თოვის 100 წლის მანიფესტი -სალომე აბულაძის ბლოგი

ნანახია: 879
სრული ინფორმაცია

სალომე აბულაძე
ბოლნისი

ბოლო დროს სევდა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. შეიძლება, რეალობის ზედოზირებულმა ანალიზმა მიმიყვანა აქამდე... იქნებ, სულაც ჰიპერბოლაა, იქნებ მე ვაზვიადებ, იქნებ სპეციალურად ვქმნი მსგავს ატმოსფეროს. რაც არ უნდა იყოს, მივეჩვიე, მაგრამ არ მინდა იმასაც მივეჩვიო, რომ მივეჩვიე...

ერთმა ჩვევამ გაიდგა ფესვი ჩემში, პერიოდულად იცის ხოლმე თავის შეხსენება. აი, ფილმს წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს გონებაში ჩემი ხედვით დანახულს, კადრები მიდიან, ეს კადრები კი ჩემს მიერ შექმნილ პერსონაჟებს მიჰყავთ, ლამაზებს - ესთეტიურ გარემოში.

დღეს ისტორიული ფილმი შევქმენი.
მადლობა ღმერთს, რა ზღვა მასალაა, როგორი დეტალური, თან - ტრაგიზმით აღსავსე. რეალურ სიუჟეტზეა დაფუძნებული, იცით? ეს კიდევ უფრო ამწვავებს მის სიმძაფრეს, მეტად აზარტში შედიხარ შექმნა რაღაც ეპიკური, დასამახსოვრებელი, მით უმეტეს, იცი, რომ ის ემოციები, რაც ამ ფილმშია გადმოცემული, სულაც არაა გამოგონილი.

თოვის 100 წლის მანიფესტი -სალომე აბულაძის ბლოგი
ექვთიმე თაყა
შვილი, კონსტანტინე აფხაზი, გენერალი გიორგი კვინიტაძე,გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი

სანამ უშუალოდ შექმნას დავიწყებდი, გრამაფონი მოვიშველიე, კიდევ კარგი, კლასიკა არ მტოვებს, წარსულთან დაშორების საშუალებას არ მაძლევს. რავიცი, იქნებ ამიტომაც მასევდიანებს ხელოვნების ამ ნიმუშებთან ტრფობა.


1921 წელი 25 თებერვალი. საბჭოთა საოკუპაციო არმია თბილისში. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

უეჭველად ვიცოდი, რომ ფილმის დიდი ნაწილი ნელი კადრები იქნებოდა. დაიწყო შუბერტის სერენადა, პარალელურად ვხედავთ ომის ველს: უთანასწორო ბრძოლის შთაბეჭდილება გვექმნება, არა? ამას ენაცვლება პატარა გოგონა, პატარას ვამბობ, რადგან მისი ადგილი იქ არ იყო, იმ ადგილისთვის - ნამდვილად პატარა.უჰ, რა სამწუხაროა, ჭურვის ნამსხვრევები ხვდება თავში. შენელებული კადრი იდეალურად გვანახებს ამ გოგონას სახეზე წამიერად აღბეჭდილ ტკივილს, სასოწარკვეთას, უიმედობას, დაბნელებულ მომავალს...


მარო მაყაშვილი

მოიცადეთ, მისი გამოტირების დრო არ გვაქვს, ცა კი იღვრება ცივ ცრემლად, გაყინულ წვეთებად, მაგრამ ახლა მეორე ადამიანის ჯერი დადგა... უცებ ისევ ჩვეულ ყოფაში დამაბრუნა მანქანის სიგნალმა, დრო არ მაქვს, სწრაფად უნდა გავაგრძელო ჩემი ფილმი...


შალვა ერისთავი
შეხედეთ, რა უნცაურია, არა? ტიპი ტყვიამფრქვევს გადაეფარა. საინტერესოა, რამ უნდა მიგიყვანოს ამ დონემდე, ასე გაწირო თავი, ასე არაფრად ჩააგდო შენი სხეული და გააცამტვერო! არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია... თან იცოდე, რომ მაინც დაღუპული ხარ, იცოდე, რომ შენი საქმე წასულია, რომ აზრი არ აქვს შენს მცდელობებს, ცდებს, რომლებსაც, თითქოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, არა?

ყველაზე მთავარი მავიწყდება. თოვლი. თოვლი, რომელსაც უნდოდა რამენაირად დაეფარა დალეწილ-დამტვრეული სხეულები გამგმინავი მეომრებისა. ერიდებოდა, წვლილი არ მიუძღოდა, მაგრამ მაინც რცხვენოდა, რომ დედებს, ამ ქვეყნის სამასირცხვოდ, განგმირული შვილების დანახვა უწევდათ.
ამისდა მიუხედავად, მან მაინც ვერ შეძლო დაემალა მჩქეფარედ მოდენილი წითელი ... რას ვიზამთ, ფილმი უნდა დასრულდეს, დრამის მოყვარული ბევრი გვეყოლება.


თბილისის დაცვაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

ვიშველიებ კოლაუს სიტყვებს და სრულდება ისტორიული ფილმი:
"წითელი დროშით, მოღერილ ყელით, თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცელით! თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!"

სამწუხაროა, რომ მხოლოდ მე განვიცადე და მე შევიგრძენი... 100 წლის შემდეგ. მაგრამ ვაი, რომ მარტო მე არ ვყოფილვარ ჩემს განუსაზღვრელ ფანტაზიებში იმის მომსწრე, რაც ვნახე: 100 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს ნამდვილმა ადამიანებმა, ნამდვილ გარემოში, ნამდვილი ზარბაზნების წინ იბრძოლეს, ნამდვილად განიცადეს, ნამდვილად მოკვდნენ და ნამდვილად დაიშალნენ... მათ ნამდვილად ჩახედეს სიკვდილს თვალებში!


იუნკერები 24 თებერვალი 1921 წელი საქართველოს ერობნული არქივი

ბუნებაში არაფერი იკარგება, აკი ვთქვი. იგი ყველაფერს გრძნობს, მას ყველაფერი ესმის: დღეს ხომ თოვს!


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."