ქიმია ჩვენს სხეულში

ნანახია: 951
სრული ინფორმაცია

ელენე ჟღენტი/ბოლნისი


2019 წლის 1 აპრილიდან საქართელოში შემოღებული აკრძალვის თანახმად, წესით აღარ უნდა ხდებოდეს პლასტმასას პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.


მაშინ რას მივაწეროთ ის გარემოება, როდესაც  სახელმწიფოს მხრიდან შემოღებული აკრძალვა პრაქტიკაში არ იქნა აღსრულებული და ის მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ დოკუმენტად დარჩა?


ვერ ამიხსნია, ამით სახელმწიფოს ვინმეს თვალის ასახვევად სჭირდებოდა მსგავსი აკრძალვის შემოღება თუ რეალურად სურდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოგვარების დაწყებისათვის?!


ფაქტი კი ერთს ნათლად აჩვენებს, რეალურად  ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელსაც მხოლოდ საჩვენებელი დატვირთვა აქვს და არა პრობლემის შემცირების ეფექტური გზების შემოთავაზებისა.


ხშირად შევხვედრივარ თვალისთვის სასიამოვნო სურათს, ჩვენი ქვეყნის  სხვადასხვა ქალაქებში, ნაგვის ბუნკერების გვერდით მდგარ სხვადასხვა ფერით შეღებილ ბადისებრ დიდ ყუთებს, რომელიც პლასტმასას ბოთლებისთვის და სხვადასხვა საჭმლის კონტეინერებისთვის არის გამიზნული.


ერთი შეხედვით აღნიშნული სიახლე სახელმწიფოს მხრიდან უნდა აღიქმებოდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად, პლასტმასის მოხმარების შემცირებისა და საზოგადოებაში ნარჩენების დახარისხების კულტურის დანერგვის მხრივ, აგრეთვე საზოგადოებაში პლასტმასასადმი დამოკიდებულების შეცვლის თვალსაზრისით, მაგრამ მეორე მხრივ, შემზარავია ინფორმაცია, როდესაც გესმის, რომ ამ ყუთებს ისევ იმ ნაგავსაყრელზე სცლიან, სადაც ყველა სხვა ნაგავს.


თუმცა,  ვიქნები ობიექტური და  ვახსენებ რუსთავის მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯს, ქცევითი მეცნიერებისადმი დამოკიდებულების შესახებ და პლასტმასას ნარჩენების მართვის სრული ციკლის შესაქმნელად, . ამ ქმედებით ის საქართველოს პირველი ქალაქია, სადაც პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების სრული ციკლი დაინერგა.


უფრო თუ დავკონკრეტდებით, ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად ქ. რუსთავმა შეძლო ნარჩენების მართვის ჯაჭვში არსებული ხარვეზების გამოვლენა, თითოეული ეტაპის შესწავლისა და გაანალიზების გზით - მოქალაქეთა დამოკიდებულებიდან შეგროვების სისტემის გაუმართაობამდე. ამის საფუძველზე შემუშავდა პლასტმასას ნარჩენების მართვის ადგილობრივი მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს რუსთავს ყოველწლიურად 4,221 ტონა ნარჩენი პლასტმასი ადგილობრივ საწარმოში გადაამუშავოს. აქამდე, ნარჩენი პლასტმასას ეს  საკმაოდ დიდი რაოდენობა ადგილობრივ ნაგავსაყრელზე ილექებოდა. 


„ერთი შეხედვით შეიძლება ვერ მიხვდეთ, რა საერთო აქვთ ისეთ ნივთებს პლასტმასასთან, როგორებიცაა კბილის ჯაგრისი, საბურავი, სიგარეტი და ფეხსაცმელი. კარგად თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს საგნები მცირე ან დიდი რაოდენობით შეიცავენ სასწაულებრივ მასალას - პლასტმასას“ – ლორი კათბერტის ეს სიტყვებიც საკმარისია იმისთვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ირგვლის არსებულ პლასტმასას სამყაროს.  


ქიმია ჩვენს სხეულში


ძალიან მწყდება გული როდესაც ყოველ ნაბიჯზე ვაწყდები ადამიანებისგან დაუკვირვებელ და გაუცნობიერებელ ქცევებს, პლასმასათი და ზოგადად ნარჩენებით ქუჩების, სკვერების, ტყეების, მდინარეების, ხეობების და ჩვენს ირგვლივ ყველაფრის დაბინძურებას.


ხშირათ უფროსი ადამიანები აძლევენ უმცროსებს ამ მხრივ ცუდად მოქცევის მაგალითებს.


   დასასვენებელ სკვერებსა და ბაღებში გასული ოჯახის წევრები სხედან სკამზე, იქვე ახლოს ბავშვები დარბიან და შეყურებენ მშობლებს თუ როგორ შეექცევიან პლასტმასას ბოთლებით გამაგრილებელ სასმელს და პლასტმასას შემცველი შეფუთვით პროდუქტებს:  ნაყინს, საყვარელ ტკბილეულს და სხვ; შემდეგ კი ნარჩენს, ნაცვლად იქვე არსებულ ნაგვის ურნაში ჩაგდებისა, რომელსაც სულ მცირე სკამიდან წამოდგომა და მისვლა სჭირდება, ამჯობინებენ მოისროლონ და მოსანელებლად სთავაზობენ დედამიწას.


  ან კიდევ ოჯახი, რომელიც გამოირჩევა თავისი სახლის, ეზოსა და  საკარმიდამო ნაკვეთის იდეალური სისუფთავით და როგორც ჩანს, ამაში დიდ შრომასა და ენერგიას ხარჯავს, გადაწყვეტს მანქანით წავიდნენ ერთად და ის იყო თვალსაც არ მოშორებულიყვნენ, როდესაც საჭესთან მჯდომმა მამამ ჩაწეული ფანჯრიდან  დაკუჭულ სიგარეტის კოლოფს, ზედ მოაყოლა მინერალური წყლის პლასტმასას ბოთლიც, ბავშვმა კი ტოლი არ დაუდო მამას და საღეჭი რეზინის ფოჩიც დაუმატა.



სულ ვფიქრობ რა არის  XXI საუკუნის ადამიანში გამომწვევი ის ფაქტორები, როცა შეიძლება ასე მოიქცე?


„თუ ადამიანს სურს ჰქონდეს სუფთა სინდისი, ის უნდა ისწრაფოდეს ნაგვისგან თავისუფალი საზოგადოებისკენ. ის ბუნების სტუმარია და შესაბამისად უნდა მოიქცეს. ,, მფლანგველი საზოგადოება” არ უნდა იქნეს მიღებული. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ყველაზე დიდი მავნებელი, რომელსაც კი ოდესმე გაუნადგურებია და გაუკაცრიელებია ეს დედამიწა. ადამიანმა უნდა დაიხიოს თავისი ეკოლოგიური საზღვრების მიღმა, რათა დედამიწამ შეძლოს რეგენერიზაცია“- ფ. ჰუნდერტვასერი.



„არ ვიცი, ის რამდენად იყო განსაზღვრული, რომ პლასტმასის პირველ ნიმუშებს სპილოს ძვლისა და აბრეშუმის იმიტაცია უნდა ჰქონოდა და თავდაპირველ ბაზარზე მხოლოდ პატარა ნიშას დაიკავებდა, თუმცა ბუმი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პვქ - ის შექმნისთანავე დაიწყო.


თანამედროვე სამყაროში პლასტმასასთან უფრო ხშირი შეხება გვაქვს, ვიდრე საყვარელ ადამიანებთან. პლასტმასა ყველგანაა: ჰაერში, წყალში, მიწაში. ყოველწლიურად 400 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა იწარმოება.


პლასტმასა - ამ სიტყვით აღნიშნავენ სინთეთიკური წარმოშობის იმ მასალების ჯგუფს, რომლებიც მიიღება ბუნებრივი წიაღისეულის - უმეტესწილად ბუნებრივი აირისა და ნავთობის - პოლიმერიზაციის სახელით, ქიმიური რეაქციის შედეგად.


სამყაროს დაპყრობა ასე მცირე დროში არავის გამოსვლია. პირველი ხელოვნური შენაერთი წარმოდგენილ იქნა 1862 წელს. მას „პარკსინი“ უწოდეს - მისივე შემქმნელის, ალექსანდერ პარკსის პატივსაცემად, რომელმაც ეს ნივთიერება ცელულოზიდან მიიღო.


ყველაზე მნიშვნელოვანი პლასტიკური მასები კი 1850 - დან 1950 წლამდე პერიოდში შეიქმნა. მას შემდეგ პროდუქტები თანდათან იხვეწება, უმეტესწილად შხამიანი დანამატების გამოყენებით.


ცოტა ვიცით ზიანზე, რომელსაც პლასტმასას წარმოება ადამიანის ჯამრთელობას აყენებს, დაწყებული წიაღისეულის მოპოვებით, დამთავრებული მზა პროდუქტის ლიკვიდაციით.



1907 წელს ლეო ჰენდრიკ ბაკელანდმა შექმნა ბაკელიტი – პირველი ხელოვნური შენაერთი, რომელიც ბუნებაში არსებულ არცერთ მოლეკულას არ შეიცავდა. ბაკელიტი- გამძლე და სიცხემედეგი მასალა, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა, როგორც იზოლატორი.


ხუთი წლის შემდეგ, ფრიც კლატემ დააპატენტა ხელოვნური შენაერთი, სახელწოდებით პოლივინილქლორიდი, შემოკლებით პვქ ან ვინილი და  1950-იან წლებამდე პლასტმასებს ბაზრის მოკრძალებული ნიშა ეკავათ.


პვქ-ის მასობრივი წარმოების მიზეზად იქცა აღმოჩენა, რომ მისი მიღება ქიმიური მრეწველობის ნარჩენი პროდუქტისგან იყო შესაძლებელი. მწვავე ტუტიის მიღებისას წარმოქმნილი ქლორი საამისოდ შესანიშნავი საბაზისო მასალა გამოდგა.


პლასტმასის წარმოების ბუმს უდავოდ ხელი შეუწყო მისმა მაშინდელმა იმიჯმაც: პლასტმასას მოდურად, სუფთად და თანამედროვედ მიიჩნევდნენ. მან ბაზრიდან განდევნა ტრადიციული რესურსები და თანდათან ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეიჭრა.


ახლა ის გლობალიზაციის მანქანა და რეგულაციებისგან თავისუფალი გვიანდელი კაპიტალიზმის განსახიერებაა - სისტემისა, რომელიც მოგების სანაცვლოდ ადამიანის და გარემოსდაცვითი ხარჯების ექსტერნალიზაციას ახდენს.


პლასტმასაში შემავალი ქიმიური დანამატები სხვა ბევრ ზიანთან ერთად, დროთა განმავლობაში, გამოყოფას იწყებს და ჰაერს ერევა.“



იმ დროს, როდესაც XXI საუკუნეში ვიმყოფებით და ცხოვრების დონემ განვითარების პიკს მიაღწია, როგორც ჩანს პლასტმასას გამოყენებისაგან სამუდამოდ თავის დაღწევა შეუძლებელი გახდა, მისი მავნე მახასიათებლების მიუხედავად ის  ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს.


გამოსავალი, თუ კარგად დავაკვირდებით უნდა ჩანდეს ბიოდეგრადიერებადი ალტერნატივების ხარჯზე პლასტმასას გამოყენებასა და წარმოების  მაქსიმალურ შესუსტებაში.  ამ მხრივ ყურადღებას იქცევს:  გორში ახლად გახსნილი ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო. კომპანია „ეკო ჯორჯია“ სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეა, რომელსაც გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა ერთ ლარად გადაეცა. საწარმოს წარმომადგენლის თქმით, ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები, არამედ მისთვის საჭირო ნედლეულიც მზადდება.

 „ტენე“ ,,საქართველოს ბანკის“ პროექტის ნაწილია – პირველი ქართული USB კაბელი და პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში – მის წარმოებაში ის გადამუშავებული პლასტმასა გამოიყენება, რომელიც ბუნების დასუფთავების შედეგადაა მიღებული.


„მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგა და შენი იდეის განხორციელება დაიწყო. პრობლემები აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ გზადაგზა ყველაფერს მოაგვარებ და უფრო მეტ ცოდნასაც მიიღებ. შესაბამისად, მთავარია დაიწყო და არ გაჩერდე“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს დამფუძნებელი.“

და ბოლოს Plasticwatcher-ი ასევე ,,საქართველოს ბანკის“ პროექტის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია – გამორჩეული საკომუნიკაციო მანერით და დახვეწილი დიზაინით. რაც ყველაზე მთავარია ეკო-მეგობრული.



„საქართველოს ბანკის დახმარებით ჩვენ შევძელით შეგვეძინა სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ნებისმიერი წარმოების ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიეთილენის და საოჯახო ნარჩენების გადამუშავების შედეგად, ვქმნით მდგრადი მოდის ნივთებს ცირკულარული ეკონომიკის საფუძველზე- ეს ნივთები უნიკალურია, არ აქვს ანალოგი. ბაზარზე Plasticwatcher-ის გამოჩენას ყველა დიდი სიყვარულით შეხვდა. ჩვენ კი ყოველდრიურად ვცდილობთ განვითარდეთ, გავიზარდოთ, სხვადსხვა ნივთები დავამატოთ წარმოებას და ასე ავაცილოთ პოლიეთილენის ნარჩენები დედამიწას. ნელ-ნელა საერთაშორისო ასპარეზეც გავდივართ – სხვადასხვა კონკურსებში ვიღებთ მონაწილეობას, ამის პარალელურად ჩვენი ცნობადობა იზრდება. მალე გვექნება ვებ-გვერდი, სადაც ჩვენი პროდუქციის ონლაინ შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი. მთავარი კი ის, არის, რომ ნარჩენებისაგან შექმნილი ბრენდი აჯანსაღებს და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის სამყაროს.“ – ამბობს ეკა ასათიანი, plasticwatcher-ის დამფუძნებელი.


მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა,  წამოიწყო ბიზნესი, შექმნა ეკომეგობრული პროდუქტი  და ამ გზით იზრუნო გარემოზე.


ასე რომ,  სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს პლასტმასისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა მისი სწორად, ეფექტურად  და ესთეტიკურად გამოყენების თვალსაზრისით, ამით კი უდავოდ გადავარჩენთ გარემოს დაბინძურებისგან და  დავიცავთ მთელ ჩვენს პლანეტას!


ამრიგად, მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკის შემქნელებისგან და ჩამოაყალიბონ შესაბამისი მექანიზმები, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხისადმი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას პლასტმასის და მათი მომწამვლავი დანამატებისგან ჯამრთელობისა და ზოგადად ეკოსისტემების გადარჩენისთვის.


თუმცა, რომ არ დაველოდოთ ვინმეს, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული,  ნუ გადავდებთ ხვალისთვის იმას, რაც შეგვიძლია დავიწყოთ დღეს, ეს კი სამოქალაქო თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ამაღლების გარეშე ვერ მოხდება, ჩემში ყოველივე  ამის ღრმად გაცნობიერების შედეგად მივხვდი, რომ შეუჩერებლივ უნდა მემოქმედა და შევქმენი ჩემი სამი ნაბიჯი ეკომეგობრულობისკენ:


       1. იყავი მონაწილე და არა მაყურებელი - სკოლა, სადაც მე მიწევს სწავლა გარდა იმისა, რომ თავადაა ავტორი, აგრეთვე აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვით ღონისძიებებში, მაგ: ნიკო კეცხოველის სასკლოლო პრემია, საწარმოს „მწვანე საჩუქარი“ პროექტებში და სხვ.  მე, როგორც ამ სკოლის მოსწავლე ბევრი სხვადასხვა პროექტის ავტორი ვყოფილვარ და მათ შორის ერთ - ერთი წარმატებული პროექტი სწორედ პლასტმასას ნარჩენების გამოყენებით განვახორციელე,  ჩემივე სკოლის ბავშვების ჩართულეობით გახდა შესაძლებელი შეგვეგროვებინა ჩვენს ირგვლივ მიმოფანტული პლასტმასა, ამით კი შევძინეთ მას ახალი სიცოცხლე,  ბევრი სხვადასხვა მრავალჯერადი გამოყენების ნივთები დავამზადეთ. ამით პროექტმა დიდად შეუწყო ხელი პლასტმასას შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მისადმი ადამიანის მხრიდან გარკვეული დამოკიდებულების შეცვლას.  ეს იყო პირველი ნაბიჯი.


       2. იმოქმედე და დაელოდე შედეგებს -ასევე ჩავერთე CENN - ის მიერ ორგანიზებულ ვიზუალური ნამუშევრების სასკოლო კონკურსში - „ბუნების სტუმარი“, სადაც ჩემს მიერ შექმნილი პოსტერი 150 მონაწილის მიერ შექმნილ ნამუშევართა შორის სამეულში გამოვლინდა და მეორე ადგილის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. ამასთან ერთად, საჩუქრად გადმომეცა plasticwatcher-ის მიერ დამზადებული ბიოდეგრადირებული საწვიმარი ქურთუკი.  მივხვდი, რომ მე დავიმსახურე ვიყო გარემოს ეკო მეგობარი. 



       3. იფიქრე გარემოზე, რომელშიც ცხოვრობ -ჩემს მიერ აბსტრაქტულ პოსტერზე მუშაობის დროს არ მიფიქრია იმაზე, რომ ნამუშევარი გახდებოდა კონკურსის გამარჯვებული, ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე თუ როგორ გადმომეცა ის განცდა, რომელშიც ნათლად იქნებოდა წარმოჩენილი რა მდგომარეობაშიც იმყოფება დედამიწა.

და ნუ დაგავიწყდება - მსოფლიო იმას ეკუთვნის, ვინც მას ძერწავს. რაც უნდა გაურკვევლად გრძნობდეს დღეს ის თავს, დამაიმედებალი ალბათ ისაა, რომ ყოველი ახალი თაობა წინაზე მეტს ქმნის - შექმენი შენც!


(წყარო: მოძრაობა „დაიხსენი თავი პლასტმასისგან” და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ შექმნილი პლასტმასის ატლასის პირველი საერთაშორისო ვერსია.)






    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."