თვალი გაახილე, სანამ იმედი კიდევ არსებობს - კლიმატის ცვლილება და სხვა მხრიდან დანახული სამყარო

ნანახია: 1 271
სრული ინფორმაცია

  ამაზე მეტად არაფერია ისეთი საამური, როგორც ყოველ დღეს დატკბე დილის სეირნობითა და საღამოს ნიავით, სუნთქავდე სუფთა ჰაერს, სვამდე კამკამა წყალს, ღამით უმზერდე ვარსკვლავებს, ჩიტებს შენს სიახლოვეს ჰქონდეთ ბინა დადებული… ესაა უბრალო, მაგრამ დიდი საჩუქარი სამყაროსგან.


ელენე ჟღენტი / ბოლნისი


  ბავშვობაში ყველგან, სადაც დავდიოდი ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მესმოდა  ტერმინი: „გლობალური დათბობა“ ან კიდევ „კლიმატის ცვლილებები“, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ბევრი კთხვა მიჩნდებოდა, რის გამოც სწორი წარმოსახვისთვის პლანეტა დედამწაზე ბევრ ფილმს ვუყურებდი, ვფირქობდი, ვაანალიზებდი, ემოციებს ვერ ვმალავდი, ხშირად ადამიანებზე გაბრაზებულს ცრემლების ნიაღვარი ფარავდა ჩემს სახეს.


  მანქანაში ვზივარ, წვიმიანი ამინდია, ბუნების ამგვარი ტკივილი ფანჯარას ნამივით ასველებს, ვუსმენ მუსიკას: Max Richter – November (https://youtu.be/FPKgk5_YmpA) და გავყურებ გმირთა მოედანზე მოსიარულე ადამიანებს, ვაკვირდები ტრანსპორტის მიმოსვლას და გამომაქვს დასკვნა, რომ ყველა თავის სტიქიაშია, ყველას თავისი თავი ანაღვლებს, ზოგს სამსახურში ეჩქარება, ზოგს შვილები სკოლში მიყავს განათლების მისაღებად, ზოგი სახლში მიდის დასასვენებლად, ზოგი საზღვარგარეთ მიემგზავრება ფულის საშოვნელად, ზოგი ქარხნებს აშენებს ბიზნესისთვის, ზოგი ფიქრობს, ზოგს მორალური დახმარება სჭირდება, ზოგი ცუდადაა, ზოგს კი საყვარელი ადამიანი უკვდება. ეს არის რეალობა, ყველას თავისი დარდი აქვს განსაქარვებელი, დედამიწა კი, რომელიც ამდენ რამეს იტევს, არავის ახსოვს.


  ამასობაში დრო გავიდა, სამყარო განვითარების მწვერვალებს იპყრობს, ადამიანები ცდილობენ გარემო პირობებს  მოერგონ, თუმცა მათი გონება ქაოსითაა მოცული,  აღარ იციან რა ქნან იმისათვის, რომ ცხოვრებას ფეხი აუწყონ და ამავდროულად შეაჩერონ ის ცვლილებები, რასაც დედამიწა კაცობრიობასთან ერთად განადგურებისკენ მიყავს.


  ჩვენი არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საკვებთან, სუფთა წყალთან, ჰაერთან, გარემოსთან, სადაც ვცხოვრობთ. ამიტომაც ვართ პასუხისმგებელი, მოვუფრთხილდეთ და დავზოგოთ ბუნებრივი რესურსები.


  ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ყოველდღიური რუტინის უკან, დგას უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დედამიწის თითოეული მოქალაქისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით თანამედროვე ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და დაკავშირებულია ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციასთან.


  კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები. დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილება პლანეტის მასშტაბით ნამდვილად ხდება.


  ეს ცვლილებები კი ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის დროს წარმოიქმნება და დედამიწის გარშემო „ღრუბელს“ ქმნიან, რაც თავის მხრივ იწვევს საშუალო ტემპერატურის აწევას, ნალექების გახშირებას და სხვა შედეგებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებაზე. კლიმატის ცვლილებების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების ოკეანეებში განლევას, „სიცხის ტალღებს“, გვალვებს, ძლიერ წვიმებს, ცუნამებს, ქარიშხლების გაძლიერებას და თავისთავად ეს და მსგავსი მოვლენები ცვლის ბუნებას, ეკოსისტემებს, რომელთა უმეტესობა ვერ ახერხებს ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციას და გადაგვარდება ხოლმე. ასევე, იზრდება ადამიანთა დაავადებების რისკი, მათ შორის ეპიდემიების გავრცელება. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგები სულ უფრო მეტ მრავალფეროვნებას იძენს, რაც სასწრაფოს ხდის პრობლემების მოგვარების აუცილებლობას.


თვალი გაახილე, სანამ იმედი კიდევ არსებობს - კლიმატის ცვლილება და სხვა მხრიდან დანახული სამყარო

  ზოგჯერ ვფიქრობ, დედამიწას პირი, რომ ქონდეს ასე პირდაპირ და სიტყვიერად გვეტყოდა: „ჩემი არსებობა ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მიყვარდა და მოვკალი თავიანთი დაუდევრობის გამო“… სულ მიკვირს და ეხლაც გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ თუ ადამიანებს საკუთარი თავები უყვართ, რატომ წვავენ ხმელ ფოთლებს და სუნთქავენ სმოგს?; რატომ არ ყრიან ნაგავს იქ, სადაც საჭიროა?; რატომ არ გამორთავენ ძილის წინ დენის წყაროდან სხვადასხვა ტექნიკას?; რატომ ჰგონიათ მათ, რომ დედამიწას ამოუწურავი რესურსები აქვს?


  აქედან გამომდინარე კლიმატის ცვლილება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეეგუოს კლიმატის კომპონენტების ცვლილებას, თუმცა ადაპტაციის პროცესი არც ისე მარტივია და ხშირად საკმაოდ სერიოზული ძვრების ფონზე მიმდინარეობს. იმატა სიღარიბის დონემ, ხშირია კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისული პერიოდები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა დაავადების რისკი, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ვირუსული პათოლოგიები.


  კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, რომელმაც ნათლად დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ადამიანი კვლავაც ვერ ახერხებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბუნების გამოწვევებსა და ახალ დაავადებებზე.


  ჩვენი ქვეყნის მაგალითი, რომ ავიღოთ, საქართველო კლიმატის ცვლილების შედეგებს ყოველდღიურად განიცდის და მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე შემაშფოთებელია.


  საქართველოში შეინიშნება მყინვარების სწრაფი დნობა და მეწყერების გააქტიურება. წყალდიდობამ უკვე გამოიწვია ცნობილი ტრაგიკული მოვლენები თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს, როდესაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დედაქალაქში ახლახან გააქტიურებული მეწყერი საფრთხეს უქმნის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს და ათასობით ადამიანს. ტყის ხანძრებმა გამოიწვია ათასობით ჰექტარი ტყის საფარის განადგურება. თბილისში, სადაც CO2-ის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია, მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა.


  როგორც ქართველი მკვლევარი, უელინგტონის უნივერსიტეტის ანტარქტიკის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ლევან ტიელიძეც დაუღალავად იმეორებს, კავკასიონის ბევრი მცირე ზომის მყინვარი უკვე გაქრა. კვლევის მიხედვით, კავკასიონმა ბოლო ოც წელიწადში 320 კვადრატული კილომეტრი ყინული დაკარგა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.


  კლიმატის ცვლილების  დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მთელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლით არიან დაინტერესებულნი და ეძიებენ ამ პრობლემის პრევენციის გზებს.



  ბოლო რამდენიმე წელმა დაგვანახა, რომ განახლებად ენერგიაზე გადასვლა გლობალური დათბობის შესაჩერებლად საკმარისი არაა — ატმოსფეროში უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით სათბურის აირებია დაგროვებული, თუმცა, პოლ შერერის ინსტიტუტისა (PSI) და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH) წლევანდელი კვლევის თანახმად, ატმოსფეროდან სათბურის აირების 97%-ის შთანთქმაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პოტენციალი აქვთ.


  2021 წლის სექტემბერში ისლანდიაში ქარხანა Orca ამუშავდა, რომელიც ნახშირორჟანგს შთანთქავს და მას ქვად გარდაქმნის. ქარხანა ამ ტიპის ობიექტებს შორის მსოფლიოში უდიდესია. მაქსიმალური დატვირთვისას Orca-მ ყოველწლიურად ატმოსფეროდან 4 ათასი ტონა ნახშირორჟანგი უნდა შთანთქას. აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს — EPA-ის მონაცემებით, ეს სულ რაღაც 870 მანქანის ყოველწლიურ გამონაბოლქვს უდრის.


  2021 წლის ივნისში შოტლანდიაში ახალი ობიექტი — პირდაპირ ჰაერიდან შთამნთქმელი (DAC) გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად ატმოსფეროდან 1 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს. ობიექტი ატმოსფეროდან ერთი წლის მანძილზე იმავე რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც 40 მილიონი ხე ამავე პერიოდში. შთანთქმული ნახშირორჟანგი მთლიანად წყალქვეშ არსებულ საცავებში დასაწყობდება.


  ამ ყველაფერზე ყურადღება გლაზგოში, კლიმატის სამიტზეც გამახვილდა. გაეროს მხარეთა კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, (COP26) რომელიც 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გაიმართა, დელეგატებმა ის გზები განიხილეს, რომლებიც სახელმწიფოებს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.



  გლაზგოს კონფერენცია მის წინამორბედთან შედარებით უფრო ეფექტიანი გამოდგა.  გლაზგოზე საბოლოოდ დასრულდა და დამტკიცდა პარიზის "საპროცესო კოდექსი", რასაც 6 წელი დასჭირდა. მიუხედავად ამისა, COP26-მა ვერც ტემპერატურის ნამატის 1.5oC-მდე შენარჩუნების ხაზგასმის აუცილებლობაზე და ვერც ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირების მიმართულებით დაიჭირა მტკიცე პოზიცია. კონფერენციაზე ვერც ამ წელს მიაღწიეს შეთანხმებას ზარალისა და ზიანის მექანიზმის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი და მოწყვლადი ქვეყნებისთვის. სანაცვლოდ, წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს წარმოადგენს ადაპტაციის გლობალურ მიზანზე მუშაობა.


  მწვანე ეკონომიკაზე გადასვლიდან დაწყებული, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებით დასრულებული მთელი რიგი ცვლილებების გატარება იქნება საჭირო. როგორც აღვნიშნე, კლიმატის ცვლილებას ხანგრძლივი ეფექტი აქვს, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე არსებობს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში და უფრო ჯანსაღი, მდგრადი მომავლის უზრუნველყოფაში დაგვეხმარებიან. ამ სფეროს მიმართ გაზრდილი ყურადღების საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ მომავალში, კლიმატის ცვლილების უფრო მძიმე ეფექტებთან ერთად, პრობლემის გადაჭრის მეტად საინტერესო და ეფექტიან გზებსაც ვიხილავთ.


  თუმცა გავმეორდები და ვიტყვი, კლიმატური სისტემის გლობალური დათბობა არის რეალური პრობლემა, რის წინაშე დგას ყოველი ქვეყანა და სათბური გაზების  ემისიის შემცირების შეფერხებით კლიმატის ცვლილების ნეგატიური  ზემოქმედების რისკის გაძლიერების ალბათობა მაღალია.


  გამოსავალი, თუ კარგად დავაკვირდებით უნდა ჩანდეს სამოქალაქო თვითშეგნების გაფართოებაში, გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების დონის ამაღლებაში, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა რესურსების დაზოგვასა და ამ პრობლემიდან წამოსული გამოწვევების გააზრებაში.


  თუმცა, კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი და მოსახლეობა კვლავ ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს პროცესი კაცობრიობისთვის. პესიმისტური სცენარით, კლიმატის ცვლილების შედეგების გააზრება შესაძლოა მოხდეს მაშინ, როდესაც რეაგირება დაგვიანებული, ხოლო მიყენებული ზიანის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.


 კლიმატის ცვლილება საშინელი პრობლემაა და ის უნდა მოგვარდეს. ეს იმსახურებს უზარმაზარ პრიორიტეტს არამარტო მმართველი ორგანოებისგან, არამედ დედამიწის თითოეული მოქალაქისგან.


  ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევა. ჩვენ, ყველა ერთად კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე უნდა გადავიდეთ და ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს.


  თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ადამიანებს, რომ მათ ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას რეალური წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების დაძლევაში.


  განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებზე უნდა გავამახვილოთ, როგორიცაა პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების სეპარირების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის მინიმუმამდე დაყვანა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რაც ნათლად დაგვანახებს, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამრიგად, მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკის შემქნელებისგან და ჩამოაყალიბონ შესაბამისი მექანიზმები, რათა ხელი შეუწყონ საზოგადოებაში აღნიშნული საკითხისადმი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას პლასტმასის და მათი მომწამვლავი დანამატებისგან ჯამრთელობისა და ზოგადად ეკოსისტემების გადარჩენისთვის.


  თუმცა, რომ არ დაველოდოთ ვინმეს, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული,  ნუ გადავდებთ ხვალისთვის იმას, რაც შეგვიძლია დავიწყოთ დღეს, ეს კი სამოქალაქო თვითშეგნებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ამაღლების გარეშე ვერ მოხდება.


  ჩემი შექმნილი ბლოგით მტკიცედ მჯერა მოკრძალებულ წვლილს  შევიტნ აღნიშნული პრობლემის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, განსაკუთრებით კი თანატოლებში ექნება მამოტივირებელი ეფექტი.


  ამისათვის გვჭირდება სიჯანსაღე ჩვენს სხეულში, ჯამრთელობა და კეთილდღეობა კი კლიმატის მდგადობითაა განპირობებული, ამიტომ, თუ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ისეთ გარემოში, როგორიც თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ დაინახოს მომავალში, საჭიროა გავახილოთ თვალები, დავინახოთ პრობლემა და ვიმოქმედოთ ერთად მისი აღმოფხვრისთვის.




    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."