მიხეილ ყაველაშვილი დეგნანზე - ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით, რომელიც მასში ჩემ მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია

ნანახია: 294
სრული ინფორმაცია

გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი - შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის პასუხს მის წერილზე.

როგორც ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გაოცებულია იმ „დაუფარავი გაღიზიანებით“, რომელიც ელჩში საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია.

„ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემ მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფეესბეს“ მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს“,- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისადმი მიხეილ ყაველაშვილის წერილს გუშინ დეგნანმა უპასუხა და განაცხადა, რომ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. როგორც ელჩმა აღნიშნა, წერილი ბოლომდე ვერც კი წაიკითხა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."