თეთრების და შავების სამყარო

ნანახია: 452
სრული ინფორმაცია

ორად გაყოფილი ქვეყანა, სადაც მთავრობა მოგერიებაზე, მოქალაქეები კი გაქცევაზე არიან

მარიკო წიქორიძე ბოლნისი

 ჩემს ქალაქში ნაკლები ნეგატივია, იმიტომ კი არა რომ ყველაფერი იდეალურადაა, სულაც არა  - ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არ გამოჩენილა ადამიანი, ვისაც ცხენი ,,ჰყავს შეკაზმული“, ვინც ხმამაღლა იტყვის სათქმელს და გადარჩება.

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და რაკი ჩემი მთავრი საქმე, ამ ცხოვრებაში მაინც წერაა , გადავწყვიტე დავწერო. გამგები კი მარტივად გაიგებს , რადგან შემოვლითი გზა არასდროს ყოფილა ჩემთვის გამოსავალი.

ქალაქში , სადაც ერთი დღითაც თუ მოხვდებოდით აუცილებლად წაიღებდით საგზლად რაიმე ძვირფასს- დღეს გარინდულია , ძვირფასში რა თქმა უნდა ოქრო არ იგულისხმება, ოქრო, რომელიც ყოველ კვირას ,,ბრონირებული“ მანქანებით ისედაც გადის და ამ ქალაქს გადათხრილი მთები და ტერასები რჩება, ძვირფასში სითბო, სიყვარული და განსაკუთრებული ყურადღება ვიგულისხმე.

დიახ, გარინდულია . ერთმანეთთან არ ვსაუბრობთ, რომ არ ვიჩხუბოთ, არ ვიჩხუბოთ სიკეთისა და ბოროტების მნიშვნელობაზე, არ ვიჩხუბოთ იმაზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გადაწყვვიტეს და ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურულ შედევრებში ჩადეს-ჩაწერეს, შემოგვინახეს და ბევრი რომ არ გვეწვალა, წაგვიკითხეს კიდეც.

დღეს მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბრებ, რომ კონტექსტში არ შემომედავოს ვინმე, მოდავებას კი იმდენი ბოტი, ტროლი, თუ კონკრეტულ თემაზე ,,გულშეწუხებული“ ეყოლება, რამდენიც გინდათ.

ქვეყნის გადმოსახედიდან ერთი მხრივ მიხაროდა, სულ ვამბობდი: ,,ჩემს ქალაქში ამას არ იკადრებენ, იმას არ იკადრებენთქო“,- ხანდახან მართლა შეიძლება არ იკადრონ, რაღაც მცირე, მაგრამ რაღაც მომენტში, შესაძლოა განგსტერული შოუ მოაწყონ შუა ქალაქში.

ერთხელ მითხრეს ,,ბოლნისი ისე გიყვარს, ვიწრო შოვინიზმი გჭირს. მის პლაზმაში ხედავ ყველაფერსო“. . . არადა, ჩემს ქალაქში იკადრეს უკრაინის ლანძღვა, ერთ მესიჯბოქსზე დასხდნენ ,,ტვინგატენილები“ და ყველა ინფოზე ,,აბა ომი გინდათ“ -ს აკაკუნებდნენ ისეთები ანბანს, რომ ვერ გეტყვიან თანმიმდევრობით.

თემა, რომელიც საერთოდ არ უნდა გამხდარიყო კამათის საფუძველი -გაშავდა, გახდა. თუმცა მადლობა ღმერთს, მარტო სოციალურ ქსელში , ისე კი ყველას ,,გულზე“ და ,,ქავერზე“, იმავე სოციალურ ქსელში,  უკრაინის დროშა ეყენა, ყველაფერთან ერთად ორმაგსტანდარტდამოკიდებულებიც გავხდით.

როცა სხვათაშორისობა და შუაშისტობა ურჩევნიათ, ძაანაც გამწარებულები, რაიმეს კომენტირებისას მაინც დააყოლებენ: ,,მე არც ქოცი ვარ და არც ნაცი, სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა“ , - გაგეღიმათ ხო? მეც სულ მეღიმება, არადა ყველაფერი ეს პოლიტიკაა - ყველა მასში ვართ და ყველას ჩვენი წილი წვლილი შეგვაქვს ცუდად ან კარგად.

ვინც კითხულობს ამ ტექსტს, არ მინდა დამოძღვრის განცდა დარჩეს, ბევრი რამ მინახავს და კიდე უფრო მეტი გამომივლია, მათ შორის ზეწოლა, პროფესიული დევნა, ოჯახის წევრების სამსახურებიდან გათავისუფლება- თავისუფალი აზრისა და საკუთარი საქმის კარგად კეთების გამო, ჩემი დედობის, მამობის და ბაბუა-ბებიობის გამოც კი აგებდნენ  პასუხს. ჩემს კოლეგებს და მეგობრებს კი ჩემთან ურთიერთობის, გამარჯობის თქმის ან კიდევ უფრო სასაცილო-გამოლაპარაკების გამო, ჯოჯოხეთის გავლა უწევდათ.

.2012 წელს მეგონა და პრინციპში, ბევრი არც არაფერი მეგონა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს მრუდე გზა ცოტათი გასწორდებოდა და ნახევრად წელში გასწორებული ქვეყანა მხრებში გაიშლებოდა , მაგრამ როგორც მიშა იტყოდა ,,ნურას უკაცრავად“.

რატომ ნურას უკაცრავად? აი, იმიტომ, რომ დღეს მთელი მთავრობა ,,Сам дуракс“-ს გვეთამაშება, აი იმიტომ, რომ კანონს ძალა არ აქვს, ხოლო ვისაც ძალა აქვს უკანონოდ გთხრის თვალებს, იფორმებს ტყეებს, ცვლის გადაწყვეტილებებს და ამდიდრებს მხოლოდ გუნდის წევრებს- რამე, ხომ არ გეცნოთ წარსულიდან? -ხოდა ეგაა ის, რატომაც ბლოგის ენით გესაუბრებით.

როგორც ჩვენი ბელადი იტყოდა; ,,მოდით ჩავუღრმავდეთ“, დავბრუნდეთ რეგიონში და ვნახოთ რა ხდება აქ- თავიდანვე ვიტყვი ,,განსხვავება თვალსაჩინოა“ და მადლობა ღმერთს! თუმცა სირცხვილი იქნებოდა ცენტრალურ მთავრობას აყოლოდა რეგიონი, მაგალითად თუნდაც ევროპის ლანძღვაში, როცა ნახევარი ქალაქი ევროპის ნაწილია. თუკი რამე გაკეთებულა, ევროკავშირის წილი იმხელაა ვერასოდეს, რომ ვერ გადავიხდით, ვისაც არ ახსოვს ან არ იცის, დაგუგლოს ინფრასტრუქტურული პროექტების უკან, რომელი ფონდები დგანან და მიხვდებით, რატომ იქნებოდა სირცხვილი.

იქ, სადაც სამარცხვინო ,,რიტორიკას“ აყვნენ , აგერ ერთი ხელის გაშვერაზე, არც თუ ისე შორს ჩვენი ქალაქიდან 25 კილომეტრში, მეზობელ ქალაქში ,,ქალთა უფლებადამცველებმა“ ქალებზე დაიწყეს ძალადობა.   ,,პირველი ევროპელების“-ს ქალაქში კი შუა ქუჩაში, ევროპული არჩევანის გამო, დედას  გაგინებენ და ცემით გემუქრებიან.

ჩემს ქალაქში კი სიმშვიდეა - ილია, რომ პეტერბურგიდან რამენაირად ამ გზით დაბრუნებულიყო ,,ელეგია“ სხვაგვარად მჭექარე იქნებოდა, რადგან აქაური სიმშვიდის შემყურე კიდევ უფრო დიდი რუდუნებით იტყოდა: ,, ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!“-ო.

ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ეს ძილი სჯობდეს არჩევნების დროს გამოფხიზლებას, თან როგორ გამოფხიზლებას, ხან ხიჩკოკის საშინელებათა ფილმის სცენარში რომ ვართ, ხანააც  სტივენ სპილბერგის მძაფრსიუჟეტიან განგსტერს რომ ვადევნებთ თვალს, მთელი თავის ,,ჩაცხრილვებით“, ქურდული გარჩევებით და რაც მთავარია, ხმის მიცემით დამსახურებული,  ფულის გაყოფით.

ამ ფილმს მეორე და მესამე სერია არ აქვს, არც  ,,ნათლიმამაა“ და არც ,,ბელა მაფია“, ერთ დღესა და ერთ ღამეში გვარდება, ისე, რომ დილით, გარიჟრაჟზე კურთხევასაც კი იღებენ მონაწილეები, ყველაფრის მშვიდობიანად დასრულებისთვის. თუ ვინმეს გული დაგწყდებათ ამ სიმართლეზე, ჩემზე ნუ გაბრაზდებით, პირიქით, დაჯექით და ერთი დიდი ,,მადლობა“ ამაზეც დაწერეთ, რომ მე მაინც გავბედე ამ სიმართლის თქმა. აი, ასე გამოიყურება ამ ქალაქში სიფხიზლე, თუმცა აკი ვთქვი- ცოტა ხნითთქო.

მერე ისევ მოდის 4 წლიანი, გრძელვადიანი სიმშვიდე. ,,ამისიანები“ და ,,იმისიანები“ უცებ ხდებიან ,,განათლებულები“, უცებ იკავებენ თანამდებობებს, ირგებენ სკამებს. . მერე კი მთავარი ამბავი იწყება: გაყრიან ,,მლანძღველებს“, დასაქმდებიან ,,მაქებრები“  ერთ ან სულაც ორ სამსახურში, დათანხმდებიან მესამეზეც კი, ოღონდ თვეში ერთხელ შევლით. მერე  ყველა ჩუმდება, ყველა კმაყოფილია. ცოტა ხნით ,,აღარავის უჭირს“, სანამ არ გაიგებენ მთავარ საიდუმლოს:  ,,სადაც დაასაქმეს, იქ ხელფასი 150 კი არა 350 ლარია“,-მართალია ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ რავარი ამვაბია 200 ლარის დაკარგვა? სულ არაფერში იღებდნენ 150 ლარს და კიდე 200-ს რატომ ვერ აიღებენ? გვარიშვილობა ჩამოერთმევათ თუ ვერ დათვლიან?- ასეთი სიმშვიდითაა სავსე ეს ქალაქი. თუ ვინმეს, რამე გეცნოთ ამ ტექსტში ჩემზე ნუ გაბრაზდებით, პირიქით , აქაც დაჯექით და მეორე  დიდი ,,მადლობა“ დაწერეთ, რომ მე მაინც გითხარით ის, რისი თქმაც ბევრმა ვერ გაბედა, რომ ასე არასდროს გეყოლებათ მადლიერი ვინმე, უმადური და მლიქვნელი კი ბევრი.

ჩემს ქალაქში ნიჭი ყველაზე მეტად ფასობს, ოღონდ სხვისი ნიჭი, აქაური ნიჭიერები სხვაგან გარბიან: ,,აბა რა უნდა შესთავაზონ, აქ ხომ მათი ნიჭის შესატყვისი ანზღაურება ვერ მოიძებნება“. აი ,,მოსულებისთვის“ კი მზადაა თანამდებობები, ცალკე სამსახურები და ათი ათასიანი ჰონორარებიც პროექტებში, რომლებსაც უბრალო მოკვდავები ვერ შევწვდებით,  ეგ ის კულტურაა ,,ჩარეცხილებიდან“ რომ ამორეცხეს და ,,რჩეულთა ამა ქვეყნისათა“  სიაში გაამწესეს. თუ ვინმეს, რამე გეცნოთ ამ ტექსტში ჩემზე ნუ გაბრაზდებით, პირიქით , აქაც დაჯექით და მესამე  დიდი ,,მადლობა“ დაწერეთ, იმისთვის, რომ მე მაინც გითხარით ის, რისი თქმაც ბევრმა ვერ გაბედა.

ვერ გაბედა ეთქვა, რომ ქალაქში, სადაც ლამის ყოველი მეათე ადამიანი სიმსივნითაა დავაადებული, ავადობის  ყველაზე დიდი მიზეზთაგანი  კომპანია მილიონებს სხვების ბენეფისებში ხარჯავს. ხარჯავს და მერე აპიარებს. არადა აქ თხრის, პოულობს და ყიდის,  ყიდის და მერე გვიშენებს განადგურებული კულტურული მემკვიდრეობის ნაცვლად მუზეუმებს, სადაც შესვლაზეც კი სხვას უნდა კითხო ნებართვა. მუშებს კი ,,ტრიკორაჩკების“ სამყოფ ხელფასს უხდის. მთავარი კი იცით რა არის? - რომ უხდის! რომ მუშაობს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ,,საწამლავში“ მუშაობაც კი სანატრელია. უნდა გაგიმართლოს და მოხვდე იმ მთავრ ,,პარტიულ სიაში“, რომ ჯერ არჩევნებში ,,ქვეყნისთვის სასიკეთო“ საქმე გაკეთებინონ, აი მერე კი დადგება დასაქმესბის რიგიც. ასეა ეს და თუ ვინმეს რამე გეცნოთ ამ ტექსტში ნუ გაბრაზდებით, პირიქით დაჯექით და მეოთხე მადლობა დამიწერეთ , რომ მე მაინც გავბედე იმის თქმა , რასაც ამ ქალაქში ყოველი მესამე, მეათე ან თუნდაც მეოცე ვერ ამბობს.

.ქალაქის მთებში კი თხრიან და პოულობენ, პოულობენ და ყიდიან, ამ ქალაქში რჩება დარდი და დიდი სიმშვიდე.ამ სიმშვიდის დამსახურებაა ისიც, რომ ,,უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას გვავალდებულებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ გავლენით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მთელი ქვეყნის სმაოქალაქო საზოგადოებაში განგაშია ჩართული, ჩემს ქალაქში კი ახლაც სიმშვიდეა. არადა განა ასეთი რთულია გადმოიღო წინა საარჩევნოდ, ,,წითელი ლენტით“ გახსნილი ობიექტები და დათვალო, რამდენი დაგიფინანსა მთავრობამ და რამდენი დონორებმა. ამ გადმოღებასაც ხომ დრო უნდა? მოფიქრება.

სწორედ ამიტომ ვცხოვრობთ თეთრებისა და შავების სამყაროში, სადაც მთავრობა მოგერიებაზე, მოქალაქეები კი გაქცევაზე არიან.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."