Главная > არჩევნები 2021 / სიახლეები > 8 საინტერესო ფაქტი ქალების მიერ საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების ისტორიიდან

8 საინტერესო ფაქტი ქალების მიერ საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების ისტორიიდან


30-09-2021, 12:23. Разместил: mariko

ქალების მიერ საარჩევნო ხმის უფლების მოპოვების ისტორია საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანია. მსოფლიოს უახლეს ისტორიამდე ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, მათ შორის არც ანტიკურ საბერძნეთსა და რომის რესპუბლიკაში, არც მე-18 საუკუნის ბოლოს ევროპაში ახლად წარმოქმნილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

ქალთა საარჩევნო ხმის უფლების საკითხი განსაკუთრებით მწვავე პრობლემად მე-19 საუკუნეში იქცა და აქედანვე დაიწყო მისი მოპოვებისთვის აქტიური ბრძოლა.

გთავაზობთ 8 საინტერესო ფაქტს ამ მძიმე და მრავალწლიანი ბრძოლის ისტორიიდან:

1. ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობა შავკანიანთა მონობის გაუქმების მოძრაობიდან წარმოიშვა

ამერიკელი აბოლიციონისტი და ფემინისტი სოჯორნერ ტრუთი.

ფოტო: Hulton Archive

ბევრმა ადრეულმა სუფრაჟისტმა — ქალთა საარჩევნო უფლებისთვის მებრძოლმა — აქტივისტმა გზა 1830-იანი წლების აბოლიციონისტური — შავკანიანთა მონობის გაუქმებისთვის მებრძოლი — მოძრაობიდან გაიკვალა. აბოლიციონისტური ჯგუფები ქალებს დამონებული ხალხის სანაცვლოდ საუბრის, წერისა და გაერთიანების საშუალებას აძლევდა, ზოგჯერ კი წამყვან პოზიციებზეც აყენებდა.

1840 წელს, მას შემდეგ რაც მოტ და ელიზაბეტ სტენტონები ლონდონში მსოფლიოს მონობის საწინააღმდეგო კონვენციას დაესწრნენ, მათ აიძულებს, გალერეაში გადასულიყვნენ დამსწრე ყველა სხვა ქალთან ერთად. ამით აღძრულმა ბრაზმა და აღშფოთებამ ისინი იქამდე მიიყვანა, რომ 8 წლის შემდეგ ნიუ-იორკში აშშ-ის ქალთა უფლებების პირველი კონვენცია მოეწყოთ.

ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობის მიზნები ადრეულ წლებში ბევრად მეტს მოიცავდა, ვიდრე მხოლოდ საარჩევნო ხმის უფლებას. უფრო დიდ მიზნებს შორის იყო წვდომა განათლებასა და მუშაობასთან, თანასწორობა ქორწინებაში და დაქორწინებული ქალის უფლება, ჰქონოდა საკუთარი ქონება; ასევე მეურვეობა საკუთარ შვილებზე და კონტროლი საკუთარ სხეულზე.

2. ქვეყნების უმეტესობაში ქალებმა საარჩევნო ხმის უფლება 1893-1960 წლებში მიიღეს

ფოტო: Pew Research Center

1893 წელს ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა თუ ტერიტორია, რომელმაც ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიანიჭა. Pew Research-ის მიხედვით, აშშ-ში 1920 წელს მე-19 შესწორების — ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭების — მიღებამდე ამის უფლება ქალებს კიდევ მინიმუმ 19 ქვეყანაში ჰქონდათ.

ევროპაში ექვსი ქვეყნის გარდა ყველაში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1960 წლამდე მოიპოვეს. რამდენიმე გამონაკლისს შორის არიან შვეიცარია (1971), პორტუგალია (1976) და ლიხტენშტეინი (1984).

მსოფლიოს სხვა რეგიონებში ქალებმა ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ დიდი კულტურული თუ სამთავრობო ცვლილებების შემდეგ მოიპოვეს. მაგალითად, Pew Research-ის მიერ გაანალიზებული აფრიკის ქვეყნების 80%-ში ეს 1950-სა და 1975 წლებს შორის მოხდა — იმ პერიოდში, როდესაც კონტინენტმა ევროპისგან ფართომასშტაბიანი დეკოლონიზაცია მოახერხა (იმავენაირად აზიისა და სამხრეთ ამერიკის გარკვეულ ნაწილებში). ახლად ჩამოყალიბებულმა ბევრმა ქვეყანამ საარჩევნო ხმის უფლება საყოველთაო გახადა.

ბჰუტანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეროვნული არჩევნები მხოლოდ ამ საუკუნეში დააწესეს. ბჰუტანი მონარქიიდან საპარლამენტო დემოკრატიად 2007 წელს იქცა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კი 2006 წელს ქვეყნის პირველ ეროვნულ არჩევნებში ქალი და კაცი მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილს მისცეს ხმის უფლება. ქუვეითმა ეს შესწორება 2005 წელს შეიტანა და ქალებს ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, ყველაზე გვიან კი ქალებს ადგილობრივ არჩევნებში (ქვეყანაში ეროვნული არჩევნები არ ტარდება) საარჩევნო ხმის უფლება 2011 წელს საუდის არაბეთში მიეცათ.

3. სიუზენ ბ. ენტონიმ და 15-მა სხვა ქალმა 1872 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონოდ მისცეს ხმა

ქალთა უფლებების მოძრაობის პიონერები სიუზენ ბ. ენტონი და ელიზაბეტ სტენტონი, 1891 წელი

ფოტო: United Archives International

1868 წელს 172 შავკანიანი და თეთრკანიანი ქალი აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, არჩევნებზე საკუთარი საარჩევნო ბიულეტენებითა და ურნით მივიდნენ, რათა იმ წლის ეროვნულ არჩევნებში ხმა მიეცათ. 1870-72 წლებში 100-მა ქალმა სცადა საკუთარი ხმის დარეგისტრირება კოლუმბიის ოლქში. საბოლოოდ, 1872 წელს, სიუზენ ბ. ენტონი 16 ქალისგან შემდგარ ჯგუფს გაუძღვა და მათ ნიუ-იორკში საკუთარი ხმის დაფიქსირება მოითხოვეს.

16-ივე მათგანი დააკავეს, ენტონის კი ბრალად წაუყენეს მე-14 შესწორების დარღვევა, რომელიც აშშ-ის 21 წელს გადაცილებულ კაცებს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა. მოსამართლე უორდ ჰანტმა ენტონის საკუთარი თავის დაცვის საშუალება არ მისცა და ის დამნაშავედ სცნო. ენტონის მან $100-იანი ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდაზეც ქალმა უარი განაცხადა და მოსამართლე იძულებული იყო, ის ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოლოდა ან ციხეში გაეშვა.
ჰანტმა იცოდა, რომ ეს ენტონის აშშ-ის უზენაეს სასამართლოში აპელაციის საშუალებას მისცემდა, ამიტომ უარი განაცხადა.

მართალია, ამ დროისთვის მისი სასამართლო საქმე უკვე დახურული იყო, "დეიდა სიუზენმა" საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა და თავისი მამაცი მაგალითით ახალგაზრდა ქალები შთააგონა, რისი წყალობითაც მისი მიზანი მისი გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მიიღწა.

4. ქალმა არჩევნებში კენჭი ხმის მიცემის უფლებამდე 50 წლით ადრე იყარა

ვიქტორია კლაფლინ ვუდჰალი — პირველი ქალი, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი თანასწორი უფლებების პარტიის სახელით 1972 წელს.

ფოტო: Hulton Archive

ვიქტორია ვუდჰალი — აშშ-ის სუფრაჟისტული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა — საკმაოდ ღარიბი და ექსცენტრული წარმომავლობის იყო. ბავშვობაში ის და მისი და ტენესი კლაფლინი ოჯახურ შოუში ექსტრასენსულ მოსმენებსა და სამკურნალო სესიებს უძღვებოდნენ. 1870 წელს სარკინიგზო მაგნატის, კორნელიუს ვანდერბილტის, დახმარებით დებმა საბროკერო ფირმა გახსნეს. მათ უოლ-სტრიტიდან მიღებული შემოსავალი იმ საკამათო გაზეთის დასაფინანსებლად გამოიყენეს, რომელიც ისეთ მიზნებს უჭერდა მხარს, როგორებიცაა პროსტიტუციის ლეგალიზაცია და სიყვარულის თავისუფლება.

ვიქტორიამ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების პატივისცემა დაიმსახურა, როდესაც მან სუფრაჟისტების მხარდასაჭერად 1871 წელს წარმომადგენელთა პალატის სასამართლო კომიტეტის წინაშე იკამათა, მომდევნო წელს კი თანასწორი უფლებების პარტიამ ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 1872 წლის არჩევნებისთვის ვუდჰალს მოწინააღმდეგეებმა დროებით სძლიეს და არჩევნების დღე მან ციხეში გაატარა მას შემდეგ, რაც ცნობილი რელიგიური მოღვაწის, ჰენრი უორდ ბიჩერის, შესახებ სტატია გამოაქვეყნა და მას მრუშობაში დასდო ბრალი. საბოლოოდ ვიქტორიას ყველა ბრალდება მოუხსნეს, ის ინგლისში გადასახლდა და მდიდარ ბანკირზე იქორწინა.

5. ქალთა უფლებების მოძრაობას საკუთარი ჩაცმულობა ჰქონდა

გრავიურა, რომელზეც ნაჩვენებია ე.წ. "ბლუმერებში" შემოსილი ოთხი ქალი.

ფოტო: Kean Collection

1851 წელს ელიზაბეტ სმით მილერმა რადიკალურად ახლებური ჩაცმულობა შემოიღო: მუხლის სიგრძის მოკლე კაბა, რომელსაც შიგნით კოჭებამდე გასდევდა თურქული სტილის ვიწრო და თხელი შარვალი. ამელია ჯენკს ბლუმერმა, რომელიც ქალების ნოვატორული გაზეთის, The Lily-ს, გამომცემელი იყო, მილერის ახალ ჩაცმულობაზე სტატიები დაწერა და მისი ილუსტრაციები დაბეჭდა. მან თვითონაც კი ჩაიცვა რაღაც მსგავსი და სხვა ქალებს მოუწოდა, რომ თავიანთი მძიმე, უზარმაზარი კრინოლინიანი კაბები მოეშორებინათ და ახალ სტილზე გადმოსულიყვნენ. იმ ფაქტის ილუსტრირებასთან ერთად, რომ ქალებს კაბის მიღმა ფეხები ჰქონდათ (შოკისმომგვრელი სიახლე!), ეს ე.წ. "ბლუმერები" ქალებს კარებში, კარეტებსა და მატარებლებში ასვლასა და ატალახებულ ქუჩაში სიარულს უმარტივებდა.

"ბლუმერები" მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ისინი ქალთა უფლებების მოძრაობის სინონიმად იქცა, მოძრაობის კრიტიკოსებისთვის კი — სამარცხვინოდ. მართალია, ისეთმა აქტივისტებმა, როგორიც სიუზენ ბ. ენტონი იყო, ამ სტილზე უარი თქვეს იმის გააზრების შემდეგ, რომ ქალები კაბის გამო უფრო მეტ ყურადღებას იღებდნენ, ვიდრე მათი მესიჯის, მაგრამ ამ ადრეულმა მოდურმა აჯანყებამ საბოლოოდ გზა გაუკვალა ქალებს, ჩაეცვათ ის, რაც სურდათ.

6. ზოგი ქვეყანა თავიდან მაინც ზღუდავდა ქალების საარჩევნო ხმის უფლებებს რასის, ასაკის, განათლების დონისა და ქორწინების სტატუსის მიხედვით

ფოტო: Library of Congress

ზოგ შემთხვევაში ათწლეულები გავიდა, სანამ პოლიტიკური უფლებები ყველა მოქალაქეს მიენიჭებოდა. მაგალითად, აშშ-ში მე-19 შესწორების რატიფიცირებიდან ოთხი ათწლეულის შემდეგ, 1965 წელს, მიიღეს საარჩევნო უფლებების აქტი, რომელიც იმ დისკრიმინაციულ სახელმწიფოებრივ და ლოკალურ შეზღუდვებს დაუპირისპირდა, რომელიც შავკანიანებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევდა.

მსგავსი შეზღუდვები მხოლოდ აშშ-ში არ ყოფილა. კანადაში 1918 წლის კანონმა ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცა, თუმცა ის კანადელებს გამოყოფდა აზიელი კანადელებისა და ადგილობრივებისგან. აზიელმა კანადელებმა ეს უფლება 1940-იანებში მიიღეს, ადგილობრივებმა კი — 1960 წელს.

ავსტრალიაში ადგილობრივ ქალებს საარჩევნო ხმის უფლება 1962 წლამდე არ ჰქონდათ — ანუ მთელი 6 ათწლეული მას შემდეგ, რაც არაადგილობრივმა ქალებმა ეს უფლება მოიპოვეს. სამხრეთ აფრიკაში 60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 1930 წელს თეთრკანიანმა ქალებმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, ხოლო 1993 წელს, აპართეიდის დასრულების შემდეგ — შავკანიანმა ქალებმა.

როდესაც ინდოეთმა პირველად გაავრცელა საარჩევნო ხმის უფლება ქალებზე 1935 წელს, ეს უფლება მხოლოდ იმ ქალებს მიენიჭათ, რომლებიც ხმის მიმცემ კაცზე იყვნენ დაქორწინებულნი ან რომლებსაც განსაზღვრული განათლება ჰქონდათ მიღებული. აქ ხმის მიცემის უფლება საყოველთაო 1950 წელს გახდა.

ზოგ ქვეყანაში თავიდან ასევე ხმის მიცემის უფლება ქალებს უფრო მაღალი მინიმალური ასაკიდან მიეცათ, ვიდრე კაცებს. მაგალითად, 1915 წელს ისლანდიაში 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა მიიღეს საარჩევნო ხმის უფლება. ხუთი წლის შემდეგ ამ ასაკმა 25 წლამდე დაიწია და კაცებისას გაუთანაბრდა.

7. საქართველოში ქალებმა საარჩევნო ხმის უფლება ერთ-ერთმა პირველებმა 1918 წელს მოიპოვეს

პირველი პარლამენტარი ქალები:ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.

პირველი პარლამენტარი ქალები:ანა სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი / კოლაჟი: On.ge

დიახ, ნამდვილად ასეა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა "დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა", რომელიც იმ დროისთვის ძალიან პროგრესული იყო. მის მიხედვით, დამფუძნებელი კრების წევრები პროპორციული წესისამებრ ირჩეოდნენ საყოველთაო არჩევნებით, რომელში ხმის მიცემაც ყველას შეეძლო "განურჩევლათ სქესისა". ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის უფლება ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც მიეცათ.

გარდა ამისა, დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობა 20 წელს გადაცილებულ ნებისმიერი სქესის მოქალაქეს შეეძლო. 1919 წლისთვის — ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდათ — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.

8. არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

ფოტო: Wikipedia

აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელი ყარაჯლარი, რომლის მოსახლეობაც ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელებისგან შედგება, 100 წლის წინ დემოკრატიის ძალიან კარგი მაგალითი იყო — აქ 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი ფარიხან სოფიევა აირჩიეს.

ფარიხან სოფიევას შესახებ დიდწილად ადგილობრივ მოსახლეობაში მასზე არსებული მოგონებებიდან ვიცით. ის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში პატრიარქალური მუსლიმური წყობისთვის კატეგორიულად მიუღებელი ქცევით გამოირჩეოდა — როგორც ხალხი იხსენებს, ფარიხანი თუთუნს ეწეოდა და იარაღსაც ატარებდა.

1918 წელს იმისთვის, რომ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები, რელიგიის თავისუფლება და საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა კონსტიტუციით ყოფილიყო დაცული, არჩევნების ჩატარება სოფლებში დაიწყეს. როგორც ჩანს, სოფიევა თავის სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რადგან, როგორც არქივში შენახული დოკუმენტიდან ირკვევა, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უწევდა კონკურენციას.

წყარო: ON.GE


Вернуться назад