ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება

ნანახია: 1 040
სრული ინფორმაცია

სალომე აბულაძე, კაზრეთი


მე სალომე აბულაძე ვარ , ჟურნალისტი კაზრეთიდან. კაზრეთი უცილობლად უნდა მეხსენებინა, რადგან უკვე მეოთხე წელია, დაბის მცხოვრებნი წყლის შეზღუდული რაოდენობით სარგებლობენ:


წყალი დილით და წყალი საღამოს. არ გეგონოთ, ამ ტექსტის დაწერის მიზანი ჩივილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებში, მათ შორის - ჩემში, პროტესტის გრძნობას იწვევს ისეთი რესურსის ლიმიტირებული რაოდენობა, როგორიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყალია, ვეცადე პოზიტიურად შემეფასებინა მოცემულობა და აი ისიც ;


თუმცა მანამდე მცირე შესავლით უნდა გაგაცნოთ ისტორია, თუ როდიდან იწყება ფიქრი დედამიწაზე, როგორც პლანეტაზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ,როგორც დასაწყისი, ისე დასასრული.


XIX-XX საუკუნეები კაცობრიობისთვის გამორჩეულია. რატომ? დაიწყო ცხოვრების ახლებური წესით გარდაქმნა - მოხდა ინდუსტრიული რევოლუცია, რასაც ჩვენ მარტივად სამანქანო წარმოებაზე გადასვლას ვუწოდებთ. ანუ თუ აქამდე ხელით მუშაობდი, ახლა უკვე შენს საქმეს მექანიკური დანადგარი ასრულებს. ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა საზოგადობაზე, ეკონომიკაზე და მათ შორის - ბუნებაზეც.


ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება

რიგმა გამონაბოლქვმა საწარმოებიდან თუ სუპერპოპულარული მანქანებიდან ატმოსფეროს ტემპერატურის ზრდა გამოიწვია.


  • ალბათ, დააკვირდით, თუ როგორი ექსტრემალური გახდა ამინდი: ან ხანგრძლივ გვალვას ჰყავს მოცული ხმელეთი, ან წყალდიდობებს და შტორმებს. ამაზონის ჯუნგლებიც კი პოტენციურ სავანეებად ქცეულა.

  • იქნებ, თქვენს ყურადღებას არც ყინულოვანი მასების დნობა გამოჰპარვია, რაც ოკეანის დონეს საგრძნობლად მაღლა წევს და ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ნიდერლანდებს და მის მსგავს სახმელეთო სივრცეებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

  • საფრთხის ქვეშაა ჩვენი, ადამიანების ჯანმრთელობაც, ვინაიდან სმოგი, რომელიც, მაგალითად, თბილისის ცის განუყოფელ ნაწილად იქცა, სწორედ ერთ-ერთი მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასთმისა თუ კიბოს გაზრდილი მაჩვენებლის.


ზემოთხსენებული ფაქტები უფრო ინფორმაციულ დატვირთვას ატარებდა, რადგან მინდა ჩემმა მსმენელმა მეტ-ნაკლებად ზედმიწევნით იცოდეს, თუ რასთან გამკლავება გვიწევს ჩვენ და ჩვენს ბუნებრივ საცხოვრებელს - დედამიწას.


ჩემი მონოლოგი წყლით გავხსენი და წყალსვე მივუბრუნდები


კლიმატის ცვლილებამ, გინდ გლობალური დათბობა უწოდეთ, წყლის წრებრუნვა საგრძნობლად შეცვალა: ანუ იმაზე ბევრად მეტი წყალი ორთქლდება ბუნებაში, ვიდრე ეს აქამდე, ადამიანის ჩარევამდე იყო. ამის ნათელი მაგალითი ლისის ტბის დაშრობაა. ვაღიაროთ, კლიმატის ცვლილება ერთადერთი არა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ამ, რეკრეაციულ ზონაზე უარყოფითად იმოქმედა.


  • საბოლოოდ კი კლიმატის ცვლილების გააზრება ფატალური ხდება ჩვენთვის უფრო იმიტომ, რომ წყალი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი, მალე დეფიციტური გახდება. რაოდენ ირონიულია, არა? დედამიწის 70% წყალია და კვლავ ამ რესურსის დაზოგვა დღის წესრიგში დგას

  • ამასობაში ერთი საინტერესო ტერმინი - წყლის მენეჯმენტი აღმოვაჩინე. ის, რის გარეშეც დაბა კაზრეთის მცხოვრებთა რუტინა გარდაუვალია. როცა რაღაც შეზღუდული რაოდენობითაა, მის ფასსაც სწავლობ. ასე დამემართა მე, როცა დავდექი საჭიროების წინაშე, რომ წყალი ჭკვიანურად უნდა მოვიხმარო. გამომდინარე იქიდან, რომ ძილი ძალიან მიყვარს, შხაპის მიღების პროცესი, უფრო სწრაფი გახდა - ის ხომ არავინ იცის, თუ როდის მოწყდება წყალი. ასე რომ, შევუძახე ჩემს თავს, რომ მულტიმილიონერის საკუთრებაში მყოფ სასტუმროში არ ვისვენებდი, და ბანაობის გაწელილი პროცესი ასე დავამარცხე. მიჩვევადი ყოფილა კბილების ხეხვა წყლით ავსებული ჭურჭლის დახმარებით და თავად ჭურჭლის რეცხვა ნიჟარაში ჩაგუბებული წყლის გამოყენებით. არა, არ გეგონოთ, რომ ჭურჭელს ბინძური წყლით ვრეცხავ: უბრალოდ ჯერ ვაქაფებ და გამდინარე წყალს სწორედ მის გასარეცხად ვიყენებ.

  • მოდით, მხოლოდ წყალს არ გადავეკიდები და იმ მცირე ხრიკებს გასწავლით, რომელიც პირადად მე მეხმარება, თავი ბუნების ნამდვილ შვილად ვიგრძნო: მაგალითად, მისაღებში სტუმრები გყავთ, ყავას მიირთმევთ. რემკომენდირებულია, რომ შემოსასვლელსა თუ სხვა ოთახებში შუქი ჩააქროთ. თუ ჩვევაა, ანთებული შემოსასვლელი, ეს ჩვევა დაამარცხეთ. დაამარცხეთ, თუ გინდათ, რომ თქვენს შვილსაც ჰქონდეს სახლი, სადაც სტუმრებს ბედნიერი მიიღებს.

  • პატარაობაში ტელევიზორს ისე ჩავრთავდი, შემეძლო არ მეყურებინა. მარტოობის შეგრძნებას მიკარგავდა ანთებული ეკრანი. ახლა ვფიქრობ, რომ ამ მარტოობის შეგრძნებაზე მნიშვნელოვანი ენერგიის დაზოგვაა.


  • პატარა მესთვის პრობლემა არ იყო საღეჭი რეზინის შეფუთვის ან მზესუმზირის ნარჩენების ქუჩაში დაყრა. დღეს კი გაცნობიერებული მაქვს ის საზღაური, რომელსაც ბუნება, უფრო კი ჩვენ ვიხდით ამ დაბინძურების ფასად და ეს ნაკლოვანება აღმოფხვრილია ჩემში.

  • პლუს, მნიშვნელოვანია ბუნებასთან ერთად ჩემი ჯანმრთელობაც. თუ აქამდე პრიორიტეტული პლასტმასის ბოთლები იყო, რომლებსაც მრავალჯერ ვიყენებდი, დღეს ისინი შუშამ ჩაანაცვლა იმის გარანტიით, რომ მეტად უსაფრთხოა შუშის ბოთლიდან დალეული წყალი, გინდ მრავალჯერ გქონდეს ეს ბოთლი გამოყენებული.


მიუხედავად იმისა, რომ არც პროფესიონალი ვარ გარემოს დაცვის საკითხებში და არც ბუნების დაცვის აქტივისტი, სენის კონკურსის საშუალებით საკმაოდ ბევრი გავიგე კლიმატის ცვლილების საკითხის შესახებ. ბედნიერება მომანიჭა ფაქტმა, რომ მე, გოგონამ, რომლის ხმაც შეიძლება მთელ მსოფლიოს სულაც არ ესმის, ჩემი კეთილი ქმედებით შემიძლია არ დავაზიანო მაინც ბუნება და ვიზრუნო მასზე ისე, როგორც შვილი ზრუნავს მოხუცებულ მშობელზე. ყველაფერი ინფორმაციიდან იწყება, გაცნობიერებით გრძელდება და მოქმედებით გვირგვინდება. ვიმედოვნებ, მეტ-ნაკლებად მოტივაციური იყო ჩემი სიტყვა. სურვილს და ენთუზიაზმს ხომ სწორედ მოტივაცია ბადებს.


სწორედ ამიტომ გიტოვებთ:


საინტერესო ვიდეოს, რომელიც მეტად მოგცემთ საშუალებას გაანალიზოთ ამ პრობლემის არსი, რომელსაც კლიმატის ცვლილება ჰქვია



რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლისა და ენერგიის მენეჯმენტში გამოგადგებათ:


https://www.volusia.org/services/growth-and-resource-management/environmental-management/natural-resources/water-conservation/25-ways-to-save-water.stml


https://www.bchydro.com/powersmart/residential/tips-technologies/everyday-electricity-saving-tips.html?utm_source=direct&utm_medium=redirect&utm_content=21tips



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."