Главная > სიახლეები / საზოგადოება > ომბუდსმენი: 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა

ომბუდსმენი: 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა


23-06-2021, 12:00. Разместил: mariko

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საანგარიშო პერიოდში კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. ომბუდსმენის მონაცემებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა.

„ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ არის დანერგილი. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების
დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება ასევე ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ომბუდსმენი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. იქნება პარლამენტის ტრიბუნიდან განცადებებით გამოსვლები.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.


Вернуться назад