სალომე ზურაბიშვილი - შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას

ნანახია: 283
სრული ინფორმაცია

შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ - უკრაინას და მოლდოვას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მიაღწიოს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამივე ქვეყანასთან მოლაპარაკებები გაიხსნას.

ამასთან, საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინას მათი ბრძოლისთვის "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის" და აღნიშნა,რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა და თავისუფლებაც არ იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში ევროინტეგრაციის პროცესში მედიის როლზე ისაუბრა და გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გახდეს "ჩვეულებრივი", რადგან ევროპა სწორედ ეს არის.

"ევროპა არის ის, რომ დღეს, ამ საღამოს, აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული, მოწვეული. არ ყოფილა გარჩევა რაიმე ორიენტაციით, თუ მიმართულებით. რაც შეიძლება სრულყოფილი სია შევადგინეთ. ამ სიაში ვინმე თუ არ არის, ეს ჩვენი შეცდომაა, არა განზრახ გადაწყვეტილება. მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ხართ ერთად. თუ რამე არის და რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის, რის მიმართაც, მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის - ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს სხვა წარსულს ეკუთვნის და აღარასდროს დაბრუნდეს დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრა, ერთნაირად ელაპარაკა.

ჩვენ, დღეს აქ ვართ შეკრებილი "ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში. თქვენი ყველას ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე ცხადია მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ყველამ ვიცით, რომ დიდი შანსია, იქნება პოზიტიური. ეს არის ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაგრძელოთ ამ გზაზე. მიიტანოთ მოსახლეობამდე, ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს რეალურად ევროპის კეთილდღეობა, ევროპის მიღწევები, ევროპული სტანდარტები, ეს არის ის, რაც თქვენ შეგიძლიათ, ვიდრე ჩვენ: მე, როგორც პრეზიდენტს ან პოლიტიკური სპექტრს. ეს არის თქვენი როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რადგან ერთი წელი გადამწყვეტი გვექნება. ეს ხომ გადამწყვეტია, შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს "ასოცირებული ტრიოდან" - უკრაინას და მოლდოვას. მათთან ერთად მივაღწიოთ იმას, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან, მოლაპარაკებები პირდაპირ და უშუალო გაწევრიანებამდე.

"მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ერთობლივი, ჩვენი, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

მინდა, ასევე, ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენამდე აქ მყავდა ახალგაზრდები. ახალგაზრდები , რომლებიც ჩვენ გვიყურებენ ძალიან დიდი იმედით, რადგან იციან,რომ მათი მომავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში. ამ ახალგაზრდებს თქვენ უნდა უძღვებოდეთ წინ. ახალგაზრდებს სჭირდებათ არა მხოლოდ იმედი, ასევე, ცოდნა, დანახვა, როგორია ეს გზა და როგორ გაიარონ. როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა. უცებ არ გადაწყვიტონ, რომ საზღვარგარეთ წასვლა ჯობია. ყველას შეუძლია რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან თავისუფლება ესეც არის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, მათთან ერთად მივაღწიოთ შედეგს", - მიმართა მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მედიას მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."