველოში ჯერ კიდევ 2004 წელს მოხდა. კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამყარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი პროგრესული პრეცედენტებითაც. თუმცა, სამწუხაროდ, საერთო სასამართლოების ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებები სერიოზულ კითხვებს ბადებს შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ, განსაკუთრებით ხელისუფლების ოპონენტების ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას: შეწყვიტოს საკუთარი გავლენების გამოყენება სასამართლო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რაც მედიის შევიწროებას თუ მათზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად; შეაჩეროს კოორდინირებული სარჩელების წარდგენა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რომელიც არ ემსახურება დაზარალებული პირების უფლებების დაცვას, არამედ, მიმართულია მედიაზე ზეწოლის მოსახდენად; ამასთან, აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმა არ გაიზიარონ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს და აუარესებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალ სტანდარტს; სასამართლო გათავისუფლდეს გარე და შიდა გავლენებისგან. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებთან მიმართებით დაცვის მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა არ უნდა გაუარესდეს.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."