,,არ იჯერებს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას",- მამუკა მდინარაძე

ნანახია: 528
სრული ინფორმაცია

არ იჯერებს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, ანზორ ჩუბინიძე იცნობს ნახევარი საქართველო, არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს.

მისი თქმით, საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერები 2010-2011 წლებშია გაკეთებული და მას ოპოზიცია „შავი დღისთვის" ინახავდა.

„ლელო" და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საერთო მიზანი ხომ ვიცით, რომ მოლაპარაკების ჩაშლაა - „არ დავჯდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან, არ დავჯდებით ვთქვათ ირაკლი კობახიძესთან ერთად", ამას იტყვიან ბუნებრივია, რადგან მათ სჭირდებოდათ საბაბი, ეს საბაბი ჰქონდათ „შავი დღისთვის“ გადანახული. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ, რომ უნდა დამჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, ეს სიცრუე, დამონტაჟებული, ამოჭრილი სიტყვები, ფრაზები რაღაც ამბავთან დაკავშირებული. საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი 2010-2011 წლებშია გაკეთებული და აქეთ შეტევას ბედავენ და კადრულობენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე შექმნეს და ყალბი კონტენტი შექმნეს და არ გაბრაზდა ეს ხალხი ამაზეც, ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება. არ იჯერებს ეს ხალხი „ქართული ოცნების" ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას, რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, ანზორ ჩუბინიძე იცნობს ნახევარი საქართველო და არ დაიჯერებენ ანზორ ჩუბინიძის ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, უგულავას და ბოკერიას კდემამოსილებას და რა გავაკეთოთ ახლა?! ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან არის ახლოს“, - აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, რაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია, ხომ არ უნდა დაადგინოს ეს შესაბამისმა ორგანომ და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება შესაძლო დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით, მდინარაძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკოსის სათქმელი არ არის.

„ეს არაერთხელ მითქვამს, რომ მე, პოლიტიკოსი ვერ ვიტყვი პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს. როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას, როცა ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგიდან განპირობებული რაღაც ქმედებები და დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს. მე ამას ვერ მივუთითებ, არც მივუთითებ და არც ვიტყვი, რადგან იმ წამსვე თქვენი უმრავლესობა მეტყვით, რომ თქვენ მიუთითეთ, ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, ამაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება,"- განაცხადა მდინარაძემ.


ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძე იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."