შალვა ალავერდაშვილი: „ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა“

ნანახია: 544
სრული ინფორმაცია

„ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა“ – ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რეგიონების დატვირთვის 90% სწორედ ადგილობრივ ვიზიტორებზე მოდის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც უცხოელი ტურისტები ჯერ კიდევ არ არიან, „ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ“.

„ტურისტული ბიზნესი ნელ-ნელა ძალას იკრებს. თბილისში დატვირთულობის კოეფიციენტმა თითქმის, 35%-ს მიაღწია, რასაც რა თქმა უნდა, 2019 წელს ვერ შევადარებთ, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ობიექტები თავის თავს ინახავენ. ეს არის ის რიცხვი, როდესაც სასტუმროს შეუძლია მუშაობა განაგრძოს, რაც უკვე კარგია. იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორი თანდათან ბოლომდე აღდგება, თუმცა ეს საკმაოდ რთული და განგრძობითი პროცესი იქნება“,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრები გახსნილია, უცხოელი ვიზიტორების შემოსვლას ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს.

„ბევრი ქვეყანა დღესაც მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. გარდა ამისა, ვაქცინაცია ქვეყანაში ძალიან მცირე მასშტაბით არის განხორციელებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტისთვის. როდესაც სტატისტიკა ასეთ დაბალია, ეს ქვეყანაში ვიზიტორების შემოდინებაზე ნეგატიურად აისახება.

რეალურად, შიდა ტურიზმზე დადგა რეგიონების დიდი ნაწილი. ახლაც დატვირთვის თითქმის, 90% შიდა ტურისტებზე მოდის, რაც რა თქმა უნდა, კარგია იმ გაგებით, რომ ქართველებმა დაიწყეს ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და შიდა ტურიზმი უფრო განვითარდა. თუმცა, ეს ქვეყნისთვის დიდად მომგებიანი არ არის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ერთი ჯიბიდან ვიღებთ ფულს და მეორეში ვდებთ. ეს კარგია იქნება მაშინ, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება და რეგიონებიც უცხოელი ტურისტებით დაიტვირთება“- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."