კახა საბანაძე თანამდებობიდან გადადგა

ნანახია: 446
სრული ინფორმაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი. ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“,- წერს საბანაძე.

კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.

ვანო გულაშვილი 2019 წლის 24 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, რომ დავალებებს მხოლოდ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძისგან იღებს, მანამდე მისი უფროსი ნიკოლოზ შარაძე იყო და მხოლოდ მისგან იღებდა დირექტივებს. შარაძე ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსია.

 

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილედ 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე იკავებდა.

წყარო: netgazeti


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."