სალომე ზურაბიშვილი სპორტსმენებს - სპორტი, ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო, ჩვენ გვჭირდება ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ (+video)

ნანახია: 575
სრული ინფორმაცია

ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული წელი და წლები დაპირისპირების - თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი და ოლიმპიადა არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ,- ასე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებს, საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების წარმოჩენა სჭირდება და ოლიმპიელებს ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა! და ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი, რომ მაცვია თქვენი ფორმა! იმიტომ, რომ მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, ამის უკან რამდენი მუშაობა, რამდენი გამძლეობა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას და ეს არის იმ მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარი. გავიარეთ ძალიან რთული წელი, წელიწადნახევარი. თქვენთვის ალბათ კიდევ უფრო რთული იყო ეს პანდემიის წელი, რამეთუ სპორტსმენისთვის თუ შეჯიბრებში მონაწილეობა და ასპარეზობა არ შეიძლება, ეს არის მძიმე და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია ამ სპორტში და შემდეგი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, თქვენს ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, ძნელია. ვიცით, რომ არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები და ესეც ძალიან რთულია, როდესაც გამოდიხარ ცარიელ სტადიონზე, მაგრამ ამისთვის დიდი მადლობა მაინც იაპონიას, რომ ეს შეძლო. ვიცით, მთელ მსოფლიოში ეს რამდენად რთული ამოცანა იყო და არის. პანდემიის გარდა ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, წლები დაპირისპირების და თქვენ აქაც ძალიან გამორჩეული როლი გაქვთ, რამეთუ სპორტი, ოლიმპიადა ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ.

და კიდევ ერთი, ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენა, თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს თუ რა არის საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ როგორც ვართ - ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ჩვენ გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ისინიც იყვნენ იქ, ავღანეთში ძალიან რთულ პირობებში ჩვენი წარმომადგენლები, საქართველოს სახე და ძალიან ღირსეულად ატარეს ეს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ საქართველოს სახე ხვალ, ზეგ. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას და ყოველ შემთხვევაში, უკვე ხართ გამარჯვებულები და ჩვენც თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."