PACE-ს წარმომადგენლები - ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ნანახია: 44
სრული ინფორმაცია

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“. ეს, როგორც ჩანს, ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას ადასტურებს, რომ „რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ შეძლონ“. ეს მიუღებელია და საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."