„სამართლიანი არჩევნები” საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ინტერესებს იცავს

ნანახია: 723
სრული ინფორმაცია

„სამართლიანი არჩევნები” საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ინტერესებს იცავს հայերեն լեզվով




სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განათლების სისტემაში მიმდინარე დირექტორების შერჩევის პროცესს უწყვეტად ადევნებს თვალს და ჩართულია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა უფლებების დაცვის პროცესში.

2022 წლის 20 ოქტომბერს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდა გამოცხადდა, რომლის მიზანი საჯარო სკოლებში არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე სერტიფიცირებული დირექტორების არჩევა იყო. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი ორი ეტაპისგან შედგებოდა: წერითი გამოცდა და გასაუბრება. სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვა მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მიზანი მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა იყო, გასაუბრების ეტაპს კომისიების გადაწყვეტილებებით გამოეთიშნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებსაც ტესტირებაში  მაღალი შეფასებები ჰქონდათ მიღებული, ან/და ისეთები, რომელთაც აქვთ, მრავალწლიანი, მათ შორის დირექტორად მუშაობის, გამოცდილება.

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა კანდიდატებთან  გასაუბრების ოქმები. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოეხდინათ პროცესის მიმდინარეობაზე. მათ შორის, ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა; გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, უმეტეს შემთხვევაში პროცესი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.

სამინისტრომ მსგავსი მიდგომა დირექტორების შერჩევის შემდეგ ეტაპზეც გააგრძელა, კერძოდ, სერტიფიცირებული, სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატები დაუსაბუთებლად არ წარადგინა სკოლებში, სამეურვეო საბჭოს წინაშე, ასარჩევად. „სამართლიანი არჩევნები” კონკურსის ამ ეტაპზე უფლებადარღვეულ პირთა ინტერესებსაც დაიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს. რიგ შემთხვევებში, სახეზეა კონკურსის გამოყენებით დამსახურებული სკოლის დირექტორების განდევნა სისტემიდან. სამეურვეო საბჭოებისთვის კანდიდატების წარუდგენლობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და იწვევს უკმაყოფილებას სასკოლო საზოგადოებაში, რაც არ პასუხობს მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებს. შეაბამისად, ,,სამართლიანმა არჩევნებმა” სამინისტროს უკვე მიმართა ინფორმაციისთვის, რომელზე პასუხების მიღების შემდეგ ორგანიზაცია კონკურსის შესახებ სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

 

* * *

„სამართლიანი არჩევნები” დიდი ხანია, აკვირდება საჯარო სკოლების დირექტორთა გათავისუფლება-არჩევის პროცესებს, რა დროსაც საჯარო სკოლების პოლიტიზების სერიოზული პრობლემები გამოვლინდა.

ორგანიზაციის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოფილი დირექტორები „სამართლიან არჩევნებთან” საუბარში აცხადებდნენ, რომ ისინი წარმატებულ დირექტორებად ითვლებოდნენ და სამინისტროს მიერ მოულოდნელად, დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და დისკრიმინაციული იყო. მეტიც, დირექტორები მიუთითებდნენ სამინისტროს მხრიდან მიღებული სამადლობელი წერილისა თუ ჯილდოს შესახებ, რაც მათ მიერ ხარისხიანად შესრულებულ საქმიანობას უკავშირდებოდა. მათი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან მათ შესახებ უარყოფითი შეფასება, რომელიც მათ გათავისუფლებას დაედებოდა საფუძვლად, შეუძლებელია არსებულიყო. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ არსებობდა ერთგვარი „არასასურველი“ დირექტორების კატეგორია, რომელთა გამორჩევის საფუძელი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იყო.

2022 წელს ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან” ერთად, გამოაქვეყნა მამხილებლის მიერ მოწოდებული ფაილების გაანალიზების შედეგად მომზადებული კვლევა. მამხილებლის მიერ მოწოდებულ, სავარაუდოდ, 2020 წელს შედგენილ დოკუმენტში საჯარო სკოლების დირექტორების დახასიათებები იყო მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, დირექტორების შეფასებას ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, მმართველი პარტია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებდნენ. ამ დოკუმენტების მიხედვით, სწორედ ის დირექტორები იყვნენ უარყოფითად შეფასებული, რომლებიც 2020-2021 წლებში სამინისტრომ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებად არ დანიშნა.

არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დირექტორთა შესარჩევ კონკურსში კანდიდატები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ფასდებიან და არა მათი კვალიფიკაციის, მოტივაციისა და გამოცდილების საფუძველზე, რითაც უგულვებელყოფილია სასკოლო განათლების პროცესის გაჯანსაღების ინტერესი.

„სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

info@isfed.ge

0 800 100 143

ზარი უფასოა.




    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."