ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შემოქმედება - გზა მოქმედებისთვის

ნანახია: 977
სრული ინფორმაცია

„ხის მოჭრა 5 წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ზრდას 50 წელი სჭირდება. ეს არის განსხვავება ტექნოკრატიულ განადგურებასა და ეკოლოგიურ ევოლიციას შორის. “ - ფ.ჰუნდერტვასერი


,,წყლის ყოველ წვეთში არის სიცოცხლის უსასრულობა - წვიმის ყოველი წვეთი კი არის კოცნა ზეციდან” - ჰუნდერტვასერი ველური ბუნების ეპიცენტრში


ელენე ჟღენტი/ბოლნისი

მზის სხივები ისრებივით ესობიდნენ დედამიწას, ცხელოდა, თუმცა აკაციები და ფიჭვები შრიალით აგრილებდნენ არემარეს, ქვის კედლებს ფერწერული მინიატურები, აბსტრაქციები ცვლიდნენ, თბილისიდან 10 კილომეტრში იმ დღეს ადამიანებს გარემო მასპინძლობდა. 


 „ბუნების სტუმარი“ -  ასე ერქვა ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენას კრწანისის ტყე-პარკის ველურ ბუნებაში, იდუმალებით სავსე გარემო ბევრ საინტერესო ამბავს ინახავს, მიმსვლელთ გამეფებული სიჩუმე თავისთავად უამბობდა კარგ და მათ შორის ცუდ თავგადასავალს, რომელსაც ბუნების მძლავრ სიდიადეზე თითქოს შეუმჩნევლად,  მაგრამ უხეში კვალი თვალში საცემად მაინც დაუტოვებია.


თუმცა, კულტურული ღონისძიების ჭრილში გაცოცხლებულს, იმ დღის  მთავარი პერსონაჟის ციტატებს ირგვლივ ყველაფერი  თავის მფარველობის ქვეშ მოექცია და მიმავალი გზა მოქმედებისა და ამ მიმართულებით ფიქრისთვის დაეტვირთა.  


იმ წამს, რამაც ჩემში განცდა დაბადა იყო გენიალური ნააზრევის ხმამაღლა თქმის სურვილი - „მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!“,  ბუნების მგოსნად აღიარებული დიდი ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას შემოქმედებით ნასაზრდოებს გამიადვილდა ჩავწვდომოდი ასევე დიდი ავსტრიელის შემოქმედებას.


ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შემოქმედება - გზა მოქმედებისთვის

არ ვიცი რას მივაწერო ან რამ განსაზრვა ის დღე ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ჩემთვის მოულოდნელად შეიქმნა შესაძლებლობა გამეცნო ჩემთვის დღემდე უცნობი ამ მასშტაბის ხელოვანის შემოქმედება, მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდენდა ჩემზე და  განსაკუთრებული ადგილი დაიკავა,  ჰუნდერტვასერის ექსტრაორდინალურ ხელოვნებას კრწანისის ტყე - პარკის გამოფენაზე ვეზიარე და ამით განვიცდი უზომო ბედნიერებას.


ტყე-პარკი ერთი კვირით ღია საგამოფენო ცენტრად გადაიქცა და სეირნობისას თავს ვგრძნობდი ფლორისა და ფაუნის ბუნების ნამდვილ სტუმრად.


ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ჰუნდერტვასერის შემოქმედება არის მომავლის ხედვის, მაღალი ხელოვნების, ადამიანის  წარმოსახვითი ილუზიისა და ფილოსოფიის ბრწყინვალე სინთეზი.


გარდასახვა, ქაოსი, ცვლილება, ინდივიდუალიზმი და ცხოვრება ერთ ნახატში,  ადამიანები კი დგანან და მსჯელობენ იმ ხიდზე, რომელიც გაბმულია მათსა და სამყაროს შორის.


ნამუშევრებით მონუსხული და მისი შეხედულებებით დაფიქრებული მე, მოხარული ვარ  წარმოგიდგინოთ ავსტრიელი არქიტექტორის, ფერმწერის, ორიგინალური შენობების შემქმნელის, ექსტრაორდინალური ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის შემოქმედება, თუმცა მანამდე შევეცდები მცირედი მოგიყვეთ მის შესახებ.


ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი (გერმ. Friedensreich Hundertwasser, ნამდვ. სახელი Friedrich Stowasser — ფრიდრიხ შტოვასერი; დაიბადა 15 დეკემბერს, 1928 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში — გ. 19 თებერვალი, 2000, ახალი ზელანდია).


მისი ერთ-ერთი პირველი და ყველაზე განთქმუნლი პროექტი იყო ჰუნდერტვასერჰაუზი ვენაში, რომელიც შემდგომში მთელი მისი შემოქმედების ლაიტმოტივი გახდა.


ჰუნდერტვასერის ორიგინალური, უმართავი, ზოგჯერ შოკისმომგვრელი არტისტული ხედვა აისახა მის ფერწერაში, ეკოლოგიურობაში, ფილოსოფიაში, ფასადების დიზაინში, საფოსტო მარკებში, დროშებში და ტანსაცმელში.


მის ნამუშევრებში გავრცელებულ თემათა შორისაა სწორი ხაზის უარყოფა, მკვეთრი ფერები, ორგანული ფორმები, ადამიანთა დაახლოება ბუნებასთან და მკაცრი ინდივიდუალიზმი.


„ბუნება, ხელოვნება, შემოქმედება, ეს ერთი და იგივეა. უბრალოდ ჩვენ ვყოფთ მათ ერთმანეთისგან. თუ ჩვენ გამოვიყენებთ ძალას ბუნების შემოქმედების წინააღმდეგ და გავანადგურებთ შემოქმედებას ჩვენში, გავანადგურებთ საკუთარ თავებს. მხოლოდ ბუნებას შეუძლია გვასწავლოს შექმნა, შემოქმედება.“


„ყველაფერი ჰორიზონტალურ ბუნებას ეკუთვნის და ჩვენ მისი სტუმრები ვართ. ხედი, რომელიც იყურება ქვემოთ და ზემოთ, არის გზა დაინახო რაღაც ახალ ეპოქაში... მე დავხატე, თუ როგორ წარმოვიდგინე ყველაფერი ჩიტის თვალის პერსპექტივიდან. ჩემს ნახატებს ყოველთვის მაგიდის ბრტყელ ზედაპირზე ვხატავ, ისე, თითქოს ყველაფერი ზემოდან ჩანდეს.“


„არ არსებობს ენერგეტიკული კრიზისი, არსებობს მხოლოდ ენერგიის უსაზღვეო ფლანგვა. აქვს ბუნებას ენერგეტიკული კრიზისი? აქვთ ფრინველებს, ხეებს, ხოჭოებს ენერგეტიკული კრიზისი? მხოლოდ ადამიანს წარმოუდგენია, რომ მის ირგვლივ ენერგეტიკული კრიზისია, რადგან სრუილად შეიშალა. ადამიანის მიერ უსაზღვრო, დაუსაბუთებელი ენერგიის ხარჯვა, შესაბამისობაში უნდა იყოს ასევე უსაზღვროდ მზარდ, პასუხისმგებლობით სავსე და შემოქმედებით ინტელექტთან.“


„სწორი ხაზის მმართველობითი ბადე საზოგადოებაში თვითგანადგურების სიმბოლო და სიმპტომია. წყლის ყოველ წვეთში არის სიცოცხლის უსასრულობა. ის თუ სად დაეცემა წყლის წვეთი, არის საიდუმლო, რომელსაც ადამიანი ვერასდროს შეძლებს გაიგოს. წვიმის ყოველი წვეთი არის კოცნა ზეციდან.“


თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ქაოსურია, ადამიანმაც კი არ იცის სად არის მისი სამყოფელი. ყველაფერი იცვლება, იცვლება ცხოვრების სტილიც, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ყველანი მივდივართ იმ წერტილამდე, რომელიც არის უსასრულო და წარმოუდგენელი. ჩვენ, ქმნილებები, ვართ ერთნი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხედვები, რომელიც გვძენს ინდივიდუალიზმს.


ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მთელი შემოქმედება არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, ამიტომ მას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გაეცნოს.


მისი შემოქმედების სხვადასხვა ხერხებით გადმოცემული ფიქრები იძულებულს გვხდის დრო არ დავკარგოთ და სასიკეთო ცვლილებებისთვის მოვძებნოთ გზა სწრაფი მოქმედებით.


მოვიშველიებ გოეთეს ნააზრევს, რაც დამეხმარება ვცხადყო ჩემი მთავარი სათქმელი - „ბუნებას არ სჩვევია ყოყმანი წინსვლასა და განვითარებაში და ყოველგვარ უძრაობას სასჯელს უწესებს“.


ამით კი კიდევ ერთხელ ლოგიკურად ვუსვავ ხაზს ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის მკვეთრ დამოკიდებულებას მოქმედებისკენ - „იმისათვის, რომ ეკოლოგიურად დავეუფლოთ ჩვენს არასწორად მართულ მდგომარეობას, გვჭირდება შემოქმედებითი აზროვნება, რომელიც ბუნების კანონის ცოდნასთან არის შერწყმული. არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება ინდუსტრიული პროგრესის სულისკვეთება. აღმოჩდა, რომ, ეგრეთ წოდებული პროგრესი არის ნაბიჯი უფსკრულისკენ. გადარჩენა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, თუ უკან დავიხევთ“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."