Главная > სალომეს ბლოგი > იპოვე კომფორტი საკუთარ თავში

იპოვე კომფორტი საკუთარ თავში


9-11-2021, 12:15. Разместил: mariko

ერთმა ბრძენმა თქვა: -,,ისტორიამ ის გვასწავლა, რომ არავის ისტორიისგან არაფერი უსწავლიაო“. სხვამ რა მორალი გამოიტანა აქედან არ ვიცი, მაგრამ მე, გოგომ...ქალმა კი ერთი რამ ვისწავლე: არავინ გისმენს. თუ ძალიან გადაახურებ, კვერს დაგიკრავენ და ეგაა, ამით ამოიწურება;

 

სალომე აბულაძე, ბოლნისი

ვისწავლე ის, რომ ლაპარაკით ბევრს ვერას გახდები და აწონილ-გადაწონილ-გადაპრანჭულ-ფარდოვანი სიტყვები მხოლოდ გადაჭრის ზედაპირული გზაა იმ დიდი პრობლემისა, რომელსაც გენდერული უთანასწორობა ჰქვია.

 

ადამიანთა უმრავლესობა პირველ აბზაცში დაასრულებდა ტექსტის კითხვას. .. თუმცა თუ ჯერ არ დაგისრულებიათ გამომყევით. . . .

ქუჩის გამოკითხვიდან ერთი ქალის ნათქვამის ციტირება უნდა მოვიყვანო: ,,ისე ვზრდი ბავშვებს, როგორც მე გამზარდესო“. ჰა, როგორ გაგზარდეს? ... არ გიფიქრიათ, რომ რაღაც-რუღაც პათოლოგიები და ანომალიები დროულად თუ არ გამოსწორდა, ნორმად გადაიქცევა? ეს ჩემი დაკვირვების საფუძველზე შექმნილი თეორიაა.

რამდენჯერ მიცდია: - ,,სალო, მიდი შენი სიტყვით, შენი ბიძგით, შენი მოტივაციური გამოსვლით, შენი უზადო ენერგიით შეცვალე რაღაც, სიტყვა წააშველე ვინმეს, ვისაც,  უთანასწორობის მსხვერპლი ჰქვია და მიახვედრე რა არის "სწორი"... მაგრამ სწორი არის ჩემი და არის შენი. ზოგადი სწორი არ არსებობს.

ყველა თავისი ,,სწორით“ ცხოვრობს და ყველას თავისი სიმართლე აქვს. განა ისინი ცდებიან, ვინც ემსახურებიან? ან ისინი, ვინც იჩაგრებიან? ან ისინი, ვისაც გამოწერილი აქვს დედის გინება? არა, უბრალოდ, ყველა ნაგავსაყრელზე ბანაობს და მტკიცება იმისა, რომ ჩემი ნაგავი შენსას სჯობს, ნამდვილად უსარგებლო რამაა.

 

სულ ის სიტყვები მახსენდება ფილმიდან ,,იისფერი“ , -"საკუთარ თავს შეხედე: შავი ხარ, მახინჯი, ღარიბი და ქალი." ვიყურები სარკეში და ვფიქრობ: -,,მაქვს თავმომწონეობის საბაბი? კი, პირველ რიგში ის, რომ ქალი ვარ!“ მერეც ვუფიქრდები ჩემს ინტერესებს, ვაანალიზებ, ვინ ვარ? რა პიროვნება ვარ და თავაწეული გავდივარ ქუჩაში.

-იქით ქალს მიეჩქარება მეზობელთან, აგერ, შევარდა კიდეც უკვე.

- უი, ქმარი დაჰკიდებია... თავი ოდნავ დავხარე. გავაგრძელე გზა და ვაპყრობ ჩემს მეტყველ თვალებს გამვლელებს.

-ბიჭოს, ის ამბავი გამახსენდა, უაზრო წაკინკლაობის გამო"შეყვარებული" სადარბაზოში ძუკნასავით, როგორ ეპყრობოდა უბადრუკ გოგოს,  (ესეც ყბედების გზით მოვიდა ჩემამდე) და დაღონებულმა მზერა დაბლა დავხარე.

 

კიდევ ერთი გამახსენდა : იმ დღეს ვვარჯიშობდი.

კარგი, კონცერტი ჩაათავა ბინამ. მუსიკა არ დამჭირვებია, მათ რიტმებზე დავრბოდი. მერე, მე ხომ ზოგი ადამიანი გულში მივარდება, და თან როგორ! ხოდა გამახსენდა, რომ ასე, ჩემს ამოჩემებულ ადამიანებსაც უსწორდებიან- აწეული ხმის, პირადი სივრცის ქონის, გამუდმებული ღალატისგან გადაღლილობის გამო.

 

ცრემლი მომადგა-თქო, ვერ გეტყვით, რადგან მიჩვეული ვარ ასეთ რამეებს. ხოდა გავაგრძელე გზა. მერე ქუჩის ქალების საუბარს მოვკარი: "ტონი არ უნდა აეწია, კაცია მაინც, არ იცის მისი ხასიათი?" და მოიცა, ამდენს ასე ერთგვარი ხასიათი როგორ შეექნა? ზოდიაქოებში ემთხვევიან თუ?

 

საღამოს სეირნობის მერე სახლში დავბრუნდი. სარკეში ჩემი თვალებისთვის უნდა ჩამეხედა, რომელშიც დიდი სიბრძნე, მოთმინება, პირდაპირობა, სულის მშვენიერება უნდა ამომეკითხა. მაგრამ სად არის? ისე დავპატარავებულვარ, ისე მოვღუნულვარ წელში... სადღა ვწვდები ჭერს და სადღა ვასწრებ ჩემს გუშინდელ სიმაღლეებს? ისე დავუმძიმებივარ აქაურ ტვირთს, რას დავემგვანე... სიამაყე, თავმოყვარეობა, ღირსება... ყველა თვისება ჩემი აიქონი ქალისა მიწაში ჩამარხულა. ...

გავიღვიძე.

ჩემი კოლორიტული რუტინა, რომელიც ძალიან მიყვარს, იწყება. იოგა, ვარჯიში, მუსიკა, ჩემს მომავალზე ფიქრი, რომელსაც აწმყოთი ვქმნი, განწყობა, რომელიც ხვალინდელ დღეს წინამძღვრობს, და მე, რომელიც ბევრი დიდებული რამის უკან ვდგავარ. ვიძიებ თემას, რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას, ჭირდება ამ ხალხს, ჭირდება მათ ბურუსს გაცდენილი სხივების დასანახად და ვიწყებ გადაცემის ჩაწერას:

 

,,მოგესალმებით, რადიო WW-ის ეთერშია გადაცემა ,,პროაქტივი“ სალომე აბულაძესთან ერთად... განა, რას ვაკეთებ ამნაირს? რაში გამოიხატება ის სიკეთე, დიდებულება, უნიკალურობა? სმენა -სწორედ ამაში. მე ვიცი, რომ ბევრი მისმენს, ზოგი ერთში შეუშვებს და მეორედან გამოუშვებს; ზოგს ჭკუაში გაუჯდება, როგორც იტყვიან და ადგება, ხმასაც აწევს და მოქმედებასაც დაიწყებს მაშინ, როცა ეს ყველაზე საჭირო იქნება. განა რა საჭიროა უკიდურესობა? რატომ გვზრდიან ასე, რომ ერთი უნდა ყვიროდეს და მეორე დუმდეს; ერთი უნდა ახტებოდეს და მეორე უთმობდეს; ერთის აპოთეოზი მეორის წვა-განადგურებას, რატომ უნდა ნიშნავდეს?

სამყაროს მაგალითზე: იდეალურობის გარანტი ხომ ბალანსია; აიწონა დაიწონაზე შუაში ყოფნა, სადაც ჩემს სიტყვას და შენსას ერთი ფასი ექნება; თანაბრად იქნება დაცული ჩემი და შენი ინტერესები; ხმას აუწევ? პროპორციულად გაიზრდება ჩემი ხმა; დამანახებ სიმშვიდეს, ძალისხმევას, ჰარმონიას? უკეთესს შემოგთავაზებ.

 

"The worst thing we can do as a women is not stand up for each other, and this is something we can practise every day, no matter where we are and what we do",- amal clooney

- ყველაზე ცუდი რამ, რაც ჩვენ, ქალებს, შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ერთმანეთის გვერდში დგომაზე უარის თქმა, არადა ამის გაკეთება - #ქალებიქალებისთვის - ყოველდღე შეგვიძლია, რა მნიშვნელობა აქვს სად ვართ და რას ვაკეთებთ?

 

მე მინდა ვხედავდე გულწრფელ მეგობრობას, გულწრფელ მეზობლობას, ქალურ თანადგომას; არა შემფასებლურ მზერას და კრიტიკას, არამედ გაგებას, ემპათიას, თანაგრძნობას და დროულ მოქმედებას. რადგან მომავლის შესაქმნელად დღეს, აღარაა საჭირო იყო მორიგი მსხვერპლი. ვცდილობ ნებისმიერ საკითხს ორი მხრიდან შევხედო და დავინახო ამ სამყაროს ე.წ. "ლუზერებიც" და წარმატებული ადამიანებიც, ანუ ქალებიც, რომლებსაც დასცალდათ თავიანთი ლიდერული უნარ-ჩვევების გამოვლენა; ძლიერი პიროვნების დემონსტრირების საშუალება მიეცათ და საკუთარი ცხოვრების კარგად წარმართვის გარდა, სხვებსაც მიანიჭეს ბედნიერება.

პირველ რიგში, არ შემიძლია არ ვახსენო ბებიაჩემი, რომელიც ყველა გამოწვევას უკომპლექსოდ უდგება და მისთვის გენდერულ როლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან კარგია, როცა მსგავს სამაგალითო ადამიანს ოჯახში ხედავ. მისი საშუალებით მოვისაზრე, რომ სამყაროსთვის მაინც სულ ერთია შენი გენდერი. საქმე, რომელიც შენს ქმედუნარიანობას მოითხოვს არ მიჯნავს ერთმანეთისგან კაცის გასაკეთებელს და ქალისას.

მთელ რიგ შემთხვევებში, რაც ცხოვრების ვნებათაღელვებს უკავშირდება, ქალებს მებრძოლი სული უყალიბდებათ და კაცებზე მეტად შესწევთ უნარი დაუყოვნებელი რეაქციით გაუმკლავდნენ ყოველ ბარიკადს. ისინი უფრო მეტს ფიქრობენ, უფრო მეტს ნერვიულობენ, უფრო მეტი ადარდებთ და სწორედ ამიტომ, უფრო მეტს აკეთებენ. ბებიაჩემი კი სწორედ ასეთ ტიპს წარმოადგენს.

დიდი როლი აქვს საზოგადოების მშვიდ განვითარებაში TAXI WOMAN-ის ახლადშექმნილი კომპანიის დამაარსებლებს - ანა ჩანქსელიანს და ანა გამბაროვს. მათმა ინიციატივამ ქალებს ემგზავრათ უსაფრთხო ტრანსპორტში, ისეთში, სადაც თავიდან აირიდებდნენ უსიამოვნო ფლირტს ან შევიწროების მცდელობებს, წარმატებით შეისხა ფრთები და შეიქმნა კომპანია, რომელმაც ქალი მომხმარებლების გული უკვე მოიგო.

საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უტოპიური შეიძლება იყოს სამყარო იმ ცვლილებების შემდეგ, რომლებიც გვსურს, მაგრამ ეს სასიკეთო ცვლილებები არა საუბრით, ენის მოტეხვით, არამედ მოქმედებაზე გადასვლის უნარიდან იწყება.

ორ ანას კი - ადამიანებს, რომლებმაც მწარედ აღიქვეს ტაქსისტი კაცების მიერ ქალებზე ძალადობის მძიმე პრეცედენტები და მომავალში მათი განმეორების რისკები- უყოყმანოდ ჩამოაყალიბეს კომპანია, რომელიც ბევრ ქალს, ბევრ მოზარდ გოგოს, რომელსაც ყოყმანით აჯენენ ტაქსში მოსალოდნელი საფრთხის გამო, გული გაუხარეს.

 

ჩემთვის დიდი მნიშვნელობისაა The Body Shop Georgia და Forbes Women Georgiaს ახალი ერთობლივი პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, ქალურ სოლიდარობას მოიაზრებს. #ნუდამიწესებ კამპანიის ქვეშ ვეცნობით სხვადასხვა ასაკის გოგოების ისტორიებს, თუ როგორ შეიყვარეს საკუთარი თავი და სხეული, როგორ დაამარცხეს კომპლექსები, გაარღვიეს საზოგადოების მიერ დაწესებული სტანდარტები და იპოვეს კომფორტი საკუთარ თავთან. ჰეშთეგი #ნუდამიწესებ იმ ქალების ერთგვარი დემონსტრაციაა, რომლებმაც სტიგმატიზებული საზოგადობის ლიმიტები მოშალეს და თავიანთი ცხოვრება არა საზოგადოებაზე, არამედ ბედნიერებაზე ორიენტირებული გახადეს: ქალებმა, რომლებმაც ისტორიის მოყოლა დაიწყეს, გვაჩვენეს, რომ განსხვავებულობაში მდგომარეობს ჩვენი სილამაზე; ჭარბი წონაც ჩვენი არჩევანია და ჩვენი სხეულის ყოველი ნაკლი არანაირად  ამართლებს შეზღუდვებს, რომელსაც ჩვენს თავს ვუწესებთ. "ნუ დამიწესებ ვიყო შენნაირი"; "ნუ დამიწესებ ზღვარს"; "ნუ დამიწესებ ჩარჩოს"... ნუ დამიწესებ!

ხვალ ისევ გავიღვიძებ ჩემი კოლორიტული რუტინა, რომელიც ძალიან მიყვარს, ისევ დაიწყება. მე, რომელიც ბევრი დიდებული რამის უკან ვდგავარ. ისევ მოვიძიებ თემას, რომელიც ჭირდება ამ ქვეყანას, ჭირდება ამ ხალხს, ჭირდება მათ ბურუსს გაცდენილი სხივების დასანახად და ისევ დავიწყებ გადაცემის ჩაწერას და ისევ ვიტყვი ,,მოგესალმებით, რადიო WW-ის ეთერშია გადაცემა ,,პროაქტივი“ მე სალომე აბულაძე ვარ და #ნუდამიწესებთ . . . . . .

 

 


Вернуться назад