„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი ნინო დოლიძე მთავრობის მხრიდან „ISFED“-ის დევნასა და ზეწოლაზე საუბრობს

ნანახია: 180
სრული ინფორმაცია

ბრალდება, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მონაწილეობის მიღება მთავრობის ფორმირებაში, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი და არც მოთხოვნა გამოუხატავს ამ ნაწილში, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა სამუშაო ჯგუფში ორგანიზაციის „დაბლოკვაზე“ და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „შერჩევითი და დისკრიმინაციულია“.

დოლიძე მთავრობის მხრიდან „სამართლიან არჩევნებზე“ დევნასა და ზეწოლაზე საუბრობს.

დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეასრულოს 12 პუნქტიანი ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს წარუდგინა.

„აქ, ერთ-ერთი მთავარი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა და სწორედ ამ მიზნით „სამართლიანმა არჩევნებმა“ გადაწყვიტა სხვა ორგანიზაციებთან ერთად სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიეღო, სადაც გვსურდა, რა ცოდნა-გამოცდილებაც გაგვაჩნია ამ მიმართულებით, გამოგვეყენებინა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და რეალურად გატარებულიყო ისეთი რეფორმა, რომელიც დადებით შეფასებას მიიღებდა ევროკომისიისგან, საარჩევნო ნაწილში.

რაც შეეხება ამ სამუშაო ჯგუფში ჩვენი ორგანიზაციის დაბლოკვას, თუ არ მიღებას ვფიქრობ, რომ იყო შერჩევითი და დისკრიმინაციული. სხვა ორგანიზაციებთან არა, მხოლოდ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჰქონდათ მოთხოვნა, რომ გაემიჯნება თუ არა აქციებს და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ განცხადებებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამოქალაქო ორგანიზაციები აქციებზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის ერთად ვიდექით, იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მონაწილეობის მიღება მთავრობის ფორმირებაში, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი და არც მოთხოვნა გამოუხატავს ამ ნაწილში.

აქციებზე სამოქალაქო ორგანიზაციები ერთად ვიდექით და მხოლოდ „სამართლიან არჩევნებთან“ მიმართებით ეს მოთხოვნა არის დისკრიმინაციული. ვფიქრობ, არამხოლოდ დისკრიმინაციულია, არამედ ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც გრძელდება ეს მოთხოვნა ვფიქრობ, რომ არის დევნა და ზეწოლა ჩვენს ორგანიზაციაზე“, -განაცხადა დოლიძემ.

ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ორგანიზაციისადმი მმართველი პარტიის შენიშვნების მიზეზი უკავშირდება 2020 წლის არჩევნების და PVT-ს დროს გამოვლენილ შეცდომას, რასთან დაკავშირებითაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ განმარტება გააკეთა და შეცდომაზე მაღალი პასუხისმგებლობა აიღო, რაც გულისხმობს დირექტორის ცვლილებას.

„ორგანიზაციამ შეცდომა აღიარა, თუმცა დირექტორი შეიცვალა, ამის მიუხედავად PVT-სთან დაკავშირებით მაინც გრძელდება იგივე ბრალდებები, თუმცა მმართველმა პარტიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო შეცდომა და არ იყო არანაირად მიზანმიმართული თუ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, - აცხადებს ნინო დოლიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რას ნიშნავს მაკონტროლებელი Watch Dog ორგანიზაცია, რომ ხშირად კრიტიკულები არიან და ამის გამო ორგანიზაციის დევნა მიუღებელი და წარმოუდგენელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„სამართლიანი არჩევნები“ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომლის გადაწყვეტილებებში ვერავინ ერევა და ცხადია, ორგანიზაციას არ გააჩნია პოლიტიკური არც აფილიაცია და არც ინტერესი. ჩვენი ინტერესია, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად, როდესაც არჩევნების დროს დარღვევები ხდება, ცხადია, ამის თაობაზე ვსაუბრობთ“, - აცხადებს დოლიძე.

მან უპასუხა კითხვას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას თვლის, თუ არა ორგანიზაციის მიკერძოებად.

„გადადგომის მოთხოვნას არ ვთვლით ნამდვილად მიკერძოებად, იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო აღმასრულებელ ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა აიღოს კონკრეტულმა ადამიანმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აქ რაიმე არაკონსტიტუციურ მოთხოვნაზე საუბარი არ იყო, ან კონკრეტულად „ქართული ოცნება“ პარტიის წინააღმდეგ საუბარი და არც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

როგორც ნინო დოლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან „სამართლიანი არჩევნებისადმი“ მტრული დამოკიდებულება მას შემდეგ იგრძნობა, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად თავად დაინიშნა.

ნინო დოლიძის თქმით, ამის მიუხედავად ორგანიზაცია ცდილობდა, რომ მმართველ პარტიასთან მაინც ეთანამშრომლა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."