გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელად საქართველოს 53 897 მოქალაქე დარეგისტრირდა

ნანახია: 553
სრული ინფორმაცია

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასასვლელი სააპლიკაციო ფორმა ორ დღეში საქართველოს 53 897 მოქალაქემ შეავსო, აქედან 18 776-მა - ბოლო 24 საათში. ინფორმაცია ტაბულას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში მიაწოდეს.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.  დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1-ელი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში სპეციალურ პორტალზე.

დასაქმების ხელმშემწყობი სააგენტოს ცნობით, დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით.  ეს ხარჯები არ იქვითება ხელფასიდან. კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს (მომუშავე თუ დამსაქმებელი).

ასევე, სამუშაო ადგილზე საკვებით უზრუნველყოფის საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. იგი აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. სამუშაო შეთავაზების მიღებამდე, სეზონური მუშაკისთვის ცნობილი გახდება - მგზავრობის ხარჯებს დამსაქმებელი დაფარავს თუ თავად. 

გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ვებ-გვერდზე: workabroad.moh.gov.ge. დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო სააგენტომ რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია გამოაქვეყნა.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საქართველოს მოქალაქე;
  • 18-დან 60 წლამდე ასაკის;
  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
  • არის ჯანმრთელი (დასაქმება გულისხმობს სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე ყოველდღიურ ფიზიკურ დატვირთვას);
  • აქვს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
  • არ არსებობს რაიმე მიზეზი, რაც იწვევს გერმანიაში შესვლის შეზღუდვას;
  • სასურველია უცხო ენების (გერმანული, ინგლისური) მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."