ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ნანახია: 404
სრული ინფორმაცია

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დღეს მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. მან სამუშაო პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი პრიორიტეტული ამოცანები დასახა, რომელთა შორის კომისიების კომპეტენციის საკითხის გაძლიერება და ინკლუზიურობისა და ჩართულობის მაქსიმალურ ზრდაა.

ამასთანავე, როგორც ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნა, გამჭვირვალობის მეტად უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს დღევანდელი სხდომა და მომავალში სხვა სხდომებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„დღეს კიდევ მექნება რამდენიმე შეხვედრა მთლიანად ადმინისტრაციის გუნდის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ვისაუბრებ ჩემს ხედვაზე, მათ შორის, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და იმ ამოცანებზე, რომელიც ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ეს არის ინკლუზიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება ამომრჩევლებისთვის, ეს არის ქვემდგომი კომისიების კომპეტენციის საკითხის გაძლიერება და განვითარება და მესამე მნიშვნელოვანი ამოცანა უკავშირდება ინკლუზიურობისა და ჩართულობის მაქსიმალურ ზრდას. დღეს ცესკოს ექნება პირველი სხდომა, რომელიც გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებით და საკმაოდ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე ვიმსჯელებთ და პირველად არის, როდესაც დღეს ცესკო საარჩევნო რეფორმის ფარგლებში გაზრდილი შემადგენლობით შეიკრიბება და იმსჯელებს ამ საკითხებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ჩართვის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია.
ამასთანავე პირველად დღეს ცესკოს სხდომა გადაეცემა პირდაპირ ეთერში, რაც ნიშნავს, რომ გამჭვირვალობის საკითხებზე ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთანავე, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური გაერთიანებების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა არ იყო, ის მზად არის ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის თუ ეს გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო პროცესს.

„მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მზად ვარ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის და ვადასტურებ ჩემს ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გააჯანსაღებს საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესს,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, რამდენად გამორიცხავს ის პოლიტიკურ გავლენებს საარჩევნო პროცესში, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ის ჩამოყალიბდა პროფესიულ საჯარო მოხელედ, რაც გულისხმობს მდგრადობას ნებისმიერი პოლიტიკური თუ კორპორაციული ზეგავლენისგან.

13 წელია ვმუშაობ საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათ შორის, არაერთ წამყვან პოზიციაზე. დღევანდელ დღემდე არ ყოფილა არც ერთი კითხვის ნიშანი ჩემს საქმიანობასთან მიმართებით, ჩემს დამოუკიდებლობის ხარისხთან მიმართებით და რაიმე მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე ამ პერიოდში ჩამოვყალიბდი პროფესიულ საჯარო მოხელედ, რაც, ბუნებრივია, ნიშნავს, მდგრადობას ნებისმიერი პოლიტიკური თუ კორპორაციული ზეგავლენისგან,“- განაცხადა კალანდარიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."