ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინდელი აქციების უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ - ინფლაცია და ფასების ზრდა გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება

ნანახია: 325
სრული ინფორმაცია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს.

ზოგადად, ინფლაციას როცა ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდ პანდემიით გამოწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში, არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ უმეტეს შემთხვევაში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად გამონაკლისი ვერ იქნება.

„ჩვენს ქვეყანაში გამოწვევა არის ინფლაცია, როგორც ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-ში, ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია-ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის დროს არსებული წლიური ინფლაციის დონე გაახსენა.

„არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია მაგალითად, 2011 წლის მაისში 14.3% იყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეხება გაზის ფასებს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაზრდილია.

„მთელ ევროპაში ყველაზე იაფი ღირს საქართველოში გაზი, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ, ყველას გთხოვთ, ასეთ კრიზისულ ვითარებაში მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მოქალაქეებს შეცდომაში ნუ შევიყვანთ “,-განაცხადა ღარიბაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."