გია ხუხაშვილი - ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ - კობახიძემ გადაიპარსოს თავი, მოიხადოს ბოდიში, თავზე ნაცარი დაიყაროს

ნანახია: 660
სრული ინფორმაცია

სისტემაში არის უკვე სერიოზული ბზარი. სააკაშვილს, როგორც ჩანს, სისტემაში სერიოზული დასაყრდენი ჰყავს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არის ბათუმში.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შიდა სისტემასთან შეთქმულების გარეშე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა.

„სისტემაში არის შეთქმულება, რომლის პირველი სიმპტომიც იყო სუს-ის ჩანაწერების გამოქვეყნება. ამის გარეშე მისი გარანტიების გარეშე ჩამოსვლა იქნებოდა შეუძლებელი. ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული ჯგუფების მხრიდან მას გარანტია ჰქონდა მიცემული. დასკვნა ერთადერთია - ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს.

სააკაშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომ ჩამოვიდეს და ციხეში წავიდეს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიპატიმრობას და ციხეს თავისი კარიერის ნაწილად აღიქვამენ და გრძელვადიან პროცესზე არიან ორიენტირებული. სააკაშვილი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება, ის არის პოლიტიკოსი, რომელიც სწრაფ შედეგზე და დინამიურ პროცესზე არის ორიენტირებული. სრულიად ცხადი იყო, რომ მას ჰქონდა გეგმა.

ამ ხელისუფლებისთვის ბინ ლადენზე უფრო საშიში ძებნილი სააკაშვილი იყო და საზღვარზე შემოეპარათ. შესაბამისად, ინსტიტუტები არ არსებობენ. ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არსებობს. შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. კარგი რა, თქვე სამარცხვინოებო. როგორ ყოფთ გარეთ თავს? რაღაცას იბოდიალებენ. გამოვა ახლა კობახიძე, მაგარ ბიჭობანას ითამაშებს. გადაიპარსოს თავი, ბოდიში მოიხადოს, თავზე ნაცარი დაიყაროს და დაგვენახოს, როგორ არის. ბათუმში რომ დადის, ეს არის კლოუნადა? „დიპფეიკი“ არის? რა სამარცხვინოები არიან, არ დაიჯეროთო, რომ აქ არის ხალხოო- ერთადერთი, რაც დარჩათ, ამის მტკიცებაა. იმას კი არ ამბობენ, რომ დააკავებენ, უბრალოდ არ დაიჯეროთო“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."