Главная > სიახლეები / საზოგადოება > გაერო: ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 43 მილიონი ბავშვი უსახლკაროდ დარჩა

გაერო: ბუნებრივი კატასტროფების შედეგად 43 მილიონი ბავშვი უსახლკაროდ დარჩა


8-10-2023, 20:00. Разместил: mariko

გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან 2021 წლამდე, დაახლოებით 43 მილიონი ბავშვი ექსტრემალური ამინდის გამო იძულებით გადაადგილდა. მოხსენების ავტორები ამბობენ, რომ ბავშვები და მათი ოჯახები სახლებს, პლანეტაზე კლიმატის ცვლილების გამო, ელვის სისწრაფით ტოვებენ.

„ეს მაჩვენებელი უფრო თვალნათლივ რომ გავიგოთ, დაახლოებით 20 000 ბავშვი თავის სახლს ყოველდღიურად ტოვებს“, - აცხადებს ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი რორა ჰილი.

დევნილი ბავშვების ნახევარზე მეტი ინდოეთში, ჩინეთსა და ფილიპინებში ცხოვრობს. მაგრამ თუ სტატისტიკას თითოეული ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად შევხედავთ, ყველაზე მეტად აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნები და კარიბის ზღვის პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები დაზარალდნენ.

მათგან 95% ქარიშხლებსა და წყალდიდობს გაექცა.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ბავშვთაგან ბევრს შესაძლოა არაერთხელ განუცდია იძულებითი ევაკუაცია.

ანგარიშის ავტორების პროგნოზი საგანგაშოა: მათი თქმით, გლობალურ დათბობასთან ერთად, მომდევნო 30 წლის განმავლობაში დამატებით 100 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიგრაციისა და ლტოლვილთა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვერენა კნაუსი მიიჩნევს, რომ რეალურად ეს რიცხვი შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან სპეციალისტებს არ აქვთ სრული მონაცემები.

„მსოფლიო საკმარისს არ აკეთებს. საკითხავია, კონკრეტულად რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაუყოვნებლივ? უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინვესტირება ადრეული გაფრთხილების სისტემებში ამინდის ანომალიების მქონე მაღალი რისკის ქვეყნებში“, - ამბობს კნაუსი.

ცნობისათვის, ანგარიში 44 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას მოიცავს.


Вернуться назад