აქტიური მოქალაქეობა - დემოკრატიული საზოგადოების მოწყობის მთავარი ინსტრუმენტი

ნანახია: 1 114
სრული ინფორმაცია

2021 წლის ივლისში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც აქციებზე მომხდარ მასობრივ ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება, ფარდა ახადა იმ ილუზიურად სასურველი ყოფის მანკიერ მხარეებს, რომელშიც ვცხოვრობთ.

პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის ნაკლებ მავნებელია, ვიდრე მოქალაქის აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში.”-შარლ ლუი დე მონტესკიეს ეს დებულება წარმოადგენს ჩემი ნაშრომის ფუნდამენტალურ პრინციპს: სწორედაც რომ, არაფერია იმაზე მძიმედ აღსაქმელი, ვიდრე ფაქტი, რომ ტერმინ მოქალაქეს ყველანაირი შინაარსობრივი ღირსება დაჰკარგვია. გამხდარა სიტყვა, რომელიც უბრალოდ ეროვნულ იდენტობას გვამცნობს, მაგრამ პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელსაც იგი გვაყენებს, ჩრდილში დამდგარა უსუსურად, მისი გამოყვანა ცნობიერების მაღალ საფეხურებზე კი ჭირს უკვე ერთი, ორი და, ვგონებ, მეტი ათეული წელია.

უშუალოდ მოქალაქიის დეფინიციამდე რომ დავიდეთ, გარდა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისა, იგი საზოგადოების ინტერესების პრიორიტეტულად განხილვასაც გულისხმობს. ეს უკანასკნელი კი ტაბუდადებული კოლექტიური ცნობიერების ნაწილად გარდაქმნას კი არ ემსახურება, არამედ იმ თემის ჩვენეულად გაგებულ პროგრესს, რომლის ნაწილიც ვართ.


"იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში" ადამიანური მოვალეობა კი არა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ხოლო პრეცენდენტს თუ დავუჯერებთ, საქართველოში მოქალაქის ჩართულობა - სამოქალაქო აქტივიზმი - ემოციურ ფონს უფრო გადის, ვიდრე ქმედითს. ანუ "არა ვიქმ ცოდნა რას მარგებს" ტენდენცია ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია და ადამიანები ახლა თუ გადიან აქტივიზმის გაცნობიერების ეტაპს.

    


  ახლა კი რა არის ის, რასაც ამხელა შესავალი გავუკეთეთ - აქტივიზმი, აქტიური მოქალაქეებისგან წარმოქმნილი სამოქალაქო საზოგადოება? ეს ის ყველაფერია, რაც სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის აქტიურ მიღებასთან, თანასწორობასთან, ხელისუფლების ძალაუფლების ზედოზირების პრევენციასა და მის მონიტორინგთან; საზოგადო, გინდ - გლობალური პრობლემების გაცნობიერება/აღმოფხვრის გზების ძიებასთან და უბრალოდ პლურალიზმთან, როგორც განსხვავებულის ჰარმონიულად მიღებასთან ასოცირდება.



ყოველივე ზემოთ ხსენებული კი რას წარმოადგენს, თუ არა დემოკრატიას? შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ადამიანების კონსტიტუციური უფლებების გაძლიერებას და, რაც მთავარია, ქმედუნარიანობის, როგორც უდიდესი შესაძლებლობის აღქმას გულისხმობს ისე, რომ პიროვნებამ, მოქალაქემ და შემდგომ მოქალაქეთა ერთობლიობამ სრულყოფილად შეძლონ რეალიზებული ცხოვრების წარმართვა.

რადგანაც სამოქალაქო საზოგადოება არ გულისხმობს ერთეულ წევრებს, არამედ სოლიდური რაოდენობის მოქალაქეებს, იგი უკვე იარაღად გარდაიქმნება, რომელსაც ყოველდღიურობის შეცვლა ორი რადიკალური მიმართულებით - უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შეუძლია. სწორედ ამიტომ გავდივართ პიროვნული განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე - სწორედ იმ ნაწილზე, რა დროსაც იწყება კრიტიკული აზროვნება. ვინაიდან, ხშირად დაბადებიდან უკვე ნაწილი ხდები იმ რელიგიისა, რომლის ნაწილიც შენი ოჯახია; ვინაიდან ზოგი საკითხის განხილვა აკრძალულია ოჯახური ფასულობების გამო ან საერთოდ უარყოფილია განსხვავებული აზრი, რადგან ოჯახის უხუცესი წევრისთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი რამ, მნიშვნელოვანია გაცნობიერების ეტაპი - მიწაზე სიარულიდან ჰაერში ფრენაზე გადასვლა - რა დროსაც შენ ხდები დამოუკიდებელი აზროვნების მქონე; ხდები  მაქსიმალურად ობიექტური და მიუკერძოებელი; სვამ კითხვას; საზოგადოებაში ამბობ არა დედაშენის არგუმენტს, თუ რატომაა ფასეული, მაგალითად, ლიბერალურ ღირებულებებზე მოწყობილი საზოგადოება, არამედ შენს მიერ ლოგიკურად მისულ არგუმენტს გვამცნობ, რომ ლიბერალურ საზოგადოებას შეუძლია თავისი ინიციატივითა და მონდომებით დამოუკიდებლად შეძლოს უბნის დაზიანებული რესურსის აღდგენა; ლიბერალურ საზოგადოებაში არ ვისმენთ წუწუნს, რომ რაიმე არ მოგვწონს, ჩვენ ვხედავთ მოქმედებას და აქტივიზმს, რომელიც გადამდები ხდება!

და აი, მივედით მოხალისეობამდეც! ის, რითაც ვაანალიზებთ, რომ სიკეთე შესაძლოა უანგარო იყოს ადამიანური ემოციებით სავსე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დატვირთულ საზოგადოებაში. მოხალისეობა, რომელიც ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ნორვეგიაში, კულტურის ნაწილია, კვლავ უცხო ხილი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება მთავრობის ხელში უფროა თავმოყრილი, ვიდრე ხალხის; სადაც ხალხს უფრო ეშინიამთავრობის, მანამ, სანამ პირიქით უნდა იყოს...

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზოგჯერ ერის თვითმყოფადობას და მის იდეოლოგიურ ხასიათს გადამწყვეტ მიმართულებას აძლევს: რომ არა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც სათავეში უდიდესი ლიბერალი ადამიანი, ილია ედგა, ქართველი, როგორც სიტყვა, შესაძლოა აღარც ყოფილიყო ხმარებაში; დამწერლობა კი, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, წარსულ დროში იქნებოდა მოხსენიებული. მაგრამ... არის კიდევ ერთი მაგრამ: სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ შექმნა იტალიასა თუ გერმანიაში ფაშისტურ-ტოტალიტარული რეჟიმის სახელმწიფო ფუნდამენტი, რამაც დემოკრატიას კი არ მისცა ფართო გზა, არამეს მის ანტიპოდს...

არ უნდა დაგვავიწყდეს რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება დღეს: იგი ხომ განსხვავებული კულტურისა და რელიგიის ადამიანების პატივისცემას აქეზებს იმ შემთხვევაშიც, თუ საქმე უმცირესობას ეხება; ის გვასწავლის რომ ორი ძვირადღირებული ღვინო კი არ უნდა შევურიოთ ერთმანეთში, რათა არც ერთი დავჩაგროთ და არც მეორე, არამედ პირიქით - ორივეს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და შეგვეძლოს აღქმა ღვინის ორივე ტიპის სპეციფიური სილამაზისა.


საბოლოო დასკვნად კი იმის თქმა შემიძლია, რომ პიროვნებას, ერთს, რომელსაც აქვს სასიკეთო ცვლილებების დასაწყისად გახდომის პოტენციალი, დიდი როლი აკისრია სახელმწიფოში, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა აგრესიისა და მთელი რიგი ნეგატიური დამოკიდებულებებისა, რაზეც ხშირად აპელირებენ, სიკეთეც გადამდებია... გადამდებია იმედი, რომ ხვალინდელი დღე დღვევანდელზე მეტად იქნება სიყვარულით სავსე; გადამდებია მოტივაცია იმისა, რომ #არგაჩერდე და იმუშაო საზოგადოებისთვის, იცხოვრო იმ გარემოსთვის რომლის ნაწილიც ხარ და გახდე უკეთესი მასთან ერთად.

2021 წლის ივლისში მომხდარმა მოვლენებმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერს თავისი ფასი და მსხვერპლი გააჩნია - მათ შორის წლების განმავლობაში ნაგროვებ ზიზღს, რომელსაც ნაღმზე დადებული ფეხის აღება ჭირდება გრანდიოზული აფეთქებისთვის.


აქედან გამომდინარე, თუ კიდევ ვერ ხედავთ ჯაჭვს და ლოგიკურ ბმებს ჩემს მიერ განხილულ ცნებებს შორის, ასე გეტყვით: თითოეული ინდივიდის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გარემო, რომელშიც იგი იზრდება. ამაში სამყაროს სამართლიანობა მოიკოჭლებს - ყველას ვერ ერგება კეთილმოწყობილი ბინა და უსაფრთხო სივრცე, რაც გავლენას ახდენს თითოეული პიროვნების თვითგამორკვევის პროცესზე. სწორედ ამიტომ აქვს გადამწყვეტი როლი იმ ეტაპს, როცა ვიწყებთ კრიტიკულ აზროვნებას და მონაცემთა ანალიზს; ფიქრს, რომ უკეთესობისკენ რაიმეს შეცვლა ძალისხმევის შედეგია, არათუ თავისთავადი პროცესი. ამ დროს ვაცნობიერებთ ადამიანის უდიდეს ძალაუფლებას და ვალდებულებას ურთიერთწინაშე, ვზრუნავდეთ უკეთესი გარეოს შექმნაზე. ამის მიღწევა კი რთულია იქ, სადაც დემოკრატია არ წარმოადგენს ხელისუფლების განხორციელების ფუნდამენტალურ პრინციპს. სახელმწიფოში, სადაც ფასობს ინდივიდი, როგორც უდიდესი ღირებულება, იზრდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და განცდა, რომ შესაძლო დახმარების შესაძლებლობის გაჩენისთანავე მზაობა გამოვაცხადოთ და ყოყმანის გარეშე შევუმსუბუქოთ სხვას ამქვეყნიური ყოფა. ბოლოს და ბოლოს,  დემოკრატიას ხომ არ აქვს ფერი, ის სპექტრია" ...


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."