პარლამენტი ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატებზე ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს

ნანახია: 461
სრული ინფორმაცია

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება, დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.

კომიტეტი პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და მიმდინარე კვირასვე განსახილველად რიგგარეშე სესიაზე გავა. პროექტი დაჩქარებული წესით იხილება.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის მქონე დეპუტატების საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის წესი, ასევე, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები ერთჯერადი - გარდამავალი ხასიათის ნორმებით დარეგულირდება, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.

მათი განმარტებით, რეგლამენტში არსებული რეგულაციის ფარგლებში, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი სუბიექტების მიერ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურების წარდგენა ვერ ხერხდება.

შესაბამისად, მომზადებული პროექტი გარდამავალი ხასიათის ნორმას ითვალისწინებს, რომლითაც ძირითადისგან განსხვავებული წესი დგინდება, რაც შესაბამის სუბიექტებს საშუალებას მისცემს, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში აღნიშნული უფლებით ისარგებლონ.

კონკრეტულად, მომზადებული პროექტის თანახმად, ვიცე-სპიკერის კანდიდატის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს აქვს.

აგრეთვე, მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 4-კაციან ჯგუფს.

გარდა ამისა, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ერთი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია არ აქვს შექმნილი, წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენებით განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას დამატებით მიეცემათ 10 წუთი ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრების გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს. ეს წესი იმ სხვა პროცედურაზეც გავრცელდება, რომელიც წარიმართება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ან პოლიტიკური დებატებისთვის დადგენილი წესით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."