„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია

ნანახია: 13
სრული ინფორმაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 103.5%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება კი პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა, ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად 95 მლნ ლარი შევიდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულება საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.%-ით შესრულდა, სულ ბიუჯეტიდან 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი, ისინი 24%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.

2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება, 2019 წლის მივლინების ხარჯებს კი - 32%-ით (7 მლნ ლარით).

სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.

2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსით გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა. ჯანდაცვის მიმართულებით 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი - ვაქცინის შეძენაზე. სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა, ყველაზე მეტი თანხა - 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე დაიხარჯა, 105 მლნ ლარი კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.

ბიუჯეტის 20 პროგრამაზე მეტის 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 4 პროგრამა საერთოდ არ შესრულებულა, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის ორი პროგრამა, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამა და ბათუმის ავტობუსების პროექტი.

ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა - 99.7%. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებსაც მოიცავს, რომლის პროგრამები მაღალი მაჩვენებლით შესრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.7%-დან 6.9%-მდე შემცირდა, დეფიციტის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი რჩება და წლის ბოლომდე მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია უნდა გააკეთოს. დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, შეამცირებს ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."