ჩემი თავგადასავალი

ნანახია: 410
სრული ინფორმაცია

"ყველა ჩვენგანი, ყველაფრის გამო, ყველას წინაშე დამნაშავეა"

                                                                                                         თეოდორ დოსტოევსკი

ჩემი თავგადასავალი მე არ მეკუთვნის - მას მთელი საზოგადოება იზიარებს, ამიტომ ჩემი მოკრძალებული მე მას "ჩვენს თავგადასავალს" დაარქმევს, ანუ იმას, რისი ნაწილიც შენც ხარ, მკითხველო.

სალომე აბულაძე, კაზრეთი

მე და საზოგადოება ჩემს თავგადასავალში 2004 წლის 25 სექტემბერს ჩავებით: ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე - სახელად უკიდეგანოებას - მეტყველება ნენენეს დონეზე ვიცოდი და სამყაროს "ობზერვერის" - დამკვირვებლის თვალით ვუყურებდი. 

ღმერთმა ლაპარაკის ულევი ენერგია დამამადლა და 2 წლიდან არ გავჩერებულვარ - საუბრის ისტორიის "ანი" "მგელი და კრავია", ხოლო "ჰოე" ღმერთმა იცის, რომელ წყალში გადამაგდებს.

ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ანბანის ყველა ასოს თუ მოვუძებნიდი ასაჭიკჭიკებელ საბაბს - ა. - აგრესია და მას შეწირული სენტიმენტალიზმი ; - ბულინგი და გადაყვარებული საკუთარი მე; - გაჭირვება და ლუკმების თვლა; - დეპრესია და ეგზისტენციალური კრიზისი...ინდიფერენტიზმი და დეგრადირებული ფასეულობების სოდომი და გომორი; კლიმატის ცვლილება და სასწორზე დადებული შთამომავლობა...ლუდომანია და კორპუსის თავიდან გადმომხტარი გვამები...ომი და მისი ძალადობის შვილები... სევდა და ბოთლში ჩაძირული სულები... ღალატი და ღირსება - სახელად ფეხების საწმენდი ტილო...

ეს სამწერტილი ცოტაა იმ უსასრულო განუკითხაობის აღსაწერად, რომელშიც ვიშვი მე, რომელში სრბოლაც მხვდა წილად და რომელსაც, ჩემი ოპტიმისტური სული იმედოვნებს, რომ დატოვებს მცირედით უკეთესს.

ალბათ, გიკვირს, მკითხველო, რა შუაშია ეს ყველაფერი ჩემს ისტორიასთან, იმ ისტორიასთან, რომელიც გინდა, ალბათ, რომ სილაღესთან, უსაზღვრო ფანტაზიასა და თინეიჯერულ გართობასთან ასოცირდებოდეს. მაგრამ არის ერთი მაგრამ, სიტყვა, რომლითაც ღიმილი რევერსირდება.


ნათია ფანჯიკიძემ რაღაც ისეთი თქვა, რომელსაც მსგავს ინტერპრეტირებას გავუკეთებდი: ყველაფერი უნდა გამოსცადო, რომ თავი ადამიანად იგრძნო. იცით, ვერ "დავიკვეხნი", რომ ოდესმე ვინმეს გავუუპატიურებივარ; ვერც იმას, რომ გაქანებული ალკოჰოლიკის ხელით ამომძვრა სული; არც მოქნილი ენით დარაზმული ხალხის მსხვერპლი მარტოხელა დედა ვარ და არც სტერეოტიპული საზოგადოების მიერ ჩაწნეხილი მამაკაცი. "არც მიწისა ვარ, არც ცისა" - სადღაც შუაში ვარ, იქ, სადაც ყველას გზა იკვეთება - ნებისმიერი ორიენტაციის, სქესის, პროფესიის, საზოგადოებრივი ფენის  თუ კანის ფერის ადამიანის, განა მარტო ადამიანის? ცხოველთა გზაც კი.

და მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ წარმოვიდგენ, განვიცდი, მტკივა.

 

ჩემი თავგადასავალი ისაა, რომლის მსგავსიც არასდროს გაჟღერებულა, რომლის ხმაც შეიძლება ვერასდროს გაგეგოთ: ჩემი თავგადასავალი იმ ბიჭის ამბავია, კუთხეში მიმწყვდეული დანახშირებას რომ ელოდება; ჩემი თავგადასავალი იმ ქიმიურად კასტრირებული ჰომოსექსუალის ისტორიაა, რომელიც ვერ ხვდება, თუ სად შეცდა, სად შესცოდა, სად ვერ იყო სწორი; ეს იმ გოგონას ისტორიაა, რომელსაც მთელი რომანტიკული წარმოდგენები მის მეორე ნახევარზე თავზე დაემსხვრა; ეს იმ კაცის ისტორიაა, ბინძური ხელებით რომ ვერ მიიწევს იერარქიის მაღალ საფეხურზე და სინანულით შემპყრობილი ყოველ წამს შეჰნატრის განათლებას; ეს იმ კაცის ისტორიაა პირიქით, განათლებულობას რომ ნანობს; ეს იმ მოთამაშის ისტორიაა, რომელსაც თავზე ენგრევა მყუდროება სახელად ოჯახი, ყველასთვის საძულველად ქცეულა, მაგრამ ყველაზე მეტად მას სძულს საკუთარი თავი...

არ კმარა შენი წვალება, მკითხველო? ალბათ, დაგთრგუნე, "სხვა შეუკვეთე და სხვა ჩამოვიდა", მაგრამ რას ვიზამთ? ჭკუის სასწავლი იყოს: უნდა მოეშვა ყოველთვის ეგზოტიკურის მოლოდინს, ასე ნაკლები იმედგაცრუება მოგელის.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."