ომმა NATO-ს გაფართოების ფანჯარა გახსნა, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს – ინტერვიუ ვოლკერთან

ნანახია: 77
სრული ინფორმაცია

თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაზე - “დიდება უკრაინას” NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა უკრაინაში მიმდინარე ომით შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მიმოიხილა აშშ-ს, საქართველოს, NATO-სა და ევროკავშირის პოლიტიკა კონფლიქტის კვალდაკვალ. 

უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, რა ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველომ თავდაცვის სფეროში?

ვფიქრობ, თავდაცვის სფეროში საქართველომ უნდა გააგრძელოს აშშ-სთან სამხედრო კავშირი, ამასთანავე, მთლიანად, NATO-სთან ურთიერთობა. ჩემი აზრით, უკრაინის ომმა NATO-ს გენერალური გაფართოების შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა. ომის დასრულების შემდეგ, უკრაინა საკმარისად მზად იქნება, რომ NATO-ს წევრი გახდეს. და ამის შესაძლებლობაც იქნება. საქართველო უნდა დარწმუნდეს, რომ მზად არის, გაწევრიანდეს იმავე დროს, როდესაც უკრაინას ამას შესთავაზებენ. დღეს საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მოემზადოს იმ მომენტისთვის. 

როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას უკრაინის მიმართ? რას შეიძლება ვაკეთებდეთ უკეთ?

საქართველოს ჰყავს ძალიან დიდი ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც უკვე შეიჭრა ქვეყანაში და წაიღო ტერიტორიების 20%. ამიტომ, ვფიქრობ, სიფრთხილე ლეგიტიმურია. ნორმალურია, ეცადო თავიდან აირიდო ის სიტუაცია, სადაც საქართველო პირდაპირ შეტაკებაშია რუსეთთან. თუმცა, ამავე დროს, ზუსტად იმიტომ, რომ რუსეთი უკვე შეიჭრა საქართველოში და მიიტაცა ტერიტორიების 20%, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ აჩვენოს საგულისხმო თანაგრძნობა და გაგება იმის, რასაც უკრაინელები განიცდიან. ამასთანავე, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა და უფრო დიდი ხანი გაგრძელდა, ვიდრე 2008 წლის ომი საქართველოში. 

საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ კომუნიკაციის პრობლემაც არის. საქართველოს აქვს რიგი აკრძალვები და შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ. მაგალითად, არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, არ ჰყავს ელჩი მოსკოვში. და ქართული ბანკები არ ახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთთან კავშირით, რადგან შედეგად, თავად არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ. შესაბამისად, საქართველო ბევრ რამეს აკეთებს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხშირად სწორად მოწოდებული არ არის. 

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს საქართველო აშშ-დან? 

ვფიქრობ, აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით  უკვე დიდი ხანია სტაბილურია, იქნება ეს დემოკრატების ადმინისტრაციის დროს, თუ რესპუბლიკელების. ჩვენ განუზომლად ვუჭერთ მხარს საქართველოს. რეალურად ვხედავთ საქართველოს, როგორც ოჯახის ნაწილს, როგორც ტრანსატლანტიკურ ქვეყანას, ევროპულ ქვეყანას. დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, ხალხი, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არიან ცხოვრებით, კულტურით შთაგონებულები.

გვინდა, ვიხილოთ საქართველოს წარმატება. ვხედავთ  [აშშ-ს] განუზომელ მხარდაჭერას რეფორმების კუთხით. პოლიტიკური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, დახმარება, კულტურის გაცვლა, სამეცნიერო მიმოცვლა, სამხედრო კოოპერაციები. განუზომლად პოზიტიური ურთიერთობა, რაც არ მგონია, რომ შეიცვლება. 

თუმცა, რაც შეიცვლება, არის ის ფაქტი, რომ რუსეთმა ყველაფერი დაამსხვრია/გაანადგურა. მან ნათლად აჩვენა, რომ არის გენოციდური, ფაშისტური და იმპერიული ძალა, რომელიც ცდილობს სხვა ქვეყნების დაპყრობას, ტერიტორიების მიტაცებას, მოსახლეობის განადგურებას. და ისინი აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ამის გამო, მგონია, რომ ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა საქართველოსთვის იმაზე რეალურია, ვიდრე მანამდე იყო. NATO-ს წევრობა განსახილველ მაგიდაზე დაბრუნდება, რაც რეალურად მიღწევადია. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავხუროთ ნაცრისფერი ზონები, რაც რუსეთს, NATO-სა და ევროკავშირს შორის არსებობდა. საქართველო ერთ-ერთ ამ ნაცრისფერ ზონაში იყო გაჭედილი. და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ეს.

როგორ შეაფასებდით მმართველი პარტიის რიტორიკას, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკის ელჩი, საქართველოს ომში ითრევს?

ვიცი, რომ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები რაღაც წერილებს წერენ. ეს თავისუფალი ქვეყანაა: მათ შეუძლიათ თქვან, რაც უნდათ. და ეს ნორმალურია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ რასაც ისინი ამბობენ, ტყუილია. არავინ არ ყოფილა, ვისაც ოდესმე უცდია საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაეთრია. ბაიდენის განცხადებების ნახვაც კი საკმარისია. ის ომში უკრაინის სასარგებლოდ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს არ რთავს. ჩვენ არ ვაგზავნით აშშ-ს სამხედრო ფორმიანს უკრაინაში სამხედრო წვრთნებისთვის. ასე რომ, ჩვენ თავად არ ვერთვებით ომში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მოვუწოდებთ, ომში ჩართვისკენ. აქედან გამომდინარე, ეს მარტივად არასწორია. მათ შეუძლიათ რაც უნდათ ის თქვან, მაგრამ მთავარია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა არის სიმართლე.

რას ფიქრობთ, საითკენ მიჰყავს ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველო და მისი ხალხი?

საქართველო არის ქვეყნა, რომელსაც აქვს ძლიერი სწრაფვა თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ. ქართველმა ხალხმა იცის, რომ ევროპული ქვეყანა აქვთ შესანიშნავი ისტორიით, შესანიშნავი ტრადიციით, შესანიშნავი ენით, საუკუნეობრივი კავშირით ევროპასთან.

ამას ვერავინ ვერ წაართმევს. ეს იქნება ის, რაც განსაზღვრავს საქართველოს მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მთავრობაში, არ აქვს მნიშვნელობა რა არის შიდა პოლიტიკური სიტუაცია, ქართველმა ხალხმა იცის, ვინაა. საქართველო არის და დარჩება ევროპულ ქვეყნად. და ჩვენ საბოლოოდ გავხდებით ევროატლანტიკური ორგანიზაციების ნაწილი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."