Главная > პოლიტიკა > სალომე სამადაშვილი მის განცხადებაზე, რომ „ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი“ - ორბანის პარტია განეკუთვნება ევროსკეპტიკოსების რიგებს და ეს არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროპულ პერსპექტივას

სალომე სამადაშვილი მის განცხადებაზე, რომ „ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის მიერაა წარდგენილი“ - ორბანის პარტია განეკუთვნება ევროსკეპტიკოსების რიგებს და ეს არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს ევროპულ პერსპექტივას


15-11-2022, 20:55. Разместил: mariko

ევროკომისარმა დიპლომატიური გზა აირჩია, რომ ივანიშვილზე შეკითხვა დაეტოვებინა გარკვეულწილად უპასუხოდ, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ პასუხი ამ შეკითხვაზე მათ შორის, ევროპარლამენტში, სადაც ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ როცა საუბარია დეოლიგარქიზაციაზე ჩვენს ქვეყანაში, საუბარი შეეხება ივანიშვილის გავლენისგან ჩვენი სისტემის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისრის განცხადებას ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მისივე თქმით, როცა ევროკომისია გააკეთებს საბოლოო შეფასებას, იქ გაეცემა პასუხი ყველა შეკითხვას, თუ ვინ რა გააკეთა სტატუსის მისაღებად.

„მე ვიზიარებ ევროკომისრის შეხედულებას, რომ პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, რადგან უმრავლესობა ხმების პარლამენტში აქვს „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც პარლამენტი მიიღებს ხმათა უმრავლესობით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვმონაწილეობთ პროცესში, ვაინიცირებთ ალტერნატივებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ თვლის ღირსად, რომ გაითვალისწინოს და ამავე დროს გვთავაზობს გადაწყვეტილებებს, რაც აცდენილია ევროკავშირის მოთხოვნებს.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ინსტიტუციურ რეფორმას გულისხმობს ევროკავშირი და ევროკომისარმა ეს დაადასტურა. ეს იყო „ლელოს“ პოზიციაც ყოველთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დეპუტატს ჰკითხეს ასევე, მის მიერ ერთ-ერთ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ევროკომისარი ოლიბერ ვარჰეი ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, რომელიც არის პუტინის პოზიციების მოკავშირე. სალომე სამადაშვილმა ამ კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ დარჩენილია მხოლოდ ორბანის პარტიის იმედად, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ იქნება ძლიერი მოკავშირე.

„ქართული ოცნება“ რატომღაც ფიქრობს, რომ ევროპულ გზაზე მათი მოკავშირე არის ორბანის პარტია. ის, შეგახსენებთ, რომ, გარიყულია ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობიდან ევროკავშირში. ორბანის პარტია განეკუთვნება ევროსკეპტიკოსების რიგებს და არის ის პარტია, რომელიც ლობირებს რუსეთის პოზიციებს ევროკავშირის შიგნით და ჩემი პოზიცია არის ის, რომ „ქართული ოცნება“, რომელმაც ყველა ხიდი დაანგრია ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებთან ევროკავშირში, მათ შორის საკუთარ პარტნიორ პარტია „სოციალისტებთან“, დღეს არის ორბანის იმედად ევროკავშირში ლობირების თვალსაზრისით და ეს არ არის ის გზა, რომელიც მოგვიტანს ევროპულ პერსპექტივას, რადგან ამას სჭირდება წევრი სახელმწიფოების კონსენსუსი და ამ კონსენსუსს აცდენილი უნგრეთის ხელისუფლება ვერ იქნება ჩვენი ძლიერი მოკავშირე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკომისარმა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ (ვის ეხება დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია) საკითხებზე შეკითხვის პასუხად აღნიშნა - "თქვენ გგონიათ, ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? - არა მგონია".


Вернуться назад