„ტყის აღდგენის სამუშაოები 20 000 ჰექტარზე უნდა ჩატარდეს“ - რა თანხა დაიხარჯება

ნანახია: 256
სრული ინფორმაცია

ტყის აღდგენის პროგრამა შემუშავებულია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა განუცხადა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ტყის ფართობების 35.4% დეგრადირებულია. როგორც იორდანიშვილმა განმარტა, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად გეგმავს და ახორციელებს ტყის აღდგენით სამუშაოებს. მაგალითად, მისი თქმით, გასულ წელს აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 1600 ჰექტარზე ჩატარდა.

„ტყის აღდგენის მასშტაბები ერთი ათად არის გაზრდილი, თუნდაც წინა პერიოდს თუ შევადარებთ - 2013 წლამდე 10 ჰექტარზე იყო განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და 2013 წლიდან (სამიზნე იყო ბორჯომის ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორია) ყოველწლიურად ვცდილობთ გავზარდოთ მასშტაბები. ქვეყანას აქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც, მაგალითად, არანაკლებ 150 ჰექტარი არის კლიმატის სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით გათვალისწინებული, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია 1500 ჰექტარზე ნაკლები ყოველწლიურად არ გაგვიკეთებია ტყის აღდგენისთვის“, - აღნიშნა მან.

იორდანიშვილის თქმით, გეგმის თანახმად, 2030 წლამდე ტყის აღდგენითი სამუშაოები არანაკლებ 20 000 ჰექტარზე უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება ბიუჯეტს, დაახლოებით 40 მლნ ლარია გათვალისწინებული. როგორც იორდანიშვილი განმარტავს, თანხა გამოიყო ბიუჯეტიდან და კერძო პირების, დონორებისა და სხვადასხვა კომპანიის მიერ.

„გასულ წელს ივნისში გაიმართა პრეზენტაცია, შევქმენით მოხალისეობრივი პლატფორმა „ტყის მეგობარი“. როგორც კერძო სექტორი, ისე ადგილობრივი მოსახლეობა და დაინტერესებული მხარეები გამოთქვამდნენ სურვილს, ჩაერთონ მსგავს სამუშაოებში. შედეგისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოვლა, ვიდრე მხოლოდ დარგვა. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო, მოვლა და პატრონობა არ არის ერთჯერადი ხარჯი, 20 000 ჰექტრისთვის დაახლოებით 40 მლნ ლარია პროექტის ჯამური ღირებულება. ეს მოიცავს სხვადასხვა დონორების რესურსებსა და სააგენტოს ბიუჯეტს“, - განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

შეგახსენებთ, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ტყის ფართობების 35.4% (რაც 807 178 ჰექტრის ტოლია) დეგრადირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ტყეები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."