Главная > სალომეს ბლოგი > „მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში“

„მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში“


30-11-2021, 15:14. Разместил: mariko


"... ვაცნობიერებთ ადამიანის უდიდეს ძალაუფლებას და ვალდებულებას ურთიერთწინაშე, ვზრუნავდეთ უკეთესი გარეოს შექმნაზე. სახელმწიფოში, სადაც ფასობს ინდივიდი, როგორც უდიდესი ღირებულება, იზრდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და განცდა, რომ შესაძლო დახმარების შესაძლებლობის გაჩენისთანავე მზაობა გამოვაცხადოთ და ყოყმანის გარეშე შევუმსუბუქოთ სხვას ამქვეყნიური ყოფა..."

სალომე აბულაძე, კაზრეთი

სტატიას დასაწყისს ვციტირებ ჩემი მორიგი ნაშრომიდან, რომელიც აქტიურ მოქალაქეობას ეხება. ლოგიკურიცაა, რადგან ჩართულობა, რაზეც, პირადად მე, ყურცქვეტა და სასტარტო ნაბიჯზე ყოფნა მახსენდება, სწორედ აქტივიზმის ნაწილია.

ვინაიდან, ყველა გაურკვევლობის დასაწყისი ადამიანების მიერ ყველაფრის განსხვავებულად და სუბიექტურად აღქმაა, მოდი, დავიწყებ განმარტებით, თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ჩემთვის მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში და რითი გამოიხატება ის.

უდავოა, ყველას გაგვაჩნია რაიმე ფორმალური ვალდებულება, მაგალითად სკოლაში წასვლა, სამსახური და ა. შ, რასაც უთუოდ ვასრულებთ, თუმცა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია არ მგონია თვლიდეს, რომ ეს კმარა უტოპიურთან მიახლოებული, ჩვენგან ძალიან შორს არსებული სამყაროს შესაქმნელად.

დიდი ლიბერალი კაცი(რასაც ბევრი პროვოკაციად იყენებს დღეს) უნდა მოვიშველიო აქ, ილია, რომელიც კვერს დაუკრავდა ამ ჩემებურ განმარტებას: ჩემი აზრით, მოქალაქე, რომელსაც ესმის აქტივიზმის და ჩართულობის მნიშვნელობა თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცდილობს ყველა ეტაპზე მხარი დაუჭიროს ახალ წამოწყებას ან თვითონ გახდეს წამოწყების მიზეზი. ნუ, მიმიხვდებოდით, რომ წამოწყებაში არა დესტრუქციული ძალების ხელშეწყობას ან ნეოფაშისტური ორგანიზაციის დაარსებას, არამედ რესურსების მოძევას და მაქსიმალურ გამოყენებას  მოვიაზრებ საზოგადოებაში პროგრესული ცვლილებების შესატანად.

ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ ყველაფერზე და ამასობაში რეფერატიც კი მომზადდება, მაგრამ გამოცდილებას მივენდობი, და ვეცდები მკითხველს დავანახო ჩემი მოქალაქეობრივი ჩართულობის შემთხვევები; ვანახო ქმედება და არა მარტო სიტყვა!

მას შემდეგ, რაც პანდემიამ ყველას გადაგვიარა, მე და არაფორმალური განათლება დავმეგობრდით. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, თუ რამდენი რამის გაკეთება შემეძლო მე, სკოლის მოსწავლეს, რომელსაც დაუშრეტელი ვნება მკლავდა, მეტი მესწავლა, მეტი გამეგო, და მეტად სარგებლიანი ვყოფილიყავი იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც მიწევდა ცხოვრება. ვისწავლე ისეთი რაღაცები, რასაც სკოლა ვერც ახლა მასწავლის და, თუ ასე გაგრძელდა, ამ მიმართულებით ვერც მომავალში ახეირებს მოსწავლეებს.

ვინაიდან, წიგნები ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც დადებით ემოციებს აღგვიძრავს, დავიწყებ იმ პროექტის მოხსენიებით, რომელიც წიგნების ირგვლივ ცირკულირებდა და რომლის ერთ-ერთი ავტორიც მე ვიყავი. ჰელფინგ ჰენდის ორგანიზაცია ერთგვარად წამახალისებლად მოგვევლინა მოტივირებული ახალგაზრდებს. ჩვენ, პროექტის ავტორებმა კი შევძელით ერთდროულად ბენეფიციარებიც ვყოფილიყავით და სხვების ენთუზიაზმიც გაგვეზარდა.

"არაფორმალური განათლების კლუბი"ორმხრივ ინტერაქციას ეფუძნებოდა, რამაც განაპირობა ის, რომ ონლაინ რეჟიმშიც კი შევძელით საინტერესო გაგვეხადა შეხვედრები. შემეცნებითს საინტერესო და სახალისო არ გამოურიცხავს, რის გამოც დიდი ჩართულობით ხასიათდებოდა.

 

ბენეფიციარები კითხულობდნენ სხვადასხვა ჟანრის წიგნებს და მათ პრეზენტაციას აკეთებდნენ ყოველ ონლაინ შეხვედრაზე, ხოლო აქტუალური თემების ფილმებით გაშუქებით ისინი მეტად აცნობიერებდნენ საკითხებს და მრავალი რაკურსით უყურებდნენ პრობლემატურ "ქეისებს". მაგალითად მოძალადეს და ძალადობის მსხვერპლს, მის დრამატულ გავლენას საზოგადოებაზე; თუ სად იმალება ყოველი აგრესიის საწყისი და სად ვცდებით ჩვენ - ბრბო.

საგულისხმოა ორგანიზაცია "ახალგაზრდული იდეა", რომლის წევრიც გახლავართ. იგი პირდაპირ საშუალებად გვევლინება 14-29 წლამდე მოქალაქეებს არამარტო ფრთები შევასხათ ჩვენს იდეებს და დაფინანსება მოვიპოვოთ მათ განსახორციელებლად, არამედ თავად ვიყოთ ის "ჟიური", რომელიც კრიტიკულად შეაფასებს თითოეული იდეის განხორციელების საჭიროებას თემში. 

მოგეხსენებათ, აპათიურ დამოკიდებულებას მოქმედებისადმი აჩენს შესაძლებლობების არქონა; სურვილი, მაგრამ რესურსის დეფიციტი; ენთუზიაზმი, რომელსაც ხელშეწყობის ნაკლებობა კლავს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული იდეა შანსია, ყველა ახალგაზრდამ დაიკმაყოფილოს ღირებულის შექმნის ჟინი, რომლითაც არამარტო თემში შეიტანს სასიკეთო ცვლილებებს, არამედ შესაძლებლობების რეალიზებითა და გაანალიზებით, თუ რამდენი რამე შეუძლია ერთი შეხედვით პატარა "მეს", მეტად გაუზრდის თვითპატივისცემას და მოტივაციას.

ახალგაზრდული იდეა ლიდერული უნარ-ჩვევების ნამდვილად უმუშავებს ბენეფიციარებს, ვინაიდან ადრე რთულად წარმოსადგენიც კი იქნებოდა, მაგალითად 15 წლის ბავშვებით დაკომპლექტებულ მოსწავლეთა ჯგუფს ბოსტანი გაეშენებინათ სკოლის ეზოს ტერიტორიაზე. დღეს კი, ქვეყანაში, სადაც ფასობს სამოქალაქო საზოგადოება და მათი როლი, უკვე იზრდება სკოლის მოსწავლეთა აქტივიზმის დონე და წარმოუდგენელი არც არაფერია.

ბოლნისში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადგილობრივი სამაუწყებლო ორგანიზაცია RADIO WW ატარებს. იგი გამორჩეულია არა იმით, რომ მედია-ორგანიზაციაა, არამედ იმით, რომ მოხალისე ჟურნალისტები ავტორობენ ბევრ მრავლისმთქმელ გადაცემას; ისეთებს, როგორებიცაა "პროაქტივი", "არტტაიმი", "ექიმის რჩევა"...

რადიომ ჟურნალისტის სტატუსი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მომანიჭა, როცა დაწერილი ესეს საფუძველზე დამდო პატივი მისი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, იყო ჟურნალისტი, გულისხმობს გქონდეს აქტივიზმის მაღალი კოეფიციენტი, გსურდეს მეტ ინფორმაციას ფლობდე შენს გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ თავადაც მოგინდება იყო ბევრი ცვლილების თანამონაწილე. სწორედ ამიტომ ნამდვილი ჟურნალისტობა ჩემთვის ჩართულობასთან ასოცირდება, ვინაიდან ჩემი აქტივიზმი და ინტერესის დაუშრეტელი წყარო, რადიოში მრავალი თემის გაშლამ, საინტერესო პერსონებთან ინტერვიუებმა განაპირობა.


საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ ფაქტს, რომ იმ ქვეყნის მომავალი, რომლის აწმყოც საზოგადოების პესიმიზმის საგნად ქცეულა,   ახალგაზრდებზე დგას. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ახლადგაფურჩქნული გონების აზრებს, გაკეთებულ დასკვნებს, ცოდნას და დამაგვირგვინებელ მოქმედებას. პიროვნება იქმნება იმ წიგნებით, რომლებსაც იგი კითხულობს; ფილმებით, რომლებსაც იგი უყურებს; საზოგადოებით, რომლის ცოდნასაც ეზიარება და იმ შტრიხით, რომელსაც მოქმედება ჰქვია. დღეს საშუალება გვეძლევა არ შეგვზღუდოს ასაკმა და პირდაპირი გაგებით ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. ვინაიდან გვაქვს არჩევანის თავისუფლება: ის, რაც ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია. სწორედ აიტომ, შენზეა დამოკიდებული რომელ გზას აირჩევ: მოქმედებას თუ უმოქმედობას, წინსვლას თუ სტაგნაციას, ლიმიტირებას თუ ულიმიტო შესაძლებლობებს.

დასკვნის სახით კი მინჯდა მკითხველს მივმართო და დავარწმუნო: მართალია, რაღაც გაგებით, როცა ვამბობთ, რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს. შენ ხარ ამ ქვეყნის ცენტრი და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, თუ რამდენია დამოკიდებული შენზე! იცოდე შენი მნიშვნელობა და გახსოვდეს, თუ რამდენი ცვლილების უკან შეგიძლია იდგე!

 

 

 

 

 

 


Вернуться назад