Главная > პოლიტიკა > აქციის მონაწილეებმა მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს
აქციის მონაწილეებმა მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48 საათი მისცეს24-01-2021, 19:00. Разместил: mariko |
მთავრობის ადმინისტრაციასთან პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი მზიურში, სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე აქციას შეუერთდება. მათ, მთავრობის წევრებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთ შესაძლებლობად სამთავრობო უწყებების პიკეტირება დაასახელეს. ,,ჩვენი მოთხოვნაა სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა, იმ უტოპიური შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ყველას აზარალებს. ახლა ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, თუ ხელისუფლებამ არ შეისმინა ეს ყველაფერი. პიკეტირება ერთ-ერთ ვერსიად განიხილება და 48 საათში დაანონსდება ყველაფერი”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ. 1 თებერვლიდან: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით; ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება. Вернуться назад |