,,ციხეს "მაყურებლები" მართავენ",- სახალხო დამცველი

ნანახია: 727
სრული ინფორმაცია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს მის წინააღმდეგ კრიმინალური ავტორიტეტების ამხედრებაში ადანაშაულებს.

სპეციალურ ბრიფინგზე ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი მონიტორინგზე მისულ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელს დაემუქრა და მოსთხოვა ციხის ტერიტორია დაეტოვებინა.

ლომჯარია პირდაპირ მიანიშნებს, რომ აღნიშნული კრიმინალური ავტორიტეტის მუქარების უკან, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაცია დგას.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ გლდანის #8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა, პატიმრები საკანს მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვით ტოვებენ, ხოლო ეს პატიმარი ყოველთვის თავისუფლად გადაადგილდებოდა მაშინ, როცა იქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო.

ომბუდსმენი. ამბობს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა.
მისი თქმით, სულ უფრო მზარდია ციხეებში ქურდული სუბკულტურის გავლენა.

ლომჯარია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მისი თქმით, ადმინისტრაცია “განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების, ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.”

ლომჯარია დამატებით დაცვას ითხოვს საკუთარი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ციხეში დადიან.
იგი კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხის “არაფორმალურ მმართველებად” მოიხსენიებს, რომლებიც ციხის ადმინისტრაციების მხრიდან მხარდაჭერილები არიან”.

ლომჯარიას თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ისინი ყველაფრის საქმის კურსში არიან და იციან, რომ ციხეებს დღეს რეალურად კრიმინალები და მაყურებლები მართავენ, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებენ.

ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს აღიარებს და დღეს ჩვენ მოვედით იქამდე, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს წაქეზებით, კრიმინალებს უპირისპირებენ სახალხო დამცველს“, – ამბობს ომბუდსმენი.

რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში იყო შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება, თუმცა ფიზიკურ შეხებას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია:

რეალური განცდა საფრთხის ჩემს წარმომადგენლებს და თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, გვაქვს. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, როცა ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ სხვა პატიმრებთან კომუნიკაციაში შესვლას, იქ მყისვე ჩნდებიან ისინი [მაყურებლები] და იძულებულნი ხდებიან მათ შეწყვიტონ ჩვენთან კომუნიკაცია“.

ლომჯარია მიუთითებს იმაზე, რომ პატიმრები არიან დაშინებულები და ღიად საუბარს ომბუდსმენის წარმომადგენლებთან ერიდებიან.
ლომჯარიას თქმით, წლიდან წლამდე მცირდება საჩივრები არა მხოლოდ დახურული ციხეებიდან, სადაც პატიმრების გადაადგილებას მთლიანად ადმინისტრაცია აკონტროლებს, არამედ იმ პატიმრების მხრიდანაც, რომლებიც სასჯელს ნახევრადდახურულ დაწესებულებებში იხდიან და შედარებით თავისუფლად გრძნობენ თავს. ლომჯარიას თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ ნახევრადდახურული ტიპის ციხეებში, ადმინისტრაციას ვითარების გაკონტროლებაში კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. “მაყურებლები” ეხმარებიან.

ომბუდსმენის თქმით, ის მიაწვდის ინფორმაციას ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად ეხმარება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: 
ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს.”

ჟურნალისტების კითხვაზე, აქეზებს თუ არა ამ ყველაფერს ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც სისტემას რვა წლის განმავლობაში მართავდა, ომბუდსმენი პასუხობს, რომ – კი.

“მე არ ვამბობ, რომ მან შექმნა ეს სისტემა, მას დახვდა ნამდვილად ეს სისტემა, მაგრამ პირველად იყო, რომ საჯარო განცხადებებით მან ნაცვლად იმისა, რომ უარყოფა გაეკეთებინა ან დაეგმო მსგავსი პრაქტიკა, მან დაადანაშაულა სახალხო დამცველი და პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ“, – ამბობს ლომჯარია.

ციხეში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე განცხადებებს სახალხო დამცველი პირველად არ აკეთებს.
ერთი წლის წინ ნინო ლომჯარიასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს შორის ამ თემაზე დაპირისპირება მოხდა.
მაშინ ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება, სადაც საუბარი იყო საქართველოს ოთხ ყველაზე მასშტაბურ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე.

ანგარიში მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის, რომელიც საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა და ღია პოლემიკაში შევიდა ომბუდსმენთან.

წულუკიანმა ტყუილი და ჭორი უწოდა ანგარიშს, ომბუდსმენს უსაყვედურა ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავო და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჩაცმულობაც გააკრიტიკა. 

სახალხო დამცველის ანგარიში უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ 



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."