ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობა არათუ კანონის დაცვა, არამედ პირდაპირი დარღვევაა კონსტიტუციით დაცული უფლებების", - კოტე ჩოკორაია

ნანახია: 502
სრული ინფორმაცია

დღეს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობა არათუ კანონის დაცვა, არამედ პირდაპირი დარღვევაა კონსტიტუციით დაცული უფლებების - დაუშვებელია, პარლამენტმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირის მიმართ, ფორმალური მოტივების გამო, უკვე მეორედ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კონსტანტინე ჩოკორაიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების დღევანდელი განცხადებები საბჭოთა წარსულს უფრო ჰგავს, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიას.

„საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრის დაპატიმრება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი არ შეიძლება განყენებულად და ფორმალურად განიმარტოს, პარლამენტის წევრის სტატუსი და წევრის პოლიტიკური საქმიანობა განსაკუთრებული დაცვის გარანტიებს იძლევა. მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს, რა არის პატიმრობის მიზანი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან აიცილონ: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა. სწორედ ამ გარემოებების არსებობის დროს არის გამართლებული პირის დაპატიმრება და აღკვეთი ღონისძიების ამ სახით გამოყენება.

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი პირდაპირ არის დაკავშირებული დეპუტატის პოლიტიკურ საქმიანობასთან, ამიტომაც ხელისუფლების მხრიდან უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი მცდელობა, ფორმალური მოტივებით, ოპოზიციის ლიდერის მიმართ განხორციელდეს პოლიტიკური ანგაშისწორება. საქართველოს პარლამენტის წევრებს მაღალი პოლიტიკური შეგნების გამოვლენა და ინსტიტუციის პატივისცემა მართებთ, მით უმეტეს, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო დაპატიმრების საკითხი დგას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხის სასამართლოსთვის მინდობა, პარლამენტის არსის უგულველყოფას წარმოადგენს, ვინაიდან განსაკუთრებული საფრთხის არსებობის პირობებში არის შესაძლებელი დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის გაცემა, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. მით უმეტეს, თუ ადამიანი უდანაშაულოა (მინიმუმ უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით) და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის იქნეს გამოყენებული. დღეს ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის თანხმობა არათუ კანონის დაცვაა, არამედ პირდაპირი დარღვევაა კონსტიტუციით დაცული უფლებების. დაუშვებელია, პარლამენტმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირის მიმართ, ფორმალური მოტივების გამო, უკვე მეორედ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. დემოკრატიის არსი გულისხმობს ხელისუფლებაში მყოფი პირების განსაკუთრებულ ძალისხმევას მაქსიმალური სიფრთხილით და მაღალი სტანდარტის დაცვით იმოქმედონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. უმრავლესეობის დეპუტატების დღევანდელი განცხადებები, თითქოს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფოს და კანონის დაცვას ემსახურება, უფრო საბჭოთა წარსულს ჰგავს, ვიდრე თანამედროვე დემოკრატიას“, - განაცხადა ჩოკორაიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."