,,რატომ არის ჩირგვებში ხელისუფლება,-გასცენ პასუხი,,რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი

ნანახია: 254
სრული ინფორმაცია

რატომ არის ჩირგვებში საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ გვესმის ოფიციალური განცხადება, რატომ უნდა საუბრობდეს ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე?! არსებობს საზღვრის დაცვა, სუს-ი - გამოვიდეს ხელისუფლება და გასცეს პასუხი, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონსტიტუციურ მოვალეობას ასრულებდეს, ის მოქალაქეების ტერორსა და პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალზეა გადასული.

„ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა ის ტვირთი, რომელშიც იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ავრცელებს და ასევე საქართველოს ტრანზიტით არ განხორციელებულა ამ ტვირთის ტრანსპორტირება. რუსეთი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ფოთის პორტში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისა და ქართულ ნომრიანი ავტოტრანსპორტის მონაწილეობით, დისკრედიტაციას აკეთებს მსოფლიოს თვალში ჩვენი ქვეყნის. რატომ დუმს საქართველოს მთავრობის სპეციალური სამსახურები, რომლებიც დღესვე ან თუნდაც, გუშინვე უნდა გამოსულიყვნენ და განეცხადებინათ, რა ხდება და რატომ ეწევა რუსეთი დეზინფორმაციას. რაღაც სქემებს ხლართავს რუსეთი, თითქოსდა ერთ დღეში აღმოაჩინა სომხეთის, ბულგარეთის მოქალაქეები და ა.შ. რა გეგმაა და რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას, ამას შემდეგ შევიტყობთ და რუსეთის სპეცსამსახურები რომ არაფერს სიკეთისთვის არ აკეთებენ, ესეც ფაქტია, მაგრამ რატომ არის ჩირგვებში საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ გვესმის ჩვენ ოფიციალური განცხადება, რატომ უნდა საუბრობდეს ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გასაგებია, რომ საბაჟო მნიშვნელოვანია ამ პროცესში, მაგრამ არსებობს საზღვრის დაცვა და არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის საქმიანობის 99 პროცენტი მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის თვალთვალისკენ, დევნისკენ, მოქალაქეების ტერორისკენ, სასულიერო პირებით დაწყებული, პედაგოგებით დამთავრებული. დღეს ვიხილავთ ბიუჯეტს, სადაც 29 მილიონი ლარით იზრდება სუს-ის ბიუჯეტი, არნახულად გაიზარდა ის ბოლო წლებში. აქედან 19 მილიონია ხელფასებისთვის და 10 მილიონი რისთვის? - მოსასმენი აპარატურის შესასყიდად. სუს-ი კონსტიტუციურ მოვალეობას არ ასრულებს და პანაშვიდებზე პოლიტიკური პარტიების წევრების თვალთვალზეა გადასული. ვნახეთ, როგორ უთვალთვალებდნენ ნათელაშვილს პანაშვიდზე და ხატია დეკანოიძეს ჯანმრთელობის ცნობას როგორ ეძებდნენ კლინიკაში და დაადგინეს, რომ კარდიოგრამა გადაუღეს ადამიანს. როცა ამაში იხარჯება მატერიალური ფინანსური და ფიზიკური რესურსები, ამიტომ არის ეს უწყება პოლიტიკური ჟანდარმი „ქართული ოცნების" ხელში. გამოვიდეს ხელისუფლება და გასცეს პასუხი, რა მოხდა ყირიმის ხიდთან დაკავშირებით და რატომ ფიგურირებს აქ საქართველოს სახელი“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.


რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.

„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.

მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.

მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.

„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."