გიორგი კანდელაკი - საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ, საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? - სასწაული კონცერტი დადგეს

ნანახია: 54
სრული ინფორმაცია

საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს, - ამის შესახებ დაკავებულმა ბიზნესმენმა, ყოფილმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ისაუბრა, რა გარემოებაში დააკავეს.

„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები. გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში.... სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“, - განაცხადა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კანდელაკის წინააღმდეგ საქმეში სწორედ გორის საკრებულოს დაკავებული წევრის ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება დევს. ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე გოგიჩაიშვილის ადვოკატმა ისაუბრა, რომელმაც ასევე, ბორის გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, სასამართლოს 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. სახეზე იყო სავალდებულო დაცვის უფლება... ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. ის ღამის 2 საათზე, ადვოკატის გარეშე გამოიკითხა. მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, აბა თუ გაიმეორებს. სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას.

ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა.

ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავდა, თითქოს, ის გაყალბებული იყო.

რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილს, ის ქარხანაში მუშად მუშაობდა.

ალექსანდრე კურტანიძე სხვადასხვა ხელშეკრულებებს აფორმებდა“, - განაცხადა ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატმა თამარ კუჭავამ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."