ივანე ჩხაიძე - საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 10 ათასი ბავშვია აუცრელი - სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია

ნანახია: 201
სრული ინფორმაცია

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევაც იყოს.

მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის ათიათასი აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ჩუტყვავილა ან წითელა აქვს გადატანილი, მას ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრება აქვს.


ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან.

„ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ბავშვი არ მივიყვანე იანვარში, როდესაც მეორე დოზა სჭირდებოდა, დავაგვიანე. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართოს ვაქცინაციის კაბინეტს, ვისაც გაკეთებული არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ჩუტყვავილაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ჩვენ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ გვქონდა 2018 წელს. 10196 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო შემხვევების სერიოზული მატება. წინა წელს იყო სულ 2600 შემთხვევა ქვეყანაში, მაგრამ წელს გვაქვს ასევე აფეთქება. 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3118 დადასტურებული შემთხვევა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ჩუტყვავილა წითელასგან განსხვავებით, მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.

„გარდაცვალების შემთხვევები არის ერთი ასიათას ინფიცირებულზე მაშინ, როდესაც წითელას შემთხვევაში ეს ციფრი არის ერთი 3 ათას ინფიცირებულზე. ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია. გამონაყარი შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი, სხვა დაავადებისგან განსხვავებით“, -განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ჩუტყვავილას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში, რომელსაც ინდივიდუალურად შემოაქვთ ეს ვაქცინები. სახელმწიფოს არ შემოაქვს ეს ვაქცინა. შემოაქვთ მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებს“, - განაცხადა ჩხაიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."