სრული ინფორმაცია
ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ეს ასახულია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი რუსეთიც არის. მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებებში სურს მონაწილეობა. ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთის ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური მოსკოვი ნატოს-გან მოითხოვს იურიდიულად გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.