Главная > საზოგადოება / კრიმინალი > „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.


21-02-2022, 14:55. Разместил: mariko

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომხმარებლებმა სმს-შეტყობინება ფოსტისგან მიიღეს.

კერძოდ, როგორც „საქართველოს ფოსტის“ განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

„თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდის მეშვეობით. მოგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებ-გვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება. სავარაუდო კიბერდამნაშავეების მიერ შეთავაზებულ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება „საქართველოს ფოსტის“ მსგავსი ყალბი ვებ-გვერდები. ამგვარი ყალბი გვერდების მისამართები, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართთან www.gpost.ge. მოგახსენებთ, რომ გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან და ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება. შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი,“-აღნიშნულია ფოსტის განცხადებაში.


Вернуться назад