რა სპეციალური უფლებებით სარგებლობს პარლამენტის წევრი

ნანახია: 499
სრული ინფორმაცია

მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე მეორე ოპოზიციური პარტიაც იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ გუშინ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მოქალაქეების“ ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

ცნობისთვის, 150-წევრიან პარლამენტში "ქართული ოცნების" - 90 და "ევროპელი სოციალისტების" 4 დეპუტატი უკვე იყვნენ წარმოდგენილი და მათ რიგებს ახლა 2 დეპუტატიც დაემატება.

საინტერესოა, რა სპეციალური უფლებების სარგებლობა შეუძლიათ პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე ადამიანებს. ამ უფლებამოსილებებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს. კერძოდ, როგორც რეგლამენტშია გაწერილი:

  • უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.

  • პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას: შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში; განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;

  • პარლამენტის წევრს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება;

  • პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს;

  • პარლამენტის წევრი წელიწადში სარგებლობს 30 კალენდარული დღის ოდენობის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად;

  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარლამენტის წევრს გამოეყოფა სამსახურებრივი ავტომობილი (საჭიროების შემთხვევაში − ადაპტირებული ან სპეციალური) და ენიშნება თანმხლები პირი;

  • პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ჰყავდეს თანაშემწე. თანაშემწეთა რაოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის წევრი ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში;
  • პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;

  • პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, გასამრჯელოს სახით იღებს – 4624 ლარს; პარლამენტის წევრს ასევე შეიძლება მიეცეს პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული თანხა სატრანსპორტო უზრუნველყოფისათვის და აუნაზღაურდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისათვის გათვალისწინებული თანხა;

  • პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში;

  • ყოფილი პარლამენტის წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად;

  • ყოფილ პარლამენტის წევრს ენიშნება პენსია ან ეძლევა კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

    წყარო: bpn

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."