სრული ინფორმაცია
ვფიქრობ, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან უსარგებლო როლს ასრულებს. მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტიის ნაწილია, უხერხული და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრამერმა "თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
კრამერის თქმით, ის წლების განმავლობაში ახდენს ადვოკატირებას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების სახით დაეკისროს პასუხისმგებლობა ქვეყნის არასწორი მიმართულებით წაყვანისთვის და ახლაც აღნიშნული აზრის ერთგული რჩება.
„შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დასახმარებლად 6,5 მილიარდი დოლარი გამოყო და მე სრულად ვუჭერ ამას მხარს, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტია ვართ, როდესაც რუსეთს აქვს თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული, აბსურდულია. გლობალური ომის პარტია, თუ ასეთი არსებობს, მოსკოვშია განთავსებული და არა ვაშინგტონში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი როლი და განცხადებები ძალიან არასასარგებლოა და უკვე წლებია რაც ვამბობ, რომ დროა მას პასუხისმგებლობა დავაკისროთ და ჯერ კიდევ მჯერა ამის. ამას არანაირი კმაყოფილებით არ ვამბობ, არ ვარ მოხარული ამის თქმისას, მე მიყვარს ეს ქვეყანა, აქ ჩამოსვლა, ხალხი არაჩვეულებრივად მეგობრული, სტუმართმოყვარე, გულუხვი და თბილია, მაგრამ არ მსურს იმის ნახვა, ინდივიდებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა, როგორ მიჰყავთ ეს ქვეყანა არასწორი მიმართულებით. სანქციებს ადვოკატირებას კმაყოფილებით არ ვუწევ, შეერთებული შტატებისთვის სანქციების დაწესება რთულია ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ამდენად ღირებული ურთიერთობა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობას, მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა კრამერმა.
წყარო: ფოტო 1 არხი