„ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულ ბარიერად რჩება - უნდა ვეცადოთ ავამაღლოთ მათი კომპეტენციები ბიზნესში“

ნანახია: 98
სრული ინფორმაცია

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ რჩება კრიტიკულ ბარიერად ქალებისთვის ბიზნესში, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქალთა მფლობელობაში არსებული ბიზნესების მხოლოდ 30%-ს აქვს წვდომა მათთვის საჭირო ფინანსურ სერვისებზე. ეს ჩავარდნა განსაკუთრებით გამოხატულია განვითარებად ბაზრებზე, სადაც ქალების მფლობელობაში მოქმედი ბიზნესებისთვის 20%-ით ნაკლებია დაფინანსების მიღების შანსი, ვიდრე კაცების მფლობელობაში არსებულისთვის.

გასულ კვირას Gazelle Finance-მა ფედერაცია “ქალები მომავალისთვის” და „ვიზამ“ ჩაატარეს ერთობლივი ფორუმი “ქალები ბიზნესში”. საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ნათია ჯანელიძის შეფასებით, ქალები ნელ-ნელა ლახავენ კულტურულ ბარიერებს.

„როცა სტატისტიკურად გვაქვს სურათი, რომ საფინანსო ინსტიტუტებისგან ფინანსების გაცემაზე დადებითი პასუხი გაცილებით დაბალია ქალებისთვის, აქ სუბიექტურ მიზეზებთან ერთად უნდა ვეძიოთ ობიექტური მიზეზებიც.


ერძოდ, არ უნდა გამოირიცხოს ის ფაქტი, რომ ბანკისთვის წარდენილი განაცხადების დიდი ნაწილი არ ყოფილიყო სათანადოდ დამუშავებული, ან ბიზნეს გეგმა არ ყოფილიყო საკმარისად ძლიერი, რომ ბანკს დადებითი გადაწყვეტილება მიეღო. ამ მაჩვენებლის დასაძლევად უნდა გავცდეთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ვეცადოთ ავამაღლოთ ქალების კომპეტენციები ბიზნესში.

არაერთხელ თქმულა, რომ გენდერული ბალანსი გლობალური საკითხია და მისი დაბალანსება თავის თავში მოიცავს მრავალი მიმართულებით მუშაობას და განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხიანი განათლება არის ამ საკითხების თავში,“ - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.

მან მაგალითად ფორუმის მეორე პანელის მოდერატორის ქეთი ქვარცხავას მიერ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები მოიშველია, რომლის თანახმადაც ქალთა მიმართვიანობა ბანკებში კრედიტის ასაღებად ბევრად აღემატება კაცების მიმართვიანობას. ამის მიუხედავად, დადებითი პასუხი დაკრედიტებაზე კაცების შემხვევაში ბევრად მაღალია ქალებისაზე.

ამასთან, საკრედიტო პორტფელების ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალები უფრო დისციპლინირებული და კეთილსინდისიერი გადამხედელები არიან, ვიდრე კაცები, ვინაიდან იგივე სტატისკა გვაუწყებს, რომ ვადაგაცილებული პორტფელის პროცენტული მონაცემი ქალების შემთხვევაში მკვეთრად ჩამოუვარდება კაცების მფლობელობაში არსებულ ბიზნესების იგივე მაჩვენებელს.

ნათია ჯანელიძის თქმით, ბევრ ქალს, განსაკუთრებით განვითარებად რეგიონებში, როგორიცაა საქართველო, აქვს შეზღუდული საკუთრება ისეთი აქტივების, როგორიცაა ქონება.

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ქალთა მეწარმეობის კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 20%-ზე ნაკლებს გააჩნდა სესხის უზრუნველსაყოფად აუცილებელი გირაო. გლობალურად, მსგავსი ნიმუში შეიმჩნევა, როდესაც ქალები, თუნდაც უფრო განვითარებულ ეკონომიკებში, ხშირად აწყდებიან სესხებზე უარის თქმის უფრო მაღალ მაჩვენებლებს ან სთავაზობენ უფრო მცირე თანხებს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით,“ - აღნიშნავს იგი.

მისი თქმით, ამ გამოწვევის გადაწყვეტის გზები სხვადასხვა ორგანიზაციამ შეიმუშავა, მათ შორის მსოფლიო ბანკმა, რომელიც ხაზს უსვამს გენდერული პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ნათია ჯანელიძის შეფასებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში ქალები სამუშაო ძალის 40%-ს შეადგენენ, ევროპის მრავალ ქვეყანაში კი, ეს რიცხვი 50%-ს აჭარბებს.

„გენდერული ანაზღაურების განსხვავებას რაც შეეხება, საქართველო გამონაკლისი აქაც არ არის გლობალური ტენდენციისგან: ქალები ჯერ კიდევ ბევრად ნაკლებს იღებენ იმავე შრომისთვის. ევროპაში ეს სხვაობა დაახლოებით 13%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევამ აჩვენა, რომ მეწარმე ქალთა მხოლოდ 35%-ს აქვს წვდომა ფორმალურ ფინანსურ სერვისებზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ შესაძლებლობას, განავითარონ ბიზნესი და კონკურენტულები იყვნენ ბაზარზე.

მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, თუ ქალთა მონაწილეობის გაზრდას შევძლებთ გლობალურ ეკონომიკაში, 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტი 28 ტრლნ დოლარით გაიზრდება,“ - განაცხადა ნათია ჯანელიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."