სრული ინფორმაცია
მედიის ცნობით, ავსტრიელი ევროპარლამენტარი „მწვანეთა პარტიიდან“, ლენა შილინგი, ბათუმში აპირებს ჩამოსვლას ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად.
ლენა შილინგი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს 16 მაისს დაესწრება.
გამოცემა heute წერს, რომ ევროპარლამენტარი აპირებს აწარმოოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის გათავისუფლების კამპანია დევიზით – „დემოკრატიისთვის ბრძოლა – ქალების საქმეა“.
„პირადად დავაკვირდები მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს, როგორც ევროპარლამენტის წევრი და როგორც ნიშანი იმისა, რომ ევროპა ყურადღებას აქცევს ჟურნალისტებისა და აქტივისტების კრიმინალიზაციას“ – განაცხადა შილინგმა. მისი თქმით, დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისადმი ერთგულება დანაშაული არ არის.
„მთელ მსოფლიოში ქალები სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან – იქნება ეს ირანი, ბელარუსი თუ საქართველო“, – აცხადებს ევროპარლამენტარი. მისი თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, „მამაცი ქალების საერთაშორისო მოძრაობის ნაწილია“.
ავსტრიელი ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს მისი შესაძლებლობების გამოყენებას ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის.
ევროპარლამენტარმა პეტიციაც შექმნა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს. პეტიცია ორ ენოვანია და მისი ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად, ისე გერმანულად. პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.
წყარო: ნეტგაზეთი