სრული ინფორმაცია
დაბა კაზრეთში, 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს.
არსებულ საბავშვო ბაღში, შენობის ავარიულობის გამო აღმზრდელობითი პროცესი 2 წლის წინ შეჩერდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის მტკიცებით შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ადგილზე, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო პროცესში საჭირო გახდა ძველი საკანალიზაციო მილისა და სასმელი წყლის არსებული სისტემის გადატანა, რასაც თან დაერთო უამინდობა, რამაც გამოიწვია სამუშაოების გარკვეული შეფერხება, თუმცა ამ ეტაპზე ეს გამოწვევები აღმოფხვრილია და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მშენებლობას აწარმოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და როგორც ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
წყარო: ტელეკომპანია ,,იმედი"