სრული ინფორმაცია
რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მან სურვილი გამოთქვა, რომ ევროპული პარლამენტების კომიტეტის თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიების შემდეგ ჩამოსულიყვნენ, თუმცა როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მისი რჩევა არ გაითვალისწინეს.
„მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს.
მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.