პრემიერ-მინისტრი - გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული, შარშან მოახერხეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამას ვეღარ შეძლებენ

ნანახია: 58
სრული ინფორმაცია

დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულად გამართულია.

„ბოლო საკითხი, რაზეც საზოგადოების ყურადღების გამახვილება მინდა, არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მე პირადად, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, ამიტომ დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე, ზოგადად ვიტყვი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, ვერავინ ასაბუთებს, რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ/ მან განაცხადა, რომ შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველი, ანუ უშინაარსობა ჩვენი ოპონენტების ველი, ამაზე უკეთეს აღიარებას, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, წლიური დეკლარირებაა იმ ფინანსებისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს აქვთ. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა რუსულია, გაუმჭვირვალობა - ევროპული. შარშან, მოახერხეს და საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა, ამას დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ.

„გაირკვა, რომ „ფეისბუქში“, სოციალურ მედიაში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, „ფაქტჩეკერი“ და „მითების დეტექტორი“, გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი. ეს ადამიანები თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს, ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაირკვა, საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის, ამ ცენზურას ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს. გაუმჭვირვალობა და ცენზურა ამ ადამიანებისთვის ევროპაა, ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები, რაც არის, თქვენ ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ღირებულებები, რომლებიც განმსაზღვრელი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურად დავიცვათ, როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას“, - განაცხადა კობახიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."