IQ თუ EQ ?

ნანახია: 816
სრული ინფორმაცია

ელენე ჟღენტი/ბოლნისი

ემოციურად, შემეცნებითად, გართობის, დასვენებისა და განვითარების მხრივ ჩემთვის მეტად საინტერესოდ დაიწყო 2021 წლის  ზაფხული, ბედმა გამიღიმა და ცოტაც  ჩემი მონდომების შედეგად მოვხვდი სქულბუქის საერთაშორისო ბანაკში.


პიროვნული ზრდის პროგრამის ფარგლებში 15–17 წლის მოზარდებისთვის მოვისმინე სხვადასხვა აქტუალურ თემებზე არაერთი საინტერესო  ლექცია - სემინარი, რომელსაც ისეთი ცნობილი და მაღალი კლასის სპეციალისტები კითხულობდნენ, მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი მათთან შეხვედრას.


ბანაკის იმ სათავგადასავლო დღეებიდან ერთ - ერთი მეტად ემოციური ფრაზა შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რომელიც იქ მოვისმინე და დღემდე მომყვება, ის ჩემს შინაგან სამყაროს, ხასიათსა და ბუნებას კარგად ეხმიანება - „ემპათია არის წამალი, რომელიც ესაჭიროება სამყაროს“ - ჯუდიტ ორლოფი.


სწორედ, ეს  გახდა მთავარი ინსპირაციის წყარო გადმომეცა ჩემეული ხედვა ადამიანში არსებული ინტელექტუალური რესურსისა და  განსხვავებულობის შესახებ, რომელსაც აქტუალურ პრობლემად მივიჩნევ მითუმეტეს ამ სწრაფი დინამიკის შემცველ და მოულოდნელობებით სავსე სამყაროში.


გულწრფელად დავიწყე ფიქრი ადამიანში ინტელექტულარი რესურსის (IQ თუ EQ) არასწორად მართვისა და მისი გადანაწილების გამო. ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ინტელექტი მხოლოდ კარგი განათლების მიღების პირობებში ყალიბდება, არადა რამდენი საშუალოზე დაბალი განათლების მქონე, მაგრამ სუფთა ოჯახურ და ჯანსაღ სოციალურ გარემოში აღზრდილი  შეგვხვედრია ემოციურად ინტელექტუალური და რამდენი განათლებული კი, მხოლოდ ხარისხიანი ცოდნისა და განათლების შეძენაზე ორიენტირებული, თუმცა დაცლილი ყოველგვარი ადამიანური ემოციებისგან.


IQ თუ EQ ?

„ინტელექტზე საუბრისას, ხშირად ჩვენ არ ვფიქრობთ ადამიანის რაიმე კონკრეტულ უნარზე, არამედ, ზოგადად წარმოვიდგენთ განათლებულ, ნაკითხ ადამიანს, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრმა არ იცის ინტელექტის გამორჩეული სახეობა - ემოციური ინტელექტი და მისი ღირებულება.


ყველა სახის ინტელექტი გულისხმობს რაიმე პრობლემატური საკითხის სწორად მართვას: ეს შეიძლება იყოს მათემატიკური, ტექნიკური, ფინანსური ან სხვა. თუმცა, ადამიანი, რომელზეც ვამბობთ, რომ ჭკვიანია, შესაძლოა იგივე ადამიანი იყოს, რომელსაც პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემები, ან უბრალოდ ბედნიერი არ არის, იმის მიუხედავად, რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ან კი, აქვს უნარები, შესაძლებლობა და ჭკუა, თუმცა ვერ ახერხებს მათ სწორად ნავიგაციას და პროფესიულად ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევა გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით.


ემოციური ინტელექტი არის საკუთარი ემოციების გარჩევის, გაგებისა და კონტროლის უნარი; ეს უნარი ასევე გვეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებაში და მათი მეშვეობით ზეგავლენის მოხდენაში.


ყოველი ჩვენგანი განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათით, სურვილებითა და საჭიროებებით, ემოციების გამოხატვის განსხვავებული ფორმებით. ალბათ ყველას გვსმენია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოსტატები არიან თავიანთი ემოციების მართვაში. ისინი წყობრიდან არ გამოდიან და არ ბრაზდებიან სტრესულ სიტუაციებში, ამის ნაცვლად, მათ აქვთ უნარი შეისწავლონ პრობლემა და მშვიდად იპოვონ გამოსავალი. ისინი შესანიშნავნი არიან გადაწყვეტილებების მიღებაში და იციან, როდის შეუძლიათ ენდონ მათ ინტუიციას.


თუმცა, მიუხედავად მათი სიძლიერისა, როგორც წესი, მათ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად დანახვა: ისინი კრიტიკას კარგად იღებენ და იციან, როდის გამოიყენონ ის მათი პიროვნული ან კარიერული წინსვლისთვის. სწორედ ასეთ ხალხზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად ინტელექტუალურნი არიან. ასეთი პიროვნებები არამარტო კარგად იცნობენ თავიანთ თავებს, არამედ ხედავენ სხვების ემოციურ საჭიროებებსაც.


დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ პროფესიული ცხოვრების სწორად მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ამგვარად, მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა ყოველ ჩვენგანის ინტერესებში შედის და საბედნიეროდ, მისი განვითარება სავსებით შესაძლებელია სწორი ვარჯიშებითა და ცოტა მოთმინებით“ (GROWN – COACHING COMPANY).


დღევანდელ სამყაროში IQ იზრდება და EQ მცირდება - რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციურად მტკიცე, დაბალანსებული, გაწონასწორებული პიროვნება, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ღებულობს სწორ გადაწყვეტილებებს და დადებითად აისახება პირადად მასსა და გარემოზე უფრო ნაკლებია, ვიდრე პიროვნება, რომელსაც აქვს მხოლოდ (IQ) მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი.


ერთი შეხედვით, IQ - მაღალი ინტელექტისა და EQ - ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ცალკ - ცალკე არ უნდა წარმოადგენდნენ უპერსპეკტივო ადამიანებს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ერთმანეთის გარეშე ისინი განწირულნი არიან წარუმატებლობისთვის ანუ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ჩვენს გარშემო ჭარბათ იყვნენ წარმოდგენილნი ინტელექტის ამ ორი კოეფიციენტის ერთად მატარებელი ადამიანები, რომლებიც შექმნიან ძლიერ საზოგადოებას.


მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ადამიანები დროის მხოლოდ 20%-ის განმავლობაში  სჯობიან საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებს,  მაშინ როდესაც საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები სჯობიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს დროის 70%-ის განმავლობაში.


აღნიშნულ ანომალიას ყურადღება პირველად 1995 წელს მიექცა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ).


EQ-ს მეშვეობით აიხსენება ის, თუ რატომ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომელთაც არც დიდი გამოცდილება აქვთ და არც განათლების მაღალი საფეხურებისთვის მიუღწევიათ.


ჩვენ მუდმივად ვიმყოფებით გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში, რაც არსებით ზეგავლენას ახდენს ფიქრებზე, ქცევაზე და აისახება ჩვენს კარიერულ წარმატებებსა და ურთიერთობებზე.


ამიტომ მნიშვნელოვანია ვერკვეოდეთ ჩვენს ემოციებში, რეაქციებში და ვიცოდეთ მათი მართვა რთულ სიტუაციებში.  კვლევებმა მრავალჯერ დაადასტურა, რომ ჩვენს ცხოვრებისეულ მიღწევებს ემოციური ინტელექტი უფრო განაპირობებს ვიდრე სხვა კომპეტენციები. საბედნიეროდ, ამ უნარების გავარჯიშება და ამაღლება შესაძლებელია. ამისათვის მთავარია მონდომება და საკუთარ თავზე მუშაობა სათანადო სტრატეგიების და ინსტრუმენტების გამოყენებით.


სწორედ ასეთი ცოდნის და უნარების ერთობლიობის აუცილებლობას მივიჩნევ საჭირბოროტო საკითხად, განსაკუთრებით კი ბავშვთა და მოზარდთა აღზრდის პროცესში, რომელზეც საზოგადოების მხრიდან ყურადრების გამახვილება ეპოქალური მოცემულობის შესაბამისად გადაუდებელ პირობას უნდა წარმოადგენდეს.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას ადრეული ასაკიდან ინფორმაციის მიღებასა და რაიმე საგნის სწავლას სკოლებში, და არ ვასწავლით მათ ემოციური ინტელექტის მნიშვნელოვან კომპონენტებს.


მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად მათ სამომავლო ემოციურ შესაძლებლობებსა და სწორად აზროვნებას განსაზღვრავს ადრეულ ასაკში ემოციების მართვისა და მათ მიხედვით სწორად რეაგიების სწავლა.


სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს ემოციური ინტელექტის, როგორც სასკოლო საგნის სასწავლებლებში შემოღება. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია მშობლებმა აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთი ბავშვების ემოციურ განვითარებაზე და ადრეული ასაკიდან ასწავლონ მათ საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა და მათი მიხედვით გადაწვეტილებების მიღება.


ამასთანავე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთივე გარემოს შექმნას სასწავლებლებში იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი საიმედო გარემოში იგრძნონ და ამ მხრივ განვითარების საშუალება ჰქონდეთ. ამისთვის კი აუცილებელია, როგორც მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმაც აიმაღლონ ემოციური ინტელექტი.


ეს მიდგომა კი მიმაჩნია საბოლოოდ არის გზა ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობისათვის ერთ - ერთი მთავარი სეგმენტი.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."