ჩემი გერმანული სახლი

ნანახია: 976
სრული ინფორმაცია

თბილისიდან 64 კილომეტრში არის ქალაქი, რომელსაც ადრე გერმანული სახელი კატარინენფელდი ერქვა. ის ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის, რომელიც მეფის რუსეთის დროს კავკასიაში ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს.

გერმანელები იქ უკვე დიდი ხანია აღარ აცხოვრობენ – სტალინმა ისინი 1941 წელს გაასახლა. დღეს კი ის უნიკალური, 200-წლოვანი არქიტექტურაც იკარგება, რომელიც ამ პატარა, ერთ დროს ევროპული ქალაქისგან შემორჩა. 2018 წლის ოქტომბერში ბოლნისმა გერმანელთა ჩამოსახლებიდან 201 წელი აღნიშნა.

სტატიის ავტორი მარიკო წიქორიძე თავად ცხოვრობს ბოლნისში, გერმანელების მიერ აშენებულ ერთ-ერთ სახლში. ის თავისი გერმანელი “წინაპრების” ისტორიას ჰყვება.

ბოლნისში, ქალაქის ცენტრში, იქ სადაც ყოფილი ლუთერული ეკლესია – ქირხე ფართო ქვაფენილიან და დიდ აივნებიან ქუჩას უერთდება, პირველსავე შესახვევში ჩემი გერმანული სახლია.

1821 წლიდან 1941 წლამდე ჩემს სახლში აფთიაქარი ოტო ფრანცი ცხოვრობდა. ოტოს დედა გრეტა ვალკერი მაშინდელ კატარინენფელდში ცნობილი ფარმაცევტი და მკურნალი იყო, სწორედ ამიტომ ჩემი ბაბუა ხშირად იხსენებდა, რომ 1941 წელს, როდესაც შემოდგომის ერთ ღამეს სტალინის ბრძანებით გერმანელები ბოლნისიდან გაასახლეს და მათ სახლებში ქართული ოჯახები შეასახლეს, სხვას თუ სარდაფებში გერმანული ღორის შაშხით გადავსებული კასრები დახვდა, ჩვენი სახლის სარდაფში მინის კოლბები იყო ჩამწკრივებულიო.

ფრანცების ოჯახის სააფთიაქო კოლბები ჩემს სახლში დღესაც ინახება. თუმცა, სხვა ფუნქციას ასრულებს – მამა მათში საშობაო სასმელს ინახავს. მთელი წესების დაცვითა და გერმანული რიტუალით.

კოლბების გარდა, ოტო ფრანცზე სახლის ერთ კედელზე შემორჩენილი გერმანული წარწერაც გვიყვება “hause Otto franc 1821”.
გერმანული კვალი ბოლნისში ჩემი სახლის მიღმაც მრავლადაა. ვიდრე ქალაქში შემოხვალთ, გზად 13-კილომეტრიანი კაკლის ხეების ხეივანი შეგხვდებათ. ირგვლივ კი ხელის გულივით დამუშავებული სავარგულებია. ეს ხეივანი ჩვენი გერმანელების დანატოვარია.
ვიუტენბერგელმა შვაბებმა (მხარე გერმანიაში) ჩემი ქალაქის უნიკალური ისტორია შექმნეს.

ვიუტენბერგელი დედოფლის ხალხი

ეს ამბავი 200 წლის წინ, 1817 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე I-ის მანიფესტის საფუძველზე, სამხრეთ კავკასიაში მუდმივი ომების გამო შიმშილის პირას მყოფი გერმანიიდან კოლონისტების ჩამოსახლება დაიწყო.

ქვემო ქართლში სულ 15 ათასი ოჯახი დასახლდა და აქედან 1600 კატარინენფელდში – დღევანდელი ბოლნისის ტერიტორიაზე. მათ რელიგიური თავისუფლება მისცეს და გადასახადებისგანაც გაათავისუფლეს.

სახელი კატარინენფელდიც ამ დასახლებას ვიუტენბერგელი დედოფლის – ეკატერინეს პატივსაცემად დაარქვეს.

საარქივო ფოტოებიდანაც ჩანს და ბოლნისელებიც ჰყვებიან, რომ სულ რაღაც 10 წელიწადში აქაურობა ევროპულ ქალაქად იქცა, რომლის მსგავსიც სხვაგან საქართველოში არსად იყო.

ბოლნისის გერმანელების დროს

გერმანელმა კოლონისტებმა დიდი ცოდნა და გამოცდილება ჩამოიტანეს. ბაბუაჩემის მონაყოლიდან მახსოვს, რომ ბოლნისში მოვლილი გზები და ტროტუარები იყო. გერმანელებს ბევრი საქონელი ჰყავდათ, მაგრამ ქალაქში მოსიარულე ძროხას ვერ ნახავდიო.

მესაქონლეობასა და სოფლის მეურნეობასთან ერთად, გერმანელებმა მალევე ააგეს წისქვილისა და ღვინის ქარხნის შენობები, რომლებიც დღესაც მოქმედია. ჰქონდათ გიმნაზია, სასულე ორკესტრი და 4 საფეხბურთო გუნდიც კი.

კვირა დღეები აკორდეონით

84 წლის ირა დობროვოლსკაია ჩემი მეზობელია. მას სხვებზე კარგად ახსოვს ,,ნემენცური სახლები” და ,,ნემეცკაია გიმნაზია” , სადაც ოდესღაც თავადაც სწავლობდა.

ახლა ქალბატონი ირა ყავარჯნით დადის. ძველი გერმანული ,,შიფონერკის” უჯრიდან ფრთხილად იღებს ჟურნალების დასტას. ,,Caucasus Caitung” – აწერია გახუნებულ ყდაზე დიდი ყვითელი ასოებით. ამ ჟურნალებში კავკასიელი გერმანელების ისტორიებია თავმოყრილი და 2002 წლამდე ქალბატონ ირას ყოველთვე უგზავნიდნენ შტუტგარტიდან. ჟურნალს ის გერმანელები გამოსცემდნენ, რომელთა წინაპრებიც 1941 წლამდე ბოლნისში ცხოვრობდნენ, მათ შტუტგარტში შექმნეს კავკასიელ გერმანელთა სათვისტომო, რომლის ფარგლებშიც, ერნესტ ალმენდინგერმა წიგნიც გამოსცა ,,კატარინენფელდი გერმანელთა სოფელი კავკასიაში“ და ის თავის წინაპრებს მიუძღვნა.

1992 წელს ბოლნისში მცხოვრები გერმანელები სათვისტომიოს გახსნაზე შტუტგარტში მიიწვიეს, მას შემდეგ ყველა გერმანულ ოჯახს ბოლნისში ჟურნალი ,,კაუკასუს ცაიტუნგი“ ეგზავნებოდა.

ქალბატონი ირა დიდრონი მუხისა და ფიჭვის მორებით გერმანულ ყაიდაზე ნაშენებ გრძელ და წრიულ აივანზე თავის შეზლონგში მოკალათდება, წითელ ვარდებიან პლედს ბეჭებზე მოიხვევს და მოყოლას იწყებს:

“კვირა დღეები მახსოვს განსაკუთრებით კარგად. ერთი კარგი მუსიკოსი იყო, ალექსანდრ რეიტენბახი, აივანზე გამოდგებოდა და აკორდეონს გადაშლიდა ხოლმე. მისი სახლი პარკთან იყო, აკორდეონის ხმას რომ გავიგებდით, ბავშვები ეგრევე პარკის ეზოში მოვგროვდებოდით. იქვე ლამაზად ჩაცმული ქალები თეთრ კალათებში ჩაწყობილი ცხელი ცუქერქუხენებით (გერმანული ტკბილეული) დადიოდნენ. ნამდვილი პატარა ევროპული ქალაქი იყო”.
კვირა დღე

ბავშვები ტიროდნენ და ძაღლები ყეფდნენ

82 წლის იულია ფერენგერი იხსენებს, რომ შემოდგომა იყო, როდესაც ერთ ღამეს მისი ბებია, ბაბუა და ბიძა გაუჩინარდნენ.

“კარზე ბრაგუნის დღესაც მეშინია. იმ ღამეს ძაღლების ყეფის, საქონლის ყმუილისა და ბავშვების ტირილის ხმა ერთმანეთში ირეოდა. ბავშვი ვიყავი, ვერ ვიგებდი, რატომ ტიროდა ყველა და რატომ დაიცალა ერთ საათში მთელი კატარინენფელდი; რატომ დავრჩით ჩვენ და რატომ წავიდნენ ისინი.
ზოგ სახლში სავახშმოდ გაშლილი სუფრა, ხელუხლებელი დარჩათ – ეს იყო წამების ღამე, რომელიც მთელი ცხოვრება არ ამომდის მეხსიერებიდან”.


მიტოვებული სახლი

ფერინგერის ოჯახი არ გადაასახლეს, იმიტომ რომ მისი გერმანელი მამა ადგილობრივზე იყო დაქორწინებული – იულიას დედა ბოლნისელი სომეხი ვაჭრის შვილი იყო.

გერმანელი კოლონისტებისთვის რეპრესიები საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში დაიწყო. 1935 წელს 600 გერმანელი აზერბაიჯანიდან კარელიაში გადაასახლეს. იმავე წელს საქართველოს ლუქსემბურგში ანუ ბოლნისში (საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში კატარენენფელდს როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს) 352 მცხოვრები დააპატიმრეს, გადაასახლეს ან მოკლეს.

1941 წელს კი, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სტალინმა მეხუთე კოლონის შიშით, ყველა კავკასიელი გერმანელი, რომელიც ადგილობრივზე არ იყო დაქორწინებული, ყაზახეთში ან ციმბირში გადაასახლა.

შემდეგ გაიცა ბრძანება, რომ ბოლნისში გერმანული კვალი წაეშალათ. გერმანული არქიტექტურით ნაგებ სახლებს ფორმას უცვლიდნენ, არღვევდნენ გერმანული სტილით ნაგებ აივნებს; მიწასთან გაასწორეს გერმანული სასაფლაო, რომლის ადგილას დღეს გერმანელ კოლონისტთა სახსოვრად მემორიალი დგას.

ლეიქუხენი და ცუკერქუხენი

თუმცა, გერმანული კვალის გაქრობა ბოლნისში არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მრავალი წლის შემდეგაც ის სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნობა ამ ქალაქის არა მარტო არქიტექტურაში, არამედ ბოლნისელების წესსა და ჩვეულებებშიც.

მაგალითად, ბოლნისში დღემდე აცხობენ გერმანულ ტკბილეულს ლეიქუხენსა და ცუკერქუხენს, რომლებსაც გერმანელები აღდგომას და შობას ამზადებდნენ.

ბოლნისში 10 წელზე მეტია გერმანული კულტურის ცენტრი არსებობს, ყოველ აღდგომის დღესასწაულს ცენტრში, კულიჩის ანუ პასკის მსგავსი ორცხობილა –ლეიქუხენის გამოცხობით ხვდებიან და ამით ძველი გერმანული ტრადიციის გაგრძელებას უწყობენ ხელს.
ლიანა ტარანოვას დედა გერმანელი ჰყავდა, ამიტომ ყველაზე კარგად ამ ტკბილეულების რეცეპტი მან იცის. მოსწავლეებიც კი ჰყავს, ახალგაზრდა ბოლნისელი გოგონები, რომლებსაც ცხობას ასწავლის.

,,ყოველი კვირა დილა კატარინენფელდში ,,კლოცკის სუპით” იწყებოდა, რის შემდეგაც ყველა გერმანული ოჯახი, ქალაქის მთავარ ლუთერანულ ტაძარში, მესაზე იკრიბებოდა. გერმანელებმა იცოდნენ არა მხოლოდ შრომის, არამედ გართობის ფასიც.
ამიტომაც დღესასწაულები აქ ყოველთვის განსაკუთრებული იყო – ქალაქში ორკესტრის ხმა არ წყდებოდა”, – იხსენებს ლიანა ტარანოვა, რომელიც კოლონისტი პედაგოგის ბერტა იოჰანეს მუხრერის ქალიშვილია.

ლიანას დედა კომუნისტების დროს გადასახლებას გადაურჩა, რადგან ქმარი რუსი ჰყავდა და ოჯახთან ერთად დატოვეს. თუმცა, სახლის ნაწილი წაართვეს და მხოლოდ ორი ოთახი დაუტოვეს.

ლიანას და მის დას – გიტის მოთხოვნის მიუხედავად სახლის ნაწილი არც კომუნისტების შემდეგ დაუბრუნეს. ახლა მათ უკვე ახალი მიზანი აქვთ – თუკი ბოლნისის გერმანული უბნის რეკონსტრუქცია დაიწყება, იქნებ ის ლუთერული ქირხე (ლუთერული ეკლესია, სალოცავი) აღდგეს, რომელშიც ახლა სპორტული კომპლექსია განთავსებული.

სამტრედეები და ახალი ბოლნისი


ბოლნისის გერმანულ უბანში სულ 300 სახლია, აქედან პირვანდელი სახით მხოლოს 156 –ია შემორჩენილი. 2015 წელს კულტურის სამინისტრომ გერმანული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პირველი ეტაპი დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ბოლნისში 12 შენობას მიენიჭა.

ასეთი სახლები საქართველოში სხვაგან არსად არის. გერმანელები ძალიან პრაქტიკულ სახლებს აშენებდნენ – ჰქონდათ ორსართულიანი სარდაფი და უნიკალური სხვენი. სარდაფს ისე აშენებდნენ, რომ წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა სულ 12-14 გრადუსია. ზოგ სარდაფებში დღესაც ინახება 200-წლოვანი კასრები.
ოთახებში მრგვალი ღუმელები ჰქონდათ ჩაშენებული. იქიდან ამოსული კვამლიც თავის საქმეს აკეთებდა – ზემოთ, სხვენისკენ ადიოდა და იქ დაკიდებული ღორის ხორცის ნაჭრები იბოლებოდა. გერმანელები განსაკუთრებულ შაშხს აკეთებდნენ.

ყველა სახლის სხვენს პატარა, სამკუთხა სამტრედე ჰქონდა ამოჭრილი. გადმოცემით ვიცი, რომ სხვენზე გერმანელები არა მხოლოდ შაშხს ბოლავდნენ, არამედ ყველს აშრობდნენ – დაძველებულ ყველს მატლი რომ არ გასჩენოდა, ყველა სახლს ჰქონდა სამტრედე.

ბოლნისელები გერმანული უბნის რესტავრაციის საკითხს განსაკუთრებული სიმწვავით ოთხ წელიწადში ერთხელ წამოსწევენ ხოლმე – როცა არჩევნებია. პოლიტიკოსებიც არ იშურებენ დაპირებებს, თუმცა საქმე წინ კი არა, პირიქით, დროის დამსახურებით, უკანაც კი მიდის.

არადა, თბილისიდან სულ რაღაც 64 კილომეტრით დაშორებული ეს ქალაქი ძალიან მიმზიდველი ადგილი შეიძლება გახდეს ტურისტებისთვის, ეს კი აქაურებს ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს.

მოსახლეობის ბოლო აღწერით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, ბოლნისში დღეს 8 ათას 967 ადამიანი ცხოვრობს. ეს მაშინ, როდესაც 1989 წელს 15 ათას 047 მცხოვრები იყო. უმუშევრობა, სოციალური პრობლემები და სიღარიბე ბოლნისშიც, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ტოვებენ ბოლნისს, რომ სამსახური იშოვონ.


წყარო: Jam-news


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."